ინგლისელი - ლოს ანჯელესში, ფრანგი - ნიუ იორკში, გერმანელს... ხუთი კლუბი ელის. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ამერიკას ვარსკვლავი გაუსამდება და „მეიჯორ სოკერ ლიგას“ დევიდ ბექემისა და ტიერი ანრის შემდეგ, კიდევ ერთი დიდოსტატი - მიხაელ ბალაკი დაუკავშირებს საკუთარ ბედს.
განცხადება ამის შესახებ, ლიგის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა - ტოდ დარბინმა გაავრცელა და იქვე დაამატა, რომ გასაიდუმლოებული არ არის ბალაკის დასაკუთრებით დაინტერესებული 5 კლუბის სახელიც - „ნიუ იორკ რედ ბულზი“, „ფილადელფია იუნიონი“, „ჩიკაგო ფეირი“, „სიეტლ საუნდერსი“ და „მონრეალ იმპაკტი“...
მოლაპარაკება ბალაკის აგენტ მიხაელ ბეკერსა და ლიგის წარმომადგენლებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს და ისეთი პირი უჩანს, ძალიან მალე დასრულდება. გერმანელი ფეხბურთელი უსაშველოს არაფერს ითხოვს. როგორც მის აგენტს უთქვამს, ბალაკი დაახლოებით ისეთივე ხელფასს მოითხოვს, როგორსაც ანრი (5 მილიონ 500 ათასი წელიწადში) და ბექემი (6 მილიონ 500 ათასი) იღებენ, შესაბამისად, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში.
სხვათა შორის, ბალაკით დაინტერესებულნი არიან ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მდიდარი კლუბებიც, მაგრამ ამერიკაში 2 სეზონის გატარება და კარიერის იქ დასრულება 35 წლის გერმანელის ბიზნეს-გეგმა გხლებიათ.
„მეიჯორ ლიგის“ წარმომადგენელთა სიფრთხილე გასაგებია - დიდი ხანი არაა მას შემდეგ, რაც საყოველთაოდ გაცხადდა ნიკოლა ანელკას ამერიკაში გადაბარგების შესახებ, მაგრამ ჭირვეულმა ფრანგმა საკუთარი იმიჯი ერთხელაც გაამყარა და ინგლისური პრემიერლიგა არა ამერიკულ, არამედ ჩინურ კლუბზე გადაცვალა და ლონდონიდან შანხაიში გადავიდა.
თუ ისე მოხდა, ბალაკის მოთხოვნა რომელიმე ამერიკულმა კლუბმა დააკმაყოფილა და კონტრაქტი გაფორმდა, ახალი გუნდი უნდა შეეგუოს იმას, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანელი მის რიგებში ვერ ითამაშებს. ეს კი სამკვირიან პერიოდს მოიცავს - 8 ივნისიდან პირველ ივლისამდე. მიზეზი უკვე გაფორმებულ კონტრაქტშია: კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრისტოლში მდებარე ESPN-ის სტუდიიდან სწორედ მიხაელ ბალაკმა უნდა გააანალიზოს ევროპის ჩემპიონატის მატჩები.
ამასობაში, ნიუ იორკში მორიგი ვნებები ადუღდა კარმელო ენტონის გარშემო. მოგეხსენებათ, 15 მარტს საკალათბურთო ვაჭრობების ბოლო დღეა და რაკიღა „ნიუ იორკ ნიკსის“ მდგომარეობა სასურველისაგან შორიახლოა (ისიც მანჰეტენელების მოულოდნელი სასწაულის - ჯერემი ლინის დამსახურებით), ფიქრობენ, რომ გაძლიერება არ აწყენთ.
და რა შუაშია კარმელო ენტონი? მიზეზი მარტივია - იგი სათანადოდ ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს და გარდა ამისა, შანსია, პაუ გასოლში გადაცვალონ.
ეს ამბავი პირველმა „ნიუ იორკ პოსტის“ კალათბურთზე მწერალმა - პიტერ ვესიმ გაახმიანა და პაუს გადმობირება რომ რეალური ამბავია, სეზონისწინა სამგუნდიანი შესაძლო ტრეიდით დაასაბუთა. მიუხედავად იმისა, რომ გასოლი კობის მერე ყველაზე მაღალი კლასის მქონე კალათბურთელად ითვლება „ლეიკერსში“, იგი გუნდის მენეჯერმა მიტჩ კაპჩაკმა „ნიუ ორლეან ჰორნეთსის“ გამთამაშებლის - კრის პოლის გადასაცვლელ „პაკეტში“ მოახვედრა. გარიგება არ შედგა, მას ვეტო ლიგის კომისარმა - დევიდ შტერნმა დაადო, მაგრამ ნათელი გახდა, რომ ესპანელი, კლუბის ბოსებისათვის სულაც არ არის ხელშეუხებელი (ასეთი ერთი კაცია და მას კობი ჰქვია)...
ამგვარი მდგომარეობა მოქმედებს არა მხოლოდ კალათბურთელის, არამედ კლუბის თამაშზე და აკი ვერც მოითმინა ბრაიანტმა, როცა მორიგი წაგების შემდეგ მძაფრი კომენტარი გაახმიანა: „მე რომ მკითხონ, არაფრით გადავცვლიდი გასოლს, მაგრამ თუკი მათ აუცილებლად გადაწყვეტილი აქვთ მისი გადაცვლა, დროზე გააკეთონ ეს. არ აპირებენ ამ გარიგებას? მაშინ უთხრან პაუს - დაუშვებელია, ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ არ იცოდეს, რჩება თუ არა კლუბში“.
ზოგადად, მსგავსი ტიპის ლექციებს ნბა-ს კლუბები არავის პატიობენ ხოლმე, მაგრამ კობი ლოს ანჯელესში კარგა ხანია აღარ ითვლება მხოლოდ მოთამაშედ და შესაბამისად, ბევრი რამის უფლებაც გააჩნია.
რაც შეეხება ენტონის, მისი მკურნალობის პერიოდში მანჰეტენელებმა ძალიანაც წარმატებული სერია გამოაცხეს და მიუხედავად იმისა, ეს ჯერემი ლინის სახელს დაუკავშირდა, ჩინებულად გაისარჯა კარმელოს პოზიციაზე მოთამაშე სტივ ნოვაკიც.
ენტონის აქციები დაბრუნებიდან პირველივე მატჩმა დასწია - გეხსომებათ, ნიუ იორკულმა კლუბმა შინ, „მედისონ სქვერ გარდენში“ „ნიუ ჯერსი ნეთსთან“ ვერ ივარგა და შესაბამისად სავალალო იყო კარმელო ენტონიც: 37 წუთში 11 ქულა (!) და 6 დაკარგვა...
კალათბურთის სპეციალისტებმა მის ამ წარუმატებლობას ახსნა ეგრევე მოუძებნეს - ლინთან ვერ შეწყვილდაო. არგუმენტი ენტონისავე სათამაშო მანერაშია - მიუხედავად იმისა, რომ კარმელო ფორვარდია, მოედანზე „ბურთთან ფერება“ უყვარს, ხშირად ატარებს მას და ამით როგორღაც გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებს. ეს სხვანაირად გამოითქმის: ენტონი უბრალოდ, ერევა გამთამაშებლის ფუნქციებში. მართალია, თავად კალათბურთელები, ლინიც და „მელოც“ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიიჩნევენ, რომ არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს, ფაქტი ტაბლოზეა...
ყველაფერს კი პრაგმატიზმი აგვირგვინებს - კობისა და კამპანიას გასოლის საწინააღმდეგო კი არაფერი აქვთ, მაგრამ გაცილებით მობილური ენტონი ძალიანაც წაადგება „ლეიკერსს“, თავის მხრივ. „ლინს“ ბურთის ტარებასა და კომბინაციების აგებაში აღარავინ შეეცილება და „ნიკსიც“ გაცილებით ეფექტურად ითამაშებს ფარის სიახლოვეს.
თუმცა, 15 მარტამდე საკმარისი დრო რჩება - ვნახოთ, რა იქნება და როგორ.
ამასობაში, სავარაუდოდ, მიწყნარდა „ნიუ იორკ ჯაიანტის“ გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია - ამერიკული ფეხბურთის წლევანდელმა ტრიუმფატორებმა იმდენი ქნეს, ეს ვეებერთელა ქალაქი დაახლოებით ერთი თვით ამოაგდეს ყოველდღიურობის რეჟიმიდან და ბროდვეისა და მანჰეტენს ვინ დაეძებს, ბრუკლინის ყველაზე პატარა საბაყლოებიც კი „ჯაიანტი ჩემპიონია“-ს ტიპის პლაკატებითაა დღემდე გამოჭედილი...
კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად worldsport.ge-სთვის, ნიუ იორკიდან









