მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში, “კარლსრუემ” შინ “ობერჰაუზენი” 4:0 დაამარცხა, რაშიც გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ორი საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მისმა გუნდმა, სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, სამი ქულის აღების მიუხედავად, კარლსრუელები 18 გუნდს შორის მე-16 ადგილზე იმყოფებიან და გამოცემა cissoccer.com-მა, იაშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დაიწყო.
- ჯერჯერობით, “კარლსრუესთვის” სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს. როგორც გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, ამის მიზეზად რას თვლით?
- ამჟამად, აუტსაიდერთა შორის ვართ და ეს არაა ის ადგილი, რომლის დაკავების იმედი გვქონდა. მართალია, ბოლო ტურებში თამაში გავაუმჯობესეთ, მაგრამ მაინც გასავარდნ ზონაში ვართ. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს და უკეთ უნდა ვთამაშობდეთ. ზამთრის შესვენებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ქულები დავაგროვოთ, რათა გასავარდნ ზონას თავი დავაღწიოთ. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ისეთი გამოცდილი გუნდები არიან, როგორებიც “ბილეფელდი” და “დიუსელდორფია”, რომელთაც გაზაფხულზე მომატება შეუძლიათ.
- ამ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეთ. საკუთარ თამაშს როგორ აფასებთ?
- ფეხბურთი გუნდური თამაშია და საკუთარ თამაშს გუნდის გამოსვლისგან არასოდეს ვანსხვავებ. დღესდღეობით თუ აუტსაიდერებს შორის ვართ, ე.ი. ყველამ, მათ შორის მეც, თამაშს უნდა მოვუმატოთ.
- საკლუბო საქმეები არ გახარებთ, მაგრამ ამ ფონზე, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ითამაშა...
- მიმდინარე წელს არ წაგვიგია, რაც ბუნებრივია, გვახარებს. ამჟამად, საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია.
- ისე საუბრობთ, როგორც ვეტერანი... დრო სწრაფად გარბის, ცოტა ხნის წინ, ხომ თავად იყავით ახალგაზრდა...
- დღესდღეობით, ნაკრებში გამოცდილებისა და ახალგაზრდობის კარგი შეხამებაა. თემურ ქეცბაიამ ძალიან კარგი კოლექტივი ჩამოაყალიბა. მთავარია, ყველას ესმის რა და როგორ უნდა გააკეთოს.
- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედიც გაგიჩნდათ?
- ძალიან გვსურს, რომ ეს ოცნება აგვიხდეს. ახალგაზრდებზე ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ, ჩემთვის ბოლო შანსია, რომ მსგავს დიდ ტურნირზე ვითამაშო. გაზაფხულზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს სახლში ხორვატებთან. თუ მოვიგებთ, მაშინ, ასეთ მიზანზე ვიფიქრებთ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









