სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.
9-14 აგვისტოს, პოლონეთში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
“თავისუფლებიდან” ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (მძიმე) გახდა, ვერცხლის მედლებს შოთა ფანცულაია (50 კგ) და ომარ გურჯიძე (63 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედალი კი შოთა ფარტენაძემ (54) დაისაკუთრა. “ბერძენულ-რომაელთა” ნაკრებიდან ვერცხლი კუკური კირცხალიამ (85 კგ.) და ლაშა გობაძემ (76 კგ.) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოები რამაზ ზოიძეს (42 კგ.), ედნარ შავაძესა (50 კგ.) და შმაგი ბოლქვაძეს (58 კგ.) ერგოთ.
ლადო ვარძელაშვილი: “ყველას ვულოცავ ჩვენი მოჭიდავეების მიერ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას. სასიხარულოა, რომ ასაკობრივ ნაკრებებში სულ უფრო ძლიერი თაობა მოდის, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ძალიან მალე ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდებიან და წარმატებას იქაც მოგვიტანენ. ჩვენი პროგრამის მიხედვით, ყველა ასაკობრივ ნაკრებთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება მწვრთნელების დამსახურებაც არის”.
კახა გეწაძე (ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭაბუკთა ნაკრებმა ევროსარბიელზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ეს ბიჭები მალე სხვადასხვა ნაკრებებში დაწინაურდებიან და მჯერა, იქაც გაგვახარებენ. სამინისტროსა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხრიდან მოჭიდავეებს მხარდაჭერა არ აკლიათ, ამიტომ მათგან მედლებს ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მომავალშიც ველით”.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







