ინტერვიუები

15:44 | 7.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "ორი თვეც და... ალბათ, სხვა ქვეყნისკენ"

აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორმა" გასულ ტურში უშუალო კონკურენტ "ქარაბიუქსფორთან" სტუმრად 1:2 წააგო და სუპერლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება. სამსუნელები ბოლოსწინა პოზიციაზე არიან, ლიგიდან სამი გუნდი ვარდება და ბოლოდან მეოთხეზე მყოფ "გაზიანთეფსფორს" 6 ქულით ჩამორჩებიან.
ხუბუტია გასულ ტურშიც სათადარიგო იყო და უთამაშებელი დარჩა. უკვე ბევრი მატჩი გაუცდა საქართველოს ნაკრების მცველს.
"მსოფლიო სპორტი" აკაკის თურქეთში დაუკავშირდა:
- 14 მატჩი ჩავატარე, მაგრამ ეს ბევრი არაა. როცა ხედავ, რომ თამაშს იმსახურებ და ასე არ ხდება, ძალიან საწყენია. რაც უნდა იყოს, "სამსუნსფორში" კარგი გამოცდილება შევიძინე. სავარაუდოდ, ორი თვეღა გავჩერდები აქ.
- ასეთი კონკურენციაა "სამსუნსფორის" დაცვაში? როგორც ვიცით, ბრაზილიელები გყავთ და ისინიც ვერ თამაშობენ.
- მე, ბაია და ვალდომირო ბოლო მატჩებში სკამზე ვართ. როდესაც გუნდი ერთ თამაშში ოთხ ბურთს უშვებს და მეორეში სამს, წესით, რაღაც კორექტივები უნდა მოხდეს დაცვაში, მაგრამ არა – აქ სხვაგვარადაა.
- რუმინულ "გაზ მეთანს" ეკუთვნით და თურქეთში განათხოვრებული ხართ სეზონის ბოლომდე. ისევ რუმინეთში გააგრძელებთ კარიერას?
- ჩემი უთამაშებლობის მთავარ მიზეზად სწორედ ის მიმაჩნია, რომ იჯარით ვარ გუნდში და სავარაუდოდ, არ დავრჩები. სეზონის ბოლოს ფორმალურად დავბრუნდები "გაზ მეთანში", თუმცა იქ თამაშს არ ვაპირებ. მართალია, რუმინულ კლუბთან 2013 წლამდე მაქვს კონტრაქტი, მაგრამ გარკვეული შემოთავაზებები არის ევროპის სხვა ქვეყნიდან, უფრო ძლიერი ლიგებიდან. დრო საკმაოდ მექნება, რათა სხვაგან გავაგრძელო კარიერა. 8 აპრილს თურქეთში 34 ტური მორჩენილი იქნება და 8 გუნდი ცალკე გააგრძელებს ბრძოლას მაღალი ადგილებისთვის. "სამსუნსფორს" ეს უკვე აღარ ეხება.
- კონკრეტულად ვერ იტყვით, რა გუნდებზეა ლაპარაკი?
- ჯერ თავს შევიკავებ.
- ამასობაში, "სამსუნსფორი" გავარდნის პირასაა.
- 9 ტური დარჩა და უახლოესი ორი თამაში ბევრს გადაწყვეტს: შინ "ესქიშეჰირსფორთან" და სტუმრად "ანთალიასფორთან", რომელიც ბოლო ადგილზეა.
- თურქეთის ლიგა ბევრად სჯობს რუმინეთისას?
- შესამჩნევად სჯობს. აქ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და თამაშის ხარისხიც მაღალია.

ბოლოს ხუბუტიამ კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლის თაობაზეც თქვა: "კახას ყველასგან დიდი მადლობა ეკუთვნის. ჩემთვის დიდი პატივი იყო ნაკრებში მასთან ერთად თამაში. შარშანწინ სლოვენიაში მქონდა სანაკრებო დებიუტი და კალაძესთან ერთად მომიწია დაცვის ცენტრში გამოსვლა. წარმოუდგენლად დამეხმარა. როდესაც პირველ მატჩს ასეთი ფეხბურთელის გვერდში ატარებ, შენზე დადებითად მოქმედებს".

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174643