ბოლო წლებში, სკანდალებით მდიდარ ქართულ ძიუდოს ფარული შიდა დაპირისპირებები არ აკლია. უსიამოვნო დეტალებზე ყურადღების გამახვილებას და სახალხოდ გამოტანას “მსოფლიო სპორტი” შეგნებულად არიდებს თავს, ახალი სკანდალის აგორების მცდელობა რომ არ დაბრალდეს. ეს ინტერვიუც რესპოდენტის დაჟინებული თხოვნით შედგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი რედაქციას თავად შეეხმიანა და თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება ითხოვა.
- მინდა იმ საკითხებზე ვისაუბრო, რომლებზეც აქამდე არაფერი მითქვამს. ქართული ძიუდო უმძიმეს დღეშია და თავს ვალდებულად ვთვლი, პრობლემებზე პირდაპირ ვილაპარაკო, სანამ მდგომარეობა მთლად კატასტროფული არ გახდება. ამის საშიშროება ძალიან დიდია.
- რატომ გადაწყვიტეთ პრობლემებზე საუბარი ახლა და არა მაშინ, როდესაც თქვენ მუშაობდით ნაკრებში. იმ პერიოდში ქართული ძიუდო კარგ დღეში იყო?
- მაშინ იმიტომ ვარჩიე დუმილი, რომ ჯერ კიდევ მქონდა რაღაც-რაღაცეები გასარკვევი.
- და რა გაარკვიეთ?
- თითქმის ყველაფერი, რაც მაინტერესებდა. ცოტა შორიდან დავიწყებ. 2009 წელს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ბორჯომულ შეკრებაზე, სპორტსმენებს შორის მომხდარი დაპირისპირება ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის დაგეგმილი და დადგმული სცენარი იყო. ეს ყველაფერი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. იმ კაცის წინააღმდეგ, რომელმაც ქართული ძიუდოსთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დანარჩენმა ყველა სპეციალისტმა ერთად.
- მაშინდელ შიდა დაპირისპირებებს მოჰყვა ის, რომ თანამდებობა არა ხაბულიანს, არამედ მასთან დაპირისპირებულ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, შოთა ხაბარელს დაატოვებინეს.
- როგორც ჩანს, ესეც წინასწარ გათვლილი იყო.
- თქვენი აზრით, სამართლიანი იყო ისეთ მომენტში ხაბარელის გათავისუფლება?
- ვერაფერს გეტყვით. შიდა სკანდალები აგორდა. თუნდაც გუნდურ ჩემპიონატზე მოგებული თანხის გუნდის წევრებზე გადანაწილების ამბავი გავიხსენოთ.
- ეს ცრუ ბრალდება იყო, რაც ძიუდოისტებმაც დაადასტურეს და დელეგაციის სხვა წევრებმაც...
- არ ვიცი. კარგი იქნებოდა, ხაბარელი ხაბულიანს არ დაპირისპირებოდა.
- ხაბულიანმა მთავარ მწვრთნელად თქვენ დაგნიშნათ...
- 2009 წლის ბოლოს საშინლად მოშლილი გუნდი ჩავიბარე. მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან მცირე დრო მქონდა, მაგრამ მაინც მოვახერხე გარკვეული წარმატებების მიღწევა. ვენაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ. ნაცვლიშვილი და ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე ტრიბუნაზე ისეთი სახეებით ისხდნენ, თითქოს პანაშვიდზე იყვნენ.
- არ გაუხარდათ?
- თავის გამო სწირავდნენ ძიუდოს. ოღონდ კი თვითონ მოსულიყვნენ სათავეში, ყველაფერს აკეთებდნენ. ამ გაუმართლებელი საქციელით ძალიან ბევრი ცუდი საქმე გააკეთეს. თუნდაც ის, რომ კედელაშვილს აიძულეს, თავი დაენებებინა სპორტისთვის. მეც ყველანაირად მიშლიდნენ ხელს, რომ შედეგი არ მქონოდა. გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ყველა შეკრება დუშეთის ბაზაზე უნდა გაგვევლო. ეს მარტო ძიუდოს არ ეხება, სხვა სახეობებსაც შეკრებებზე დუშეთში უშვებენ. ის ბაზა ნაცვლიშვილისაა და იქ ვარჯიში იძულებითია ყველა ნაკრებისთვის. დაჟინებით მოვითხოვე, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ბორჯომისა და ბაკურიანის შეკრებებზეც გავეშვით. ასეც მოხდა, მაგრამ ისეთ ცუდ პირობებში ამოგვაყოფინეს თავი, ვერც წარმოვიდგენდი. მაშინაც ცდილობდნენ, გუნდი სათანადოდ არ მომემზადებინა. იაპონიაში ექიმიც კი არ გაგვაყოლეს. არადა, ჩემპიონატამდე 2 კვირა რჩებოდა და ტრავმების რისკიც თავისთავად არსებობდა. ახალი სკანდალი უნდოდათ და მიიღეს კიდეც, ირაკლი ცირეკიძის სკანდალი.
- ის ამბავიც წინასწარ გათვლილი იყო?
- სამწუხაროდ, ასე იყო.
- გამოდის, რომ ირაკლი ცირეკიძეს სდებთ ბრალს, რომ მედლისთვის ბრძოლა შეგნებულად არ გააგრძელა?
- ბრალს არ ვდებ. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. ლაშა გუჯეჯიანის შეხვედრა მიმდინარეობდა, როცა გვერდით ტატამზე ცირეკიძეს უხმეს. მაშინვე გავიქეცი გასახდელში. კიმონო არ ეცვა, დავკარგეო. კიმონოს გარეშე შედი დარბაზში, რომ დაგინახონ მეთქი, მაგრამ არ ქნა, სანამ სხვა კიმონო არ მოირგო. წაგება ჩაუთვალეს, მაგრამ წესები ბოლომდე რომ დაეცვათ, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. წამზომი უნდა ჩაერთოთ, რაც არ მომხდარა. იმ ამბის შემდეგ ნაცვლიშვილმა ერთი ჭორიც მოიგონა. აქაოდა, თურმე რუმინეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დარბაზში მყოფი ჩვენი ეკონომიკის მინისტრისთვის, ვერა ქობალიასთვის უთქვამს, ცირეკიძეს ტოტიკაშვილმა უთხრა, საჭიდაოდ არ გახვიდეო. ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომ ნაკრებისთვის ჩამოვეცილებინეთ. ჯერ კიდევ ბაკურიანული შეკრებისას მითხრა ნაკრების ექიმმა კახაბრიშვილმა, შემოგითვალეს, მსოფლიოზე შედეგი გექნება თუ არა, მაინც უნდა გადადგეო. რომ არა ის სკანდალი, ცირეკიძეს მედალს ვერავინ წაართმევდა. შედეგიანობა კი ყველას როდი აწყობდა.
- თუ ასეთ უსამართლობებს აწყდებოდით, რატომ არაფერს ამბობდით? თუნდაც მაშინ, იაპონიიდან დაბრუნებულმა თანამდებობა საკუთარი ნებით რომ დატოვეთ?
- გამოვეცალე, გუნდში პრობლემები რომ არ ყოფილიყო. რაც შეეხება დუმილს, რეალური მიზეზით მაშინ რატომღაც ჟურნალისტები არ დაინტერესებულან.
- ვინც დაინტერესდა, მათ თავად დაუსახელეთ გადადგომის მიზეზად უმედლოდ დარჩენა...
- სულ სხვა პრობლემები იყო. გაცილებით მძიმე.
- თქვენი მწვრთნელობისას სხვა უსამართლობებზეც შეგეძლოთ ყურადღება გაგემახვილებინათ. თუნდაც იმაზე, რომ შოთა ხაბარელის მხარდამჭერი რამდენიმე კარგი მწვრთნელი დარჩა უმუშევარი...
- ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების შეცვლის გადაწყვეტილება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა მიიღო. მე არ ჩავრეულვარ. არც მქონდა ამის უფლება.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- არაფერს. ვუყურებ, როგორ მიდის ქართული ძიუდო უფსკრულისკენ. საერთაშორისო ტურნირების მსაჯადაც აღარ მიძახებენ. ფედერაცია მბლოკავს, მაგრამ მის პრეზიდენტზე, გიორგი ალექსიძეზე ცუდს მაინც ვერ ვიტყვი, რადგან ის რეალურად არაა ფედერაციის პრეზიდენტი. სიტუაციას მთლიანად გია ნაცვლიშვილი აკონტროლებს. ქართული ძიუდოს სამყაროსა და პირადად ჩემი დანაშაულიცაა, რომ დროულად არ ჩავერიეთ და შიდა სიტუაციის არევის საშუალება მივეცით. ძალიან ბევრ რამეზე დავხუჭეთ თვალი. თუნდაც 2006 წლის თბილისურ მსოფლიოს თასზე, როდესაც ტურნირიდან შემოსული 46 ათასი ნაცვლიშვილმა აიღო.
ოთარ მაღლაკელიძე







