ქართველ ქალთა შორის ნომერ პირველმა მეჩოგნემ, 20 წლის ანა ტატიშვილმა, გასულ კვირაში, პრაღაში გამართულ WTA-ს ტურნირში მეოთხედფინალამდე მიაღწია. აქ ტატიშვილი (156-ე რეიტინგში) მასზე 12 წლით უფროსს, შვეიცარიელ შნიდერს (56-ე) გადაეყარა და კლასიფიკაციაში 100 ადგილით წინ მყოფ მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა. 1:1 (6:2; 2:6)-ის შემდეგ, შეხვედრის ბედი მე-3, დასკვნითმა სეტმა გადაწყვიტა, შნიდერმა 7:5 მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 220-ათას დოლარს შეადგენდა. ქართველ მეჩოგნეს აქედან 5340 დოლარი ერგო და პლუს ამას, 70 სარეიტინგო ქულაც მიითვალა.
ამჟამად, ტატიშვილი სლოვენიის ქალაქ პორტოროჟის 220-ათასდოლარიან ტურნირში მონაწილეობს. ქართველმა მეჩოგნემ საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ორი ეტაპი დასძლია. “მსოფლიო სპორტი” ანას სლოვენიაში, მეორე შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტელეფონით დაუკავშირდა:
- შნიდერთან მატჩი კარგად დაიწყეთ და 6:2 დაწინაურდით. ნახევარფინალის საგზურამდე ერთი სეტის მოგებაღა გაშორებდათ, მაგრამ...
- მაგრამ ზედიზედ 2 სეტი წავაგე და ნახევარფინალის საგზური შნიდერს ერგო. ძალიან მინდოდა ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ძლიერი მეტოქე მყავდა, რომელიც ერთხანს მსოფლიოს პირველ ათეულში შედიოდა და მე-7 ადგილზე იმყოფებოდა. მე-3 სეტში თანაბარი ბრძოლა იყო და უბრალოდ, ფორტუნა ჩემსკენ რომ გადმოხრილიყო, ნახევარფინალში მე გავიდოდი.
- მთლიანობაში როგორ აფასებთ პრაღის ტურნირზე თქვენს გამოსვლას?
- რა თქმა უნდა, დადებითად, რადგან ამ დონის ტურნირებში მეოთხედფინალამდე ჯერ არასდროს მივსულვარ.
- რა მიზნები გაქვთ უახლოეს მომავალში?
- რაც შეიძლება მალე მინდა მოვხვდე პირველ ასეულში, რათა დიდ ტურნირებში მონაწილეობისას საკვალიფიკაციო შეხვედრების ჩატარებამ აღარ მომიწიოს.
- თუ შეიძლება, უფრო ახლოს გაგვეცანით.
- დავიბადე 1990 წლის სამ თებერვალს, ქალაქ თბილისში. 2003 წლიდან მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობ ამერიკაში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკარაკონში.
- ჩოგბურთელობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ჩემი და, თამთა დადიოდა ჩოგბურთზე და ვარჯიშებზე მეც დავყვებოდი. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მეც დამეწყო ვარჯიში.
- სად ვარჯიშობდით და თქვენი პირველი მწვრთნელი ვინ იყო?
- ვვარჯიშობდი “დინამოს” კორტებზე, ჩემი პირველი მწვრთნელი კი ალექსანდრე ბაქში იყო.
- ჩოგბურთის გარდა, სხვა პროფესია თუ გაქვთ?
- საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აღარ გამიგრძელებია. ჩოგბურთს ძალიან დიდი დრო მიაქვს და ფიზიკურად ვერ ვახერხებ.
- არც აპირებთ მეორე პროფესიის დაუფლებას?
- რა თქმა უნდა, ვაპირებ. ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ჩოგბურთს ვერ ვითამაშებ.
- და თუ გაქვთ შერჩეული?
- ჩემი მშობლები ტექნიკური დარგის სპეციალისტები არიან. მართალია, მომავალი პროფესია არ შემირჩევია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მშობლების კვალს არ გავყვები. მე უფრო ჰუმანიტარული დარგები მიტაცებს.
- თქვენმა დამ რა აირჩია?
- ჩემი და იურისტია და კრიმინალთან ბრძოლის სფეროში მუშაობს.
- კვირაში რამდენი დღე ისვენებთ?
- მხოლოდ ერთი, კვირა დღე მაქვს დასვენება.
- და რას საქმიანობთ ამ დროს?
- თავისუფალ დროს მეგობრებთან ვატარებ, დავდივარ კინოში, ზღვაზე. ვკითხულობ წიგნებს...
- რომელი ჟანრის წიგნები მოგწონთ?
- დეტექტიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებები მომწონს. არ მიყვარს ფანტასტიკა და ზღაპრები.
- ამჟამად რას კითხულობთ?
- ამჟამად, პაულო კოელიოს ნაწარმოებებით ვარ გატაცებული.
- ქართულ წიგნებს თუ კითხულობთ?
- სამწუხაროდ, ქართული წიგნები არ მაქვს და ვერ ვკითხულობ.
- არც ადრე წაგიკითხავთ რომელიმე ქართული წიგნი?
- ბავშვობაში წავიკითხე დათა თუთაშხია. სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ნაწარმოების შინაარსი აღარ მახსოვს.
- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ?
- ამ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს ვიყავი თბილისში და ვმკურნალობდი მარცხენა ფეხზე.
- ტრავმა თუ მოირჩინეთ?
- მოვირჩინე, მაგრამ თავს ვიზღვევ და მაინც შეხვეული ფეხით ვთამაშობ.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განვლილი ცხოვრების თითქმის ნახევარი ამერიკაში გაქვთ გატარებული, ქართულად უაქცენტოდ საუბრობთ...
- ჩვენს ოჯახში მხოლოდ ქართულად ვსაუბრობთ და ენის შენარჩუნება არ გვიჭირს.
- შეყვარებული თუ გყავთ?
- (ეცინება) ჯერჯერობით, არა.
- მნიშვნელობა თუ აქვს, რომელი ეროვნების წარმომადგენელი იქნება თქვენი მომავალი მეუღლე?
- მთლიანობაში არა, მაგრამ კარგი იქნება თუ ქართველი მეუღლე შემხვდება.
- ოჯახთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ცხოვრობთ და საქართველოდან საბოლოოდ წასვლაზე თუ გიფიქრიათ?
- რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, საქართველოს საბოლოოდ არასოდეს მივატოვებ.
როლანდ ლაბუჩიძე







