ინტერვიუები

16:34 | 5.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: “ჩემი სურვილი ესპანეთში თამაში იყო, თუმცა გერმანიას შევეჩვიე”

ალექსანდრე იაშვილის “კარლსრუეს” რთული პერიოდი უდგას, მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი აუტსაიდერია. მიუხედავად ამისა, იაშვილის კარგ თამაშზე ხშირად იწერება გერმანულ პრესაში და “კარლსრუეს” ხშირად “იაშის გუნდსაც” უწოდებენ. 34 წლის ქართველ კაპიტანთან ინტერვიუ გერმანული “ბოხუმის” საიტზე გამოქვეყნდა, სადაც საუბარი ნიკა გელაშვილსაც ეხება – კერძოდ, იაშვილი ამბობს, ნიკას “ბოხუმში” გადასვლა მეც ვურჩიეო.  

- როგორც იქნა, გასულ ტურში გაიმარჯვეთ (“უნიონ ბერლინთან” 2:0). რას იტყვით ამ მატჩზე?
- უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო ჩვენთვის. ბოლო საფეხურიდან ასვლა გვსურდა და ახლა მე-16 ადგილზე ვართ, ანუ ბოლოდან მესამეზე. 
- რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაში? 
- პასუხისმგებლობა გათავისებული გვქონდა. ვიცოდით, რა მნიშვნელობის თამაში იყო და ძალიან გვსურდა გამარჯვება. 
- გერმანიაში 1997 წლიდან თამაშობთ. არ გიკვირთ, რომ ამდენ ხანს შემორჩით აქაურობას? 
- არა, გერმანიას შევეჩვიე. დიდი სურვილი მქონდა, რომ ოდესმე ესპანეთში მეთამაშა, თუმცა ეს თავიდან. მერე კი გერმანია ძალიან მომეწონა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მომწონდა. მოხარული ვარ, რომ აქაურობას დიდი ხნით შემოვრჩი. 
- ხომ არ გრძნობთ, რომ ცოტათი გერმანელიც ხართ?
- გერმანიას ვემადლიერები. ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა, აქ გაიზარდნენ ჩემი შვილები, თუმცა რა თქმა უნდა, მუდამ ვამაყობ, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა. 
- იანვარში “ბოხუმს” ნიკა გელაშვილი შეემატა. მან გვითხრა კიდეც, რომ აქ ჩამოსვლამდე აზრი სხვებსაც ჰკითხა...
- ჩვენ სამი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით ნაკრებში. როცა მან “ბოხუმისგან” წინადადება მიიღო, დამირეკა და რჩევა მკითხა. მე ვუთხარი, რომ “ბოხუმი” მისთვის მშვენიერი კლუბი იქნებოდა და რომ იენს ტოდტი და კარსტენ ნაიცელი კარგი ადამიანები არიან. მათ “ფრაიბურგში” თამაშის პერიოდიდან ვიცნობ. 
- გელაშვილმა მშვენივრად დაიწყო და პირველივე მატჩში გოლი გაიტანა, შემდეგ კი ჩრდილში მოექცა. რატომ? რა არ ჰყოფნის? 
- როცა გერმანიაში უცხოელი ჩამოდის, მას დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. აქ სხვა ფეხბურთია, სხვა ტემპია. შეჩვევის პრობლემა ცნობილ ფეხბურთელებსაც აქვთ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მოუმატებს და “ბოხუმს” ბევრ სარგებელს მოუტანს, ოღონდ, იმედია, ეს კვირას არ მოხდება (“ბოხუმი” “კარლსრუეს” ხვდება კვირას – რედ.). 
- თქვენ კარგად გეცოდინებათ, როგორია საქართველოს ჩემპიონატიდან გერმანიაში გადმოსვლა. 
- ჩემთვის უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან 19 წლის ვიყავი. აქ ყველაფერი სიახლე იყო: მენტალიტეტი, ენა. ამ ყველაფრის შესაჩვევად დროა საჭირო. ორი-სამი თვის შემდეგ კი უკეთესობა იგრძნობოდა. საქართველოში ყველა ყველას იცნობს, იქ არაფორმალური დამოკიდებულებაა. გერმანიაში კი დამოუკიდებლად უნდა იცხოვრო და ეს რთულია, როცა ენა არ იცი. 
- კვირას გასამართ მატჩზე ვთქვათ: “ბოხუმთან” შეხვედრა “კარლსრუესთვის” საკვანძოა? 
- ყველა მატჩი საკვანძოა, ასე რომ ყოველი მომდევნო თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გავარდნა უნდა ავიცილოთ თავიდან, ან სულ მცირე, პლეი ოფში მაინც უნდა მოვხვდეთ (ბოლოდან მესამეზე გასული მესამე ლიგის წარმომადგენელს შეხვდება -  რედ.).
- რამდენად რთული იქნება თქვენთვის “ბოხუმის” წინააღმდეგ თამაში?
- “ბოხუმი” კარგი გუნდია და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. მათ შორის, ჯოვანი ფედერიკო, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო “კარლსრუეში”. ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ამისა, ბოხუმში გამარჯვების პოტენციალი გვაქვს. 
- 34 წლის ხართ. კარიერის დასრულების შემდეგ რას აპირებთ? 
- დღესდღეობით სიამოვნებას ვიღებ, როგორც ფეხბურთელი. მოტივაცია ძველებურად მაქვს და ახალბედასავით მიხარია თამაში. მოვა დრო და ოჯახთან ერთად გადავწყვეტ, თუ რა უნდა გავაკეთო კარიერის დასრულების შემდეგ. 
 
ილია ნანობაშვილი
 
0.094898