ინტერვიუები

17:39 | 25.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექს გარსია: "გვსურს, ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცოდეს, როგორ თამაშობს "დინამო"

პოპულარული ესპანური გამოცემა Marca თბილისის "დინამოს" მწვრთნელ ალექს გარსიას ესაუბრა. გეცოდინებათ, "დინამომ" ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნახევარი ბარსელონაში გაიარა და Marca დაინტერესდა, როგორ მოხვდა მათი აღზრდილი გარსია საქართველოში, როგორ გრძნობს თავს უცხო ქვეყანაში...  
- როგორ მოხვდით "დინამოში"?
- "დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი დამიკავშირდა. მასზე ინფორმაცია მქონდა, ვიცოდი, როგორ მუშაობდა. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით და საბოლოოდ, შეთანხმებას მივაღწიეთ.
- როდესაც კონტრაქტი გააფორმეთ, პირველი რეაქცია როგორი იყო და რა გაიფიქრეთ?
- ვფიქრობდი ქალაქზე, ხალხზე, კლუბზე და მის პერსონალზე... ვფიქრობ, ნორმალურია ამაზე ფიქრი, როცა უცხოეთში მიდიხარ სამუშაოდ.
- თქვენთან ერთად სხვა ესპანელი მწვრთნელებიც არიან? და რა როლი აკისრიათ მათ?
- მარკ ჰუგეტი ჩემი ერთ-ერთი თანაშემწეა, ანდრეს კარასკო კი კლუბის საფეხბურთო აკადემიის კოორდინატორი გახლავთ.
- რა საფეხბურთო პროექტი გაქვთ "დინამოში"?
- პროექტი არის პროფესიონალური სტრუქტურის ჩამოყალიბება და ყველა გუნდის ერთიან სისტემაში მოქცევა. ანუ, როგორც ვთამაშობთ, ისევე ვვარჯიშობთ. კლუბი სამ შტოდაა გაყოფილი: ძირითადი გუნდი, ახალგაზრდული გუნდები და ტექნიკური სამდივნო. ვთამაშობთ 4-3-3 სქემით, რაც თავისთავად შეტევაზეა მიმართული. რაც მე თბილისში ჩავედი, "დინამოში" ოთხი გუნდი შეიქმნა. ახალგაზრდული გუნდებიც მთავარი "დინამოს" იდენტური სქემით თამაშობენ.
- რა იყო პირველი, რის შეცვლასაც ცდილობდით?
- როგორ გვეთამაშა და გვევარჯიშა. ჩვენ კლუბისთვის საკუთარი სახის მიცემა გვსურს. გვსურს, რომ ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცოდეს, თუ როგორ თამაშობს "დინამო".
- ეს ალბათ რთულია – ფეხბურთში სიახლის შეტანა...
- როდესაც უცხო ქვეყანაში რამის შეცვლა გსურს, რა თქმა უნდა... ყველაზე რთული მენტალიტეტის შეცვლაა, ანუ როგორც ფეხბურთში ეძახიან, ჩიპის შეცვლა.
- როგორ მიდის "დინამოს" საქმეები ამ სეზონში?
- კარგად დავიწყეთ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი ოფში მოვხვდით და საბერძნეთის აეკ-თან დამატებით დროში გავვარდით. რაც შეეხება ქართულ ლიგას, ჩვენ არ ვართ იმ ადგილზე, სადაც რეგულარულად ყოფნა გვსურს.
- "დინამოს" რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?
- ერთზე ვიტყვი, ჩვენს მეკარეზე. გიორგი ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერია. ვფიქრობ, მას ევროპის ნებისმიერ ძლიერ ლიგაში შეუძლია თამაში.
- როგორია საფეხბურთო ცხოვრება საქართველოში?
- როგორც სხვა ქვეყნებში – ფეხბურთი ხალხს უყვარს.
- საქართველოს ჩემპიონატს როგორი პოტენციალი აქვს?
- როცა საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლად გავიდა, დაბალი დონის ლიგად იქცა. თუმცა, საკმაოდ კონკურეტუნარიანი ჩემპიონატია, ეგაა, ევროპიდან  ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ნაკლებად იციან.
- თქვენი მიზანი "დინამოში"?
- მიზანი მთლიანი სტრუქტურის შექმნაა. კარგი ბაზაა, მშვენიერი პირობებია და "დინამოს" ისეთ გუნდად ჩამოყალიბებად შეიძლება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში გამწევი ძალა იქნება. უახლოესი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა. და პლუს, რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ ევროტურნირებზე ძლიერ გუნდებთან კონკურენციაა.

ალექს გარსიამ ასევე აღნიშნა, რომ "ბარსელონა" საუკეთესო სკოლაა როგორც ფეხბურთელების, ასევე მწვრთნელების აღზრდის მხრივ. ეს იმით დაასაბუთა, რომ "ბარსას" ახალგაზრდული გუნდებიდან, "ლა მასიიდან" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიდის სხვა ევროპულ ქვეყანაში. ასევე, ბევრი მწვრთნელიც – მაგალითად, ლუის ენრიკე "ბარსელონა B"-დან წავიდა "რომაში".
 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095036