ძიუდო

16:40 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამირანის ბრინჯაო

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე მამაკაცთა და ქალთა მხოლოდ თითო წონით კატეგორიას დაეთმო – დღეს ტატამზე 60 კილოგრამში მოჭიდავე მამაკაცები და 48-კილოგრამში მოჭიდავე ქალები გავიდნენ.

საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი მხოლოდ 60 კილოგრამში ჰყავდა – კიმონო მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა ამირან პაპინაშვილმა მოირგო და ხუთი შეხვედრის ჩატარების შემდეგ პოდიუმზეც ავიდა - ევროპის 2013 წლის ქართველმა ჩემპიონმა მსოფლიო კონკურენციაში ბრინჯაო გამოიმუშავა.

ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაიკარგა – პაპინაშვილი მონღოლ ბოლდბაატარ განბატს დაუპირისპირდა და უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით დამარცხდა (3:2). გადამწყვეტი შიდო საქართველოს ნაკრების წევრმა მეხუთე წუთის დასაწყისში მიიღო.

განბატთან დაჭიდებამდე ამირანმა სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა. ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო, ჰოლანდიელ ხეროენ მუურენთან შეხვედრით, რომელშიც ვაზარით იმარჯვა. ბრიტანელი ეშლი მაკკენზი წუთსა და 58 წამში ორჯერ დააგდო ტატამზე, მეოთხედფინალში კი ფრანგ სოფიან მილუსთან საწყის წუთნახევარში ვაზარს და იუკოს აგებდა, მაგრამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა და გაფრთხილებით დაწინაურდა, ხოლო საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე მილუ შებოჭა.

რეპეშაჟის ფინალში ამირან პაპინაშვილი ებრაელ არტიომ არშანსკის შეხვდა და პირველივე წამებიდან დაეუფლა ინიციატივას, მაგრამ მესამე წუთზე წამოწყებული ილეთი ვეღარ გააგრძელა და თავად დავარდა იუკოზე. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ უფრო გააქტიურდა და მაშინ, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ათიოდ წამი რჩებოდა, არშანსკის ვაზარი აუღო. ტატამის მსაჯმა გდება რატომღაც ვერ შენიშნა, მაგრამ მსაჯთა მაგიდიდან გადაწყვეტილება უმალ შეაცვლევინეს. ქართველმა ძიუდოისტმა უპირატესობა გაფრთხილებების ხარჯზე შეინარჩუნა და მსოფლიოს ინდივიდუალურ პირველობაზე პირველ მედალს დაეუფლა. მეორე ბრინჯაო მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს ერგო.

ქართველის მომგებმა მონღოლმა კი ფინალში რუსეთის ნაკრების წევრს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ბესლან მუდრანოვს კიდევ ერთ უილეთო ბრძოლაში, კვლავ შიდოებით (2:1) აჯობა და სეზონის ოქროს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა.

ქალთა შორის ჩემპიონატი წაუგებლად იაპონელმა იაპონელმა ამი კონდომ დაასრულა. ვერცხლი არგენტინელმა პაულა პარეტომ მოიპოვა, ფრანგმა ამანდინ ბუჩარდმა და კუბელმა მარია სელია ლაბორდემ კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ხვალ მედლები მამაკაცთა შორის 66 კილოგრამში გათამაშდება, ქალებში – 52-ში. საქართველოს ნაკრებისთვის კი 26 აგვისტო უქმეა, რადგან მონაწილე არც ერთ წონაში არ გვყავს.

 

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

25 აგვისტო

 

კაცები

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)

 

ქალები

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 პაულა პარეტო (არგენტინა)

3 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

3 მარია სელია ლაბორდე (კუბა)

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.209923