ინტერვიუები

14:51 | 14.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ანიელი: “იუვენტუსის” გენეტიკურ კოდში სკუდეტოს მოპოვებაა ჩადებული”

2010 წლის 10 მაისიდან, ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტად ანდრეა ანიელი აირჩიეს, რომელიც საკუთარი მოვალეობების შესრულებას ათიოდე დღეში შეუდგა. ჯერჯერობით, ანიელების ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, “ლაციოსთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ კი, ანდრეა ანიელიმ  Tuttosport-ს მისცა ბლიც-ინტერვიუ, რომელშიც “ბებერი სინიორას” წინამძღოლის პოსტზე გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო პერსპექტივაზეც მოკლედ ისაუბრა.
- სინიორ ანდრეა, 20010 წლის 19 მაისს, “იუვეს” პრეზიდენტის რანგში თქვენი ინაუგურაცია შედგა. რა შეფასებას მისცემთ თქვენს მოღვაწეობას ლეგენდარული კლუბის თავვკაცის რანგში?
- რთული თვეები გადავიტანე. ახალი კლუბის მშენებლობაში პირველი აგური მაშინ დავდე, როცა სპორტულ დირექტორად ბეპე მაროტას კანდიდატურა შევარჩიე. სწორედ მასთან შეთანხმებით, მთავარ მწვრთნელად ლუიჯი დელ ნერი მოვიწვიეთ. დანარჩენზე კი მოკლედ მოგიჭრით – “იუვენტუსის” სადღეისო მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.
- “ახალი იუვენტუსის” მიზანი რაა?
- ჩვენი კლუბის გულშემატკივრები ჩემპიონობაზე ოცნებობენ, “იუვენტუსის” გენეტიკურ კოდშიც სკუდეტოს მოპოვებაა ჩადებული. თუმცა, გუნდის ერთგულ ქომაგს პირველობას ხელაღებით ვერ დავპირდები. საამისოდ თავს არ დავზოგავთ, მაგრამ გარდაქმნა ბოლომდე მიყვანილი არაა.
- რატომ შეაჩერეთ არჩევანი დელ ნერიზე? შეგეძლოთ ისეთი სპეციალისტები მოგეწვიათ, როგორებიც ჩეზარე პრანდელი და რაფა ბენიტესი არიან...
- მე და მაროტა დარწმუნებულები ვიყავით “იუვესთვის” ოპტიმალურ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდით. აზრი არც ახლა მაქვს შეცვლილი. დელ ნერი ფეხბურთელების ტექნიკურად და ტაქტიკურად დახვეწის ოსტატია, ამასთან, მოთამაშეთა ემოციური თვალსაზრისით დატვირთვაც შეუძლია.
- პაველ ნედვედს, უფრო მეტად, თქვენი მრჩევლის ფუნქცია აქვს მინიჭებული, ვიდრე დირექტორატის წევრისა...
- პაველი არა მარტო ჩემთვის, ნებისმიერი “იუვენტინოელისთვის” მეტად ფასეული ადამიანია. მის ნებისმიერ რჩევას გულისყურით ვეპყრობი.
- კლუბის გენერალურ დირექტორ ჟან-კლოდ ბლანს, უფლებები შეეკვეცა?
- გარკვეულწილად ასეა, სატრანსფერო საქმეები, თავის გუნდთან ერთად, მაროტამ ჩაიბარა, ჟან-კლოდი კი ახალი სტადიონის მშენებლობას განაგებს. თანაც, ფინანსებს კვლავინდებურად ბლანი განკარგავს.
- როდის დასრულდება “იუვენტუსის” გარდაქმნის პროცესი?
- სეზონის მიწურულს შედეგს შევაფასებთ და მხოლოდ მაშინ შეგვეძლება გადაჭრით თქმა, შევძელით თუ არა “იუვენტუსის” 14 მილიონი გულშემატკივრის გახარება.


 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ






 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089285