ძიუდო

16:08 | 8.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ამნისტია ძიუდოსაც შეეხო, ოღონდ სანახევროდ

ძიუდოისტი ნოდარ მეტრეველი აქტიურ სპორტს უბრუნდება. სამუდამოდ დისკვალიფიცირებული სპორტსმენისთვის სასჯელის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს “მსოფლიო სპორტს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
ნოდარ მეტრეველი ძიუდოს 2011 წლის მაისში ჩამოაშორეს, აზერბაიჯანულ შეკრებაზე ქურდობის გამო. უმკაცრესი სანქცია სამინისტროს ხელმძღვანელობამ გამოიტანა. შესაბამისად, ამნისტიის გადაწყვეტილებაც იქვე მიიღეს. 
ახლახან, ძიუდოისტებმა და მწვრთნელებმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას დისკვალიფიცირებული სპორტსმენის შეწყალების თხოვნით წერილობით მიმართეს. თავის მხრივ, ფედერაციამ ანალოგიური შინაარსის წერილი სპორტის სამინისტროში გადააგზავნა და პასუხმაც არ დააყოვნა.
უმკაცრესი ვერდიქტის შემდეგ გამოცხადებული ამნისტია თუ სასჯელის შემსუბუქება ქართულ სპორტში პირველი არაა. ერთი თვის წინ შეწყალება წინასწარ გარიგებულ თამაშებში მხილებულ ფეხბურთელებს გიგა ბეჭვაიას, როინ ონიანს, ლევან ვართაგავას, სპარტაკ გოგიასა და კახა კირთაძეს შეეხოთ, რომლებსაც ასევე სამუდამო დისკვალიფიკაცია ჰქონდათ მისჯილი. მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წლინახევრით მოკვეთილ კალათბურთელ ბესიკ ლეჟავას კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ უცხოურ კლუბში თამაშის ნება დართო.
“მსოფლიო სპორტი” კიდევ ერთი ძიუდოისტის, ნაკრების კანდიდატ იოსებ წელაურის ბედითაც დაინტერესდა. 2011 წლის უნივერსიადაზე მსაჯისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო შარშან მაისში, წელაურიც მეტრეველის მსგავსად, სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს. როგორც შევიტყვეთ, ამ შემთხვევაში შეწყალებაზე საუბარი არაა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102176