აზერბაიჯანულ Azerisport-ზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. გეცოდინებათ, ყოფილი საბჭოეთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, თუმცა ამ პოსტზე სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჰქონია.
ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგაზე საუბრით დაიწყო:
- ჩემპიონთა ლიგა ლამაზი და ბრწყინვალე, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში პროგნოზირებადი ტურნირია. წლიდან წლამდე მიმყვება შთაბეჭდილება, რომ ცნობილ კლასიკურ კინოფილმს ვუყურებ: მშვენიერი სცენარი, მსახიობთა ბრწყინვალე თამაში, შესანიშნავი სიუჟეტები...
- მაგალითად, როგორც “მიმინო”?
- “მიმინო”, ან “არშინ მალ ალან” (აზერბაიჯანული ფილმ-ოპერეტაა). რამდენჯერაც არ უნდა ნახო, ფილმის ბოლო მაინც ცნობილია. დამეთანხმებით, ნებისმიერი ტურნირი ბევრს კარგავს, თუ ფინალში გასული გუნდების ვინაობა იცი. რაც არ უნდა ლამაზი გამოვიდეს ფინალი, მაინც ბევრს კარგავს.
- თქვენთვის ცნობილია, ვინ გავა ფინალში? (ინტერვიუ სამი დღის წინ ჩაიწერა).
- ერთ-ერთი ფინალისტი ყველამ იცის. ეს “ბარსელონაა”.
- როგორ უნდა გადავწყვიტოთ ტურნირის იოლად პროგნოზირებადობის პრობლემა?
- ეს რომ ვიცოდე, ალბათ, უეფას ხელმძღვანელობაში ამირჩევდნენ.
- და როგორ უყურებთ ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღების პერსპექტივას?
- ეს ცოტა რთული თემაა და ნება მომეცით, ვრცლად გიპასუხოთ. ერთის მხრივ, ფეხბურთის დონე მთელ მსოფლიოში იზრდება. მაგალითად, აფრიკაში. გავიხსენოთ 1990 წელი: კამერუნმა მოქმედ ჩემპიონ არგენტინას მოუგო და ეს სუპერსენსაცია იყო. გავიდა 20 წელი და დღეს აფრიკელთა გამარჯვება არავის უკვირს. ძლიერი გუნდები ჰყავთ ეგვიპტეს, კამერუნს, განას, კოტ დივუარსა და ნიგერიას. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის არიან დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო, სალომონ კალუ, მიკაელ ესიენი, ძმები ტურეები. აზიის კონტინენტს უკვე აქვს მუნდიალის ბრინჯაოს მედალი, რომელიც სამხრეთ კორეამ მოიპოვა 2002 წელს. მოკლედ, ფეხბურთს ყველგან თამაშობენ, გეოგრაფია იზრდება. ევროპაშიც ბევრი ძლიერი ნაკრებია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ მედლის მეორე მხარესაც: ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალურ კანდიდატთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია. “ბარსელონა” უდავოდ პირველია, თანაც, სავსებით სამართლიანად. შემდეგ მოდიან “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “მილანი”. მათი წყობა თავად აირჩიეთ. “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “მილანმა” წლეულს ლიგაზე თამაში დაასრულეს, თუმცა ეს წლეულს. მთლიანობაში, მხოლოდ 5 გუნდი. ეს ცოტაა. აქვე ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგას მეტწილად იმ ქვეყნის გუნდი იგებდა, რომლის ნაკრები აღმავლობას განიცდიდა. ეს ლოგიკურიც იყო. გავიხსენოთ ძველი მადრიდის “რეალი” და იმავე დროს, ესპანეთის ნაკრები ალფრედო დი სტეფანოს მეთაურობით. ბობი ჩარლტონის “მანჩესტერ იუნაიტედი” მწვერვალზე ავიდა და ინგლისის ნაკრებიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. “ფერენცვაროში” ფლორიან ალბერტის მეთაურობით ძლიერი გახდა და უნგრეთის ნაკრებმაც უცებ დაიწყო აღმასვლა. იოჰან კრუიფის “აიაქსი”, ფრანც ბეკენბაუერისა და გერდ მიულერის “ბაიერნი” იგივეს აკეთებდნენ. ჰოლანდიამ 1974 და 1978 წელს ფინალამდე მიაღწია, ხოლო გერმანია 1974-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორი წლით ადრე კი ევროპაც მოიგო. შემიძლია გავაგრძელო, 80-იან წლებზე და 90-იანების დასაწისზე გადავიდე. მაგრამ ეს ხდებოდა ადრე. ახლა? ჰოლანდიის ნაკრები ფანტასტიკურ და მობილურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო ამ ქვეყნის საკლუბო ფლაგმანი - “აიაქსი” ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მესამე ადგილზე გასვლა და ევროპის ლიგაზე გადასვლა გაუხარდა. თანაც, “აიაქსში” თითქმის ვერ ნახავთ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს. იგივე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ფრანგული ფეხბურთის სახით. რამდენადაც მრისხანეა საფრანგეთის ნაკრები, იმდენად არავინ ასახელებს მათ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატებს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ჰოლანდიელები და ფრანგები უცხოეთში თამაშობენ. აი, ინგლისს კი, რამდენი ხანია, ოთხი გუნდი გაჰყავს ლიგაზე. და ნაკრები პირიქით: ინგლისის ნაკრებს თითქმის ნახევარი საუკუნეა, ტიტული არ აუღია. ვფიქრობ, უეფამ რამენაირად უნდა მოახერხოს გუნდების შანსების გათანაბრება.
- როგორც ვხვდები, ევროპის საუკეთესო კლუბად “ბარსელონას” თვლით.
- დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბად დავასახელებდი. შეუძლებელია, კატალონიელთა ფეხბურთმა არ მოგხიბლოს.
- ცოტაც ქართულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთზე ვთქვათ.
- ამ ორი ქვეყნის ფეხბურთი ყოველთვის ტექნიკური და ასე ვთქვათ, ცოცხალი იყო. ფლეგმატურობა ყოველთვის აკლდა. “დინამო” და “ნეფთჩი” ფორმაშიც რომ არ ყოფილიყვნენ, საბჭოეთის ნებისმიერ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ.
- სპეციალისტები თვლიდნენ, რომ საბჭოეთის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში.
- პრინციპში, გეთანხმებით. მართლაც, ბევრი დაახლოებით თანაბარი გუნდი იყო.
- კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ ფორმატით, პოსტსაბჭოთა გუნდებს შორის ტურნირი ჩატარებულიყო – ამ მოსაზრებაზე რას იტყვით?
- იცით, ეს მიმზიდველად ჟღერს. მითუმეტეს, თუ ქვეყნები ჩემპიონებს გამოიყვანენ, მაგრამ იდეა იდეად, პრაქტიკაში კი ეს როგორ გამოიყურება? პრინციპში, თანამეგობრობის თასი ტარდება კიდეც, მაგრამ რაც დრო გადის, პრესტიჟი ეცემა და ჩანს – “არა”.
- და ბოლოს, თქვენი აზრით, ახლო მომავალში აზერბაიჯანული და ქართული საკლუბო ფლაგმანების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის პერსპექტივას როგორ უყურებთ?
- გააჩნია, რას ვგულისხმობთ “ახლო მომავალში”. საქართველოში და თქვენთანაც ყოველთვის იყვნენ ტალანტები. სწორი მიდგომის, სელექციონერებისა და სპეციალისტების ჭკვიანური მუშაობის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ერთ, ორ და სამ წელიწადში არა, მაგრამ შემდეგ ჩვენი გუნდების ჩემპიონთა ლიგაში შესვლა სულაც არაა ფანტასტიკის სფეროდან. უბრალოდ, საჭიროა რწმენა და რაც მთავარია, ბევრი მუშაობა.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა







