ვერ დაძლია საქართველოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის ჩემპიონი. ეს ისე მოხდა, რომ ენა ვერ მოგიბრუნდება კაცს - არგამართლებაზე, მსაჯის სუბიექტურობაზე, ტრავმებზე, ზოგადად დაუმსახურებელ მარცხზე საუბარიც კი ზედმეტია.
დამსახურებულად გავიდა მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნეფთჩი“ - როცა ორი მატჩის ჯამში 5:2 შეფარდებით იმარჯვებს რომელიმე გუნდი, ყველაფერი ცალსახაა და ნათელი.
რა იყო ეს - კონკრეტულად ერთი კლუბის აშკარა უპირატესობა მეორესთან თუ ზოგადად, ერთი საფეხბურთო ქვეყანა იმდენად ჯობნის მეორეს, რომ მათ ჩემპიონებს შორის დაპირისპირებისას, შანსები არათანაბარია და შედეგიც წინასწარ განსაზღვრული?!
ალბათ, უფრო მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი ისტორიულადაც და ლეგიონერების სიძლიერის თვალსაზრისითაც აშკარად აღემატება აზერბაიჯანულს, დადგა დრო, როცა საკლუბო დონეზე მათი უპირატესობა უნდა ვაღიაროთ და მხოლოდ ნაკრებისა და ორიოდ ჩვენებური ლეგიონერის უკეთესობით დავიმშვიდოთ გული.
თუმცა, ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრები აზერბაიჯანისას ჯობია ან “სპარტაკში“, “ზენიტსა“ და “ვიტესში“ ქართული პერსპექტივა დააგორებს ბურთს, სულაც არ არის წარმატებული მომავლის გარანტია.
თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ნაკრები ვერ შეინარჩუნებს მოკრძალებულ დისტანციას თუნდაც ამ დონის ნაკრებებთან და ქართველი ლეგიონერებიც მხოლოდ მაშინ იქნებიან საშუალო დონის კლუბებისთვის საინტერესონი, თუკი პატარაობიდანვე უცხოურ საფეხბურთო სკოლებში გაიზრდებიან.
გულისმოსაფხანი სიტყვების დრო არ გვიდგას: რეგრესი აშკარაა და თუკი რამე წარმატებას ვაღწევთ ხოლმე, იმდენად უსისტემოს და არალოგიკურს, ხვალ და ზეგ ის იშვიათი გამონათებებიც დაგვიძვირდება.
მიუხედავად იმისა, რომ “ზესტაფონმა“ და “ტორპედომ“ წლეულს უარი თქვეს მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე და მათი ასეთი ჩავარდნა პოსტსაბჭოელ მეტოქეებთანაც კი, გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, მხოლოდ ერთი ან მეორე კლუბის პოლიტიკას ვერანაირად დავაბრალებთ მომხდარს.
უბრალოდ, ისინი არიან სახეები ამჟამინდელი ქართული ფეხბურთისა და ამჟამინდელი ქართული ფეხბურთი კი არის ის, რაც არის:
“აქტობესა“ და “ნეფთჩის“ დამარცხების ძალა არ შესწევს.
არაფერია სათქმელი “მეტალურგზე“, რომელიც გაცილებით ძლიერ მეტოქეს შეახვედრა კენჭისყრამ. ამ შემთხვევაში, გინდაც ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს რუსთაველთა კაშნე მოეხვია და მის გულშემატკივართან ერთად დამჯდარიყო რომელიმე ფანსექტორში, ჟორჟიკაშვილის გუნდს შანსი არ გააჩნდა.
ეს თავად კობამ გადმოსცა მშვენივრად - ფეხბურთელებისთვის იმის ახსნა მჭირდება, რაც ბავშვობაში უნდა გაეგოთო...
ასეთი მომზადების დონით კი, “მოჭიდავე ჩეხებთან“ გამარჯვება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება - ფეხბურთში ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი ფინტი, რომლის მეშვეობითაც ორი თავით მაღლა მდგომ მეტოქეს მოუგებ.
გორის “დილა“? ღმერთმა ხელი მოუმართოთ ქართლელებს და სავარაუდოდ, უფრო სოლიდურნიც იქნებიან, მაგრამ... მათი მაგალითი ერთხელაც ამტკიცებს - ზოგადად შიდა ქართული ფეხბურთის დონე არის არნახულად დაბალი და თუკი ჩვენი კლუბებიდან ვინმე სადმე რამეს მოახერხებს, ისევ ლეგიონერების ან უცხოეთიდან სამშობლოში “დროებით გადმოადგილებული“ ფეხბურთელების მეშვეობით.
ეს უწესო ფეხბურთია - ალოგიკური, უსისტემო, დაუგეგმავი, დროსა და სივრცეზე გაუთვლელი. როცა ყველაფერზე ძვირი დღევანდელი კვერცხი ღირს და ხვალ რა იქნება, ამაზე ფიქრი ყველას ზედმეტი ჰგონია.
გვიდგას დრო, როცა ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი პიარსაშუალებაა და სხვა არაფერი - არც გატაცება, არც ისტორია, არც ერის თვითგამოხატვის საშუალება.
როცა საფეხბურთო ჩინოსნები, იმისდა მიხედვით, სად მოუწიათ ბოლო ხანს ცხოვრებამ, სახელმწიფოს მმართველების საამებლად ხან კადრილს ცეკვავენ, ხან ვენურ ვალსს და ხანაც “ოხ ბარინია, ბარინიას“...
როცა მწვრთნელობისთვის, მასწავლებლობისთვის საკმარისია “სივი“, რომლის თანახმადაც სადღაც თავში ბურთი მოგხვედრია და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ წარმოდგენას ფლობ სამწვრთნელო მეთოდოლოგიაზე, თანამედროვე სპორტულ მედიცინაზე, ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, საფეხბურთო სიახლეებზე...
როცა ყურადღება ექცევა, ვინ ვისი “ბლატით ბლატაობს“ და არა გამოცდილებას, ცოდნას, ნამსახურეობის ნუსხას...
როცა ფეხბურთელები, რომელთა საშუალო შემოსავალი ათჯერ-ოცჯერ მაინც აღემატება მათი უბრალო თანამემამულეების “სამომხმარებლო კალათას“, უფულობაზე, შიმშილზე, დაუფასებლობაზე წუწუნებენ და ნაცვლად იმისა, ბურთთან უკეთესი მოპყრობა ისწავლონ, უკეთ მოგვეპყარითო, სამშობლოს ამადლიან თავს.
როცა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული, ორიოდ გამონაკლისის გარდა, გარეწართა თავშესაფრად ან “გოიმების დასაბოლებელ“ საშუალებად იქცა...
როცა პატარებს მათი მამების მსგავსად ბურთით კი არ ძინავთ, საფეხბურთო სკოლაში, როგორც სავალდებულო სამსახურში, ისე დადიან და ფეხბურთი მათთვის სიყვარული, გატაცება, ლამაზი სამყარო კი არა, რუტინა და დამღლელი ყოველდღიურობაა...
როცა დამარცხებულის ფსიქოლოგია ერის, ბერისა და კაცის დონეზე ჩვეულებრიობად, “გულისგულის ფილოსოფიად“ იქცა...
როცა მოგების სიხარული გადაგვავიწყდა და წაგების სიმწარეს ისე შევეგუეთ, თითქმის აღარც გვტკენს გულს.
როცა პურს მარკშეიდერი აცხობს, ხაბაზი კი “ტუფლებს აპაჩინკებს“...
ვერა, ვერ მოვუგებთ ასე “ნეფთჩის“ და “აქტობეს“!
კონსტანტინე გოგიშვილი









