ინტერვიუები

10:09 | 22.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "ვფიქრობ, პირველი გამოცდა კარგად ჩავაბარე"

“ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე. ძლიერი გუნდი დავამარცხეთ და ბევრნი მილოცავენ. გამომიძახებენ თუ არა ეროვნული ნაკრების მომდევნო მატჩებში? ეს თემურ ქეცბაიას გადასაწყვეტია” – თქვა რუმინული “გაზ მეთანის” მცველმა აკაკი ხუბუტიამ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში. 24 წლის ტანმაღალ ხუბუტიას 17 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა ქვეყნის მთავარ ნაკრებში და უმრავლესობის აზრით, კარგადაც ითამაშა. 90 წუთი გაატარა მინდორზე და მთავარი მისია - სლოვენიელთა ყველაზე სახელიანი ფორვარდის, მილოვიე ნოვაკოვიჩის განეიტრალება - შეასრულა.  
აკაკის რუმინეთში დავუკავშირდით. ცნობისთვის, მისმა “გაზ მეთანმა” პარასკევს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე “კლუჟს” სტუმრად 1:1 ეთამაშა, თუმცა, ქართველმა ტრიბუნიდან უყურა მატჩს – პარასკევს გამთენიისას ჩავიდა რუმინეთში და თამაშს ნამდვილად ვერ შეძლებდა, ისე კი, ხუბუტია წარმატებულ სეზონს ატარებს, გუნდში მუდმივად შეუცვლელად თამაშობს...

- როგორ შეაფასებთ სლოვენიურ მატჩს და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?
- მთლიანად გუნდმა ითამაშა კარგად, სლოვენიასთან სტუმრად მოგება სახუმარო ნამდვილად არაა. პირველი მატჩი ჩავატარე ნაკრებში, თანაც, ასეთ ძლიერ გუნდთან და ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიყურებოდი.
- არჩილ არველაძემ თქვა თქვენზე - კარგად ითამაშა, მაგრამ მეტიც შეუძლიაო.
- ვეთანხმები. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და მეტი რომ შემიძლია, ამას ნამდვილად დავამტკიცებ. არჩილ არველაძეს კი მადლობას ვუხდი შეფასებისთვის.
- შეცდომებზეც ვილაპარაკოთ...
- საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, მატჩის შემდეგ ყოველთვის ვაანალიზებ ჩემს თამაშს. აქ, ალბათ, პირველ ტაიმში ჩვენს კართან შექმნილ მომენტზეა საუბარი, როდესაც ბურთი გავატარე და ლორიამ ნოვაკოვიჩს ახლოდან აუღო. კიდევ ვიმეორებ, თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. ერთადერთი, ჩაწოლით შეიძლებოდა ბურთს მივმწვდარიყავი, მაგრამ ისიც ან მივწვდებოდი, ან – ვერა. ბურთი ძალიან სწრაფად მოდიოდა და არაა გამორიცხული, საკუთარ კარში შემეგდო. მეორეც, ლორიას ხმა მომესმა, გაატარეო. მართლაც, ბურთი მეკარის ბაქანში მოდიოდა... ამ მომენტს რამდენჯერმე ვუყურე და იმიტომ ვამბობ ასე დაბეჯითებით, რომ იმ მომენტში არ დამიშვია შეცდომა. თანაც, კალაძე ცენტრში იყო და მე დედიჩი უნდა ამომეკეტა. სხვა მხრივ კი, უშეცდომო არავინაა, მაგალითად, გრძელი პასები გამიცუდდა რამდენჯერმე.
- დაცვის ცენტრში კახა კალაძესთან ერთად თამაშობდით. რამდენად გრძნობდით მის თანადგომას?
- კალაძესთან წყვილში თამაში დიდი გამოცდილება და სტიმულია. თვითონ კალაძეა დიდი ფეხბურთელი და იმიტომ. მარტო მე კი არა, ყველა ახალგაზრდას ბევრს შემატებს კახასთან ერთად თამაში.
- ისე ჩანდა, რომ ცენტრალურ მცველებზე და მეკარეზე ძალიან დიდი დაწოლა მოდიოდა. დამღლელი თამაში იყო, ხომ?
- დიახ, ეს მომენტი იყო. ლორიამ ძალიან იყოჩაღა, სამი-ოთხი ისეთი ბურთი აიღო... მათ შორის, პენალტი, რომელიც ჩემი აზრით, არასამართლიანად დანიშნა მსაჯმა.
- ნოვაკოვიჩს პერსონალურად მეურვეობდი...
- ქეცბაიას დავალება იყო, სტადარტულების დროს პერსონალურად გვეთამაშა. მაგალითად, “გაზ მეთანში” ზონურად ვმეურვეობთ, ნაკრებში კი ასე არ იყო. ვფიქრობ, ქეცბაიას მეთოდი უფრო გამართლებულია. მოკლედ, მე ნოვაკოვიჩს ვეთამაშებოდი პერსონალურად და მგონი, კარგად გავართვი თავი ამოცანას.
- ერთ მომენტში ნოვაკოვიჩთან რაღაცაზე კამათობდით. კერძოდ?
- არ ვიცი, სპეციალურად თუ შემთხვევით, მაგრამ იდაყვი მომარტყა. გავაფრთხილე, რომ ასე აღარ გაეკეთებინა. თამაშის მერე კი, მოგება მომილოცა.
- ქეცბაიამ შესვენებაზე რა გითხრათ?
- უფრო ყურადღებით თამაში დაგვავალა. ნახევარმცველებს უთხრა, უფრო მეტად ეაქტიურათ, რადგან დაცვაზე დიდი დაწოლა მოდიოდა.
- როგორ ფიქრობ, მომდევნო მატჩებისთვის გამოგიძახებთ ქეცბაია?
- მე ყოველთვის მზად ვარ, დანარჩენი კი ქეცბაიას გადასაწყვეტია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და თან, ასეთ ძლიერ გუნდს სტუმრად მოვუგეთ. კლუბში ყველა მილოცავდა და ახლაც მომდის მოლოცვები. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს კარგი მომავალი აქვს, ახალგაზრდებმა ამ მატჩშიც კარგად წარმოაჩინეს თავი. გვყავს თავისი საქმის კარგად მცოდნე მწვრთნელი, ქეცბაიას რუმინეთშიც მშვენივრად იცნობენ და აფასებენ.
- ახლა კლუბზეც – “გაზ მეთანი” ნაკლებად სახელიანი კლუბია, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში ხართ. რა მიზნები გაქვთ?
- სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა იგეგმებოდა. ახლა კი, მადა ჭამაში მოდისო, ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. I წრე მთავრდება და ისეთ კლუბებს ვუსწრებთ, როგორებიც “სტიაუა”, “დინამო” და “კლუჟი” არიან.
- რის ხარჯზე? რამდენადაც ვიცით, “გაზ მეთანი” არცთუ მდიდარი კლუბია და მწვრთნელი კრისტიან პუშტაიც არაა დიდი რეგალიების მქონე სპეციალისტი...     
- დისციპლინა და რა თქმა უნდა, მონდომება. ტაქტიკურად სწორად ვთამაშობთ და ძლიერი დაცვა გვყავს. მე 193 სანტიმეტრი ვარ, თუმცა. ორი მცველი ჩემზე მაღალიცაა – ერთი 194, მეორე კი 205 სანტიმეტრია. რაც შეეხება პუშტაის, ადგილობრივი კაცია, მედიაშელია, ფეხბურთელობისას რუმინეთის უმაღლეს ლიგაში უთამაშია. პუშტაიმ 4 წლის წინათ ჩაიბარა “გაზ მეთანი”, უმაღლეს ლიგაში გადმოიყვანა და დაამკვიდრა კიდეც. ეს კლუბი და მისი სტრუქტურა ზეპირად იცის. სხვათა შორის, პროფესორის დიპლომს ფლობს მათემატიკის დარგში და “პროფესორ პუშტაის” ეძახიან.
- რუმინეთის ჩემპიონატი დაძაბული რომ არის, ეს აშკარაა. სხვა მხრივ, რა შეგიძლია თქვა?
- “კლუჟი” რომ ლიდერებს ვერ მიახლოვებია, აქედანაც ჩანს, რამდენად დაძაბული ჩემპიონატია. უმაღლეს ლიგაში 18 გუნდია და აქედან 10 ძალიან ძლიერია ფინანსურად, მოჰყავთ არგენტინელები, ესპანელები, ბრაზილიელები. შოტლანდიის, შვეიცარიის, სერბეთის და ასეთი ქვეყნის ჩემპიონატებს სჯობს. სერბეთის საუკეთესო კლუბების - “პარტიზანისა” და “ცრვენა ზვეზდას” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები რუმინეთში მოდიან და ბევრი მათგანს არც უწევს თამაში. აქ ყველა ყველას ბოლომდე ეთამაშება, საშუალო დონე მაღალია.
- თქვენ ხომ არ ფიქრობთ კლუბის შეცვლაზე?
- კლუბში ითქვა, რომ გერმანიიდან ყოფილა ჩემზე დაინტერესება. უკითხავთ, რამდენხნიანი კონტრაქტი მაქვს და ასე შემდეგ. თუმცა, მე მთლიანად თამაშზე ვარ კონცენტრირებული. თუ უკეთესი კლუბის ვარიანტი იქნა, წასვლაზე ვიფიქრებ, რატომაც არა?

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.12554