ძიუდო

18:44 | 22.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი: “300-ქულიანი ჩამორჩენა საგანგაშო არაა”

ახლახან, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი იაპონური შეკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა. წინასწარი დიაგნოზი საკმაოდ უიმედო იყო – მენისკი და გარდაუვალი ოპერაცია, თუმცა მდგომარეობა არც მთლად საგანგაშო აღმოჩნდა. ქართული გუნდის ყველაზე მაღალრეიტინგიანი წევრი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მომავალი სეზონის პირველი საერთაშორისო ტურნირისთვის – მსოფლიოს მასტერსისთვის ემზადება.
- იაპონიაში, ვარჯისას წელის და მუხლის ტკივილმა შემაწუხა. განსაკუთრებით მძიმე მუხლის ტრავმა ჩანდა. იქვე ექიმებმაც გამსინჯეს და მითხრეს, რომ მარჯვენა მუხლში სითხე მქონდა. იძულებული გავხდი შეკრება ნაადრევად დამეტოვებინა.
- მუხლის ტრავმა ადრეც სერიოზულად გაწუხებდა...
- 2009 წელს ზუსტად ამ (მარჯვენა) მუხლზე ანალოგიური პრობლემის გამო ოპერაცია გავიკეთე. ამჯერად, წინასწარი გამოკვლევის თანახმად, კიდევ ერთხელ უნდა დამჭირვებოდა ქირურგიული ჩარევა, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი. უკვე ორი დღეა, რაც ვარჯიშიც განვაახლე.
- წელის ტრავმა აღარ გიხსენებია...
- ამ მხრივაც ყველაფერი რიგზეა. მძიმე დატვირთვების გამო წელი გადაღლილი იყო და ტკივილებიც ამან გამოიწვია. გამოკვლევის შემდეგ ექიმმა დასვენება მირჩია. ამასთან, კუნთის მოსადუნებელი წამალიც დამინიშნა. ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც შევუთანხმდი და დაახლოებით ერთი კვირა დავისვენე.
- სეზონი 14-15 იანვარს, ალმათის მსოფლიოს მასტერსით გაიხსნება. აპირებ ჭიდაობას?
- აუცილებლად. მასტერსი ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირია. ტატამზე უძლიერესი ძიუდოისტები გადიან და მისი შედეგებით მსოფლიოს რეიტინგის მოწინავეთა რიგებში არაერთი ცვლილება ხდება.
- მსოფლიოს რეიტინგსიაში რამდენიმე დღის წინ მე-5 ადგილზე აინაცვლე. ოლიმპიადის ლიცენზიანტთა რეიტინგში კი სულაც მე-4 ხარ...
- ძალიან სასიამოვნოა. ასეთ მაღალ პოზიციაზე აქამდე არასოდეს ვმდგარვარ. ვეცდები კიდევ უფრო წინ წავიწიო.
- ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფი სპორტსმენები 300 ქულაზე მეტით გისწრებენ.
- 300 ქულა მართლაც ბევრია, მაგრამ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. წინ კიდევ არაერთი სარეიტინგო ტურნირია, რომლებზეც ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. თუნდაც მხოლოდ მასტერსის ჩემპიონობა 400 ქულად ფასობს. მთავარია ხელი ტრავმამ არ შემიშალოს და მაქსიმალურად მოვინდომებ.
- 60 კილოგრამის ფავორიტებს კარგად იცნობ. რომელს გამოარჩევ?
- ერთი გამოკვეთილი ლიდერის დასახელება გამიჭირდება. ძლიერი ძიუდოისტები არიან უზბეკი რიშოდ სობიროვი, იაპონელი ჰიროაკი ჰირაოკა, უკრაინელი გიორგი ზანთარაია და სომეხი ჰოვანეს დავთიანი. ამათგან სობიროვს და ზანთარაიას არაერთხელ შევხვედრივარ და მიუხედავად იმისა, რომ ორივესთან მინიმალური უარყოფითი ბალანსი მაქვს, დარწმუნებული ვარ, კარგად მომზადების შემთხვევაში ორივეს დამარცხება შემიძლია. დავთიანსა და ჰირაოკას კი იმედია ზაფხულამდე, საერთაშორისო ტურნირებზე შევხვდები.
- 2011 წლის სეზონს როგორ შეაფასებ?
- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ვთვლი, რომ ნორმალური სეზონი მქონდა. სპორტული თვალსაზრისით აშკარად გავიზარდე და დავრწმუნდი, რომ დიდი შედეგებისთვის ბრძოლაც შემიძლია.
- ახალ სეზონს როგორ ფორმაში ხვდები?
- ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ შორია, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. მოსამზადებელი ციკლის დასაწყისში როგორც წესი, მთავარი ყურადღება ფიზიკურ ვარჯიშებს ეთმობა. ვეცდები მასტერსამდე დარჩენილ 3 კვირაში ისე მოვემზადო, რომ ყაზახეთში წარმატებისთვის ვიბრძოლო.
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090405