ინტერვიუები

15:12 | 4.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: “შალკესთან” მატჩში შემადგენლობას გადავახალისებ

“ბარსელონას” მსგავსად, “მანჩესტერ იუნაიტედიც” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და გულშემატკივრებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ორი წლის წინანდელი გადამწყვეტი მატჩის “რემეიქის” ხილვა გველის. “შალკესთან” დღეს გასამართ მატჩში, ოლდ ტრაფორდელთა შოტლანდიელი დამრიგებელი შემადგენლობის ცვლილებას გეგმავს, თუმცა, მაქსიმალური შედეგის მიღწევას “წითელი ეშმაკები” ამ ღამით გელზენკირხენელებთანაც შეეცდებიან და “ჩელსის” წინააღმდეგ პაექრობის დროსაც, პრემიერლიგის მომდევნო შეხვედრაში.

- პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, უეინ რუნის ტრავმა აწუხებს და მას გელზენკირხენელთა წინააღმდეგ სათამაშოდ არ გაიყვანთ...
- უეინს სამშაბათს არ უვარჯიშია. მას მუხლის მყესები აქვს დაჭიმული, ამიტომაც არ გავრისკე და დასვენების საშუალება მივეცი. ვნახოთ, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება იგი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მისი მინდორზე “შალკესთან” ყოფნა-არყოფნის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. სამაგიეროდ, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში დარენ ფლეტჩერი ითამაშებს. იგი მონდომებით ვარჯიშობს და სამატჩო განაცხადში აუცილებლად მოხვდება.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, დიდი ალბათობით, გარანტირებული გაქვთ. ინგლისური პრემიერლიგის მორიგ მატჩში კი ლამის პირველობისთვის გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება მოგიწევთ ლონდონურ “ჩელსისთან”. ორივე მატჩში ერთი და იგივე შემადგენლობით აპირებთ ასპარეზობას?
- ორივე შეხვედრა ჩვენთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს, თუმცა, საშემადგენლო როტაციას აუცილებლად მივმართავთ. ეს ძალების გადაჯგუფებასა და ენერგიის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. “შალკეს” წინააღმდეგ თამაშისას, პოლ სქოულზი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება. ძირითადში იქნებიან დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენიც. როგორც ხედავთ, წინახაზელები ჩამოვთვალე, აი, დაცვის ხაზში კი ექსპერიმენტების ჩატარების დრო არაა. ეს ყველაზე მგრძნობიარე რგოლია და სეზონის გადამწყვეტ მომენტში მისი ცვლილება არასასურველია.
- მიმდინარე სეზონის ფინიშზე “მანჩესტერ იუნაიტედი” გადაღლილი ხომ არაა?
- ყოველწლიურად რამდენიმე ფრონტზე გვიწევს ბრძოლა და ამგვარი რამ ჩვენთვის ახალი არაა. იგივე მდგომარეობაში ვიყავით შარშანაც. მაშინ დიდძალი ენერგია შევალიეთ “ჩელსისთან” დაპირისპირებას, რაც შემდგომ მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” ორი მატჩის ჯამში წაგების ფასად დაგვიჯდა. თუმცა, გადაღლა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა. ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტმა გასულ უიკ-ენდზე თავიანთი ეროვნული პირველობის მატჩები წააგო. როგორც ხედავთ, საშინაო და საერთაშორისო არენაზე ერთდროულად წარმატებით გამოსვლა უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბვას მოითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე “შალკესთან” საპასუხო მატჩში შემადგენლობის გადახალისება.
- სეზონის დაწყების წინ თუ ფიქრობდით, რომ ფინიშზე “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური კანდიდატი იქნებოდა?
- ჩვენ ყოველწლიურად ანალოგიურ მიზანს ვისახავთ, მოვლენათა ამგვარი განვითარება კი მოულოდნელი არა, მაგრამ ფრიად სასიხარულოა. ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური ორთაბრძოლა გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით გვაქვს მოგებული, პრემიერლიგაში ძირითად კონკურენტ “ჩელსის” კი ფინიშამდე სამი ტურით ადრე ამდენივე ქულით ვუსწრებთ და მომდევნო საასპარეზო დღეს საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” ვეთამაშებით.
- ედვინ ვან დერ სარი საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს. ჰოლანდიელი მეკარის გადაწყვეტილება თქვენთვის მისაღებია?
- ედმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხა, მეც იგივეს ვურჩევდი. ჩემი აზრით, ვან დერ სარს კარიერის დასრულების იდეალური მომენტი აქვს. სადღეისოდ იგი ფორმის პიკზე იმყოფება, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაკარგოს ფორმა. ედი ძალიან დიდ რისკს გასწევს, თუკი თუნდაც კიდევ ერთი სეზონი გააგრძელებს ასპარეზობას. ვურჩევ არ გარისკოს. ფეხბურთში მან ძალიან ბევრს მიაღწია და უმჯობესია, გულშემატკივარს თავი ისეთმა დაამახსოვროს, როგორიც მრავალი წლის განმავლობაში გახლდათ. ვან დერ სარს ფანტასტიკური სამეკარეო კარიერა ჰქონდა, ამასთან, იგი ბრწყინვალე ადამიანია. ედს სამომავლოდაც წარმატებას ვუსურვებ.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132424