როგორც “მსოფლიო სპორტის” მკითხველისთვისაა ცნობილი, “შსს აკადემიამ” ახლახანს 27 წლის ხორვატი ცენტრალური თავდამსხმელი ალენ ტრეპალოვაცი დაიმატა, რითაც ლიმიტი ამოწურა - 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე კლუბი ახალ კალათბურთელს ვეღარ დაიმატებს. ტრეპალოვაცს ბოსნიაში, საფრანგეთში, კვიპროსში, იტალიაში, კოსოვოში, ავსტრიასა და რაღა თქმა უნდა, ხორვატიაში აქვს ნათამაშები, რის შედეგადაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მასთან საუბარიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა:
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
- იმიტომ, რომ კარგი შესაძლებლობა მომეცა და გამოვიყენე. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ამიტომ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა საქართველოში უპირველესყოვლისა კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედი.
- ახსენეთ, რომ ბევრ ქვეყანაში გითამაშიათ და სად მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა, თუმცა ხორვატი ვარ და ყველაზე კარგად თავს სწორედ ხორვატიაში ვგრძნობ.
- თანაგუნდელების შესახებ რას იტყვით?
- პიროვნული თვისებების შესახებ, სამწუხაროდ, ვერაფერს, რადგან ახალი ჩამოსული ვარ. თუმცა ცხადია, რომ შეთამაშება გვაკლია, რაც ბუნებრივიცაა. განსხვავებული ქვეყნების წარმომადგენლები ვართ, ჯერ კარგად ერთმანეთს არც ვიცნობთ, ამიტომ ერთ დღეში ვერ შევთამაშდებოდით. საერთოდ ყველაფერს დრო სჭირდება, მით უმეტეს, როცა საქმე კალათბურთს ეხება. იმედია, შეთამაშებისთვის დიდი დრო არ დაგვჭირდება და სულ მალე ისეთ გუნდად ვიქცევით, როგორიც საჭიროა.
- მწვრთნელზე რა აზრის ხართ?
- ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მყოლია. გიორგოსი კალათბურთში ძალიან კარგად ერკვევა და ცდილობს, ყველას ინდივიდუალურად მიუდგეს. თუმცა იმის გარდა, რომ შეთამაშება გვაკლია, ჩვენი გუნდის კალათბურთელთა უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდა - 23-24 წლისაა და შესაბამისად, გამოცდილება აკლიათ. მაგალითად, ჯასტინ ტაბსი და ენტონი მუდი საქართველოში სათამაშოდ პირდაპირ კოლეჯის დასრულების შემდეგ ჩამოვიდნენ. კოლეჯის კალათბურთის დონე კი, დასავლეთევროპული საკალათბურთო დონისგან ძლიერ განსხვავდება. ლარი ბლერსა და ტრეისი სმიტს ევროპაში ასპარეზობის ერთწლიანი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს არასაკმარისია, რადგან ევროპული კალათბურთი ამერიკულისგან ძალიან განსხვავდება. ევროპაში აქცენტს ძლიერ, დაცვით თამაშზე აკეთებენ, სადაც პასის მიცემასა და ჭკვიანურ სვლებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამერიკული კი მთლიანად სანახაობასა და ბურთების ჩატენვაზეა გათვლილი. აქედან გამომდინარე, ევროპაში უფრო გუნდურ კალათბურთს თამაშობენ, რომელშიც უკლებლივ ყველა მოთამაშე მონაწილეობს, ამერიკულ კლუბებში კი, ძირითადად 2-3 კალათბურთელი ასპარეზობს.
- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, უპირატესობას ალბათ ევროპულ კალათბურთს ანიჭებთ...
- ნამდვილად. ამერიკული კალათბურთი საერთოდ არ მომწონს და შესაბამისად, არც ფავორიტი ამერიკული გუნდი ან მოთამაშე მყავს, რადგან NBA ჩემთვის კალათბურთი არაა, NBA მხოლოდ სანახაობა და ბიზნესია.
- შაბათს მიმდინარე სუპერლიგის ლიდერმა “არმიამ” საკმაოდ დიდი ანგარიშით დაგამარცხათ, რასაც, ვფიქრობ, არავინ ელოდა. როგორ მიგაჩნიათ, მომავალში ხსენებული გუნდის დამარცხებას შეძლებთ?
- არის საკითხები, რომელზე საუბარი არც მსურს და არც შემიძლია. ამ საკითხების მოგვარების შემთხვევაში, შესაძლოა, დავამარცხოთ კიდეც, თუ არადა ძალიან გაგვიჭირდება. გარდა ამისა, “არმია” კარგი კლუბია, თუმცა მიმაჩნია, რომ გამარჯვებაში მიეხმარნენ. იმედია, მომავალში ყველაფერი გამოსწორდება და ნორმალურად ასპარეზობის საშუალება მოგვეცემა.
- რომელი კალათბურთელი მოგწონთ?
- ევროპაში ბევრი კარგი კალათბურთელია, თუმცა ვერცერთს ვერ გამოვყოფ.
- რა არის თქვენი, როგორც კალათბურთელის, მიზანი?
- ჩემი მიზანი, ევროლიგის რომელიმე გუნდში დაბრუნებაა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ. შესაძლოა, სურვილის ასრულებაში “შსს აკადემიაც” დამეხმაროს, თუმცა ევროლიგაში მოსახვედრად საქართველოს ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება.
- რა პროფესიას აირჩევდით, კალათბურთელი რომ არ გამოსულიყავით?
- გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ფიზიკურმა მონაცემებმა არ შემიწყო ხელი (ალენის სიმაღლე 215 სანტიმეტრია) და ჩემმა ფეხბურთის მწვრთნელმა მირჩია, სიმაღლის შესაფერისი პროფესია ამერჩია.
რუსუდან ჭუმბურიძე









