ინტერვიუები

10:38 | 13.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: “10 წლით გავახალგაზრდავდი”

 

უკრაინის ნაკრების ვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ დაამტკიცა, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რომაა. “შევას” ორმა გოლმა უკრაინის მიერ შვედეთის დამარცხება განაპირობა, ნამატჩევს კი მას უეფას მიერ დაწესებული მატჩის საუკეთესო მოთამაშის სპეციალური პრიზი სავსებით დამსახურებულად გადაეცა.
 
- ელოდით ევროპირველობის სასტრატო ტურში ასე კარგად რომ ითამაშებდით?
- ამგვარ ფანტასტიკურ საღამოს ვერცკი წარმოვიდგენდი. უკეთესს ვერც ვინატრებდი და სიზმარშიც ვერ ვნახავდი. მატჩის დასრულების შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს 10 წლით ახალგაზრდა გავხდი. მთელი სეზონის განმავლობაში ზურგისა და მუხლის ტრავმებმა გამაწამეს. არცთუ დიდი ხნის წინ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ვერ მოვახერხებდი. საბედნიეროდ, გვერდით ერთგული და რაც მთავარია, მაღალი რანგის სპეციალისტები დამიდგნენ და მოკლე დროში “ფეხზე დამაყენეს”. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ჩემი წარმატებული თამაში კონტინენტის პირველობის სასტარტო შეხვედრაში. კარგ ფორმაში ვარ და შემდგომი მატჩების კარგად ჩატარების საფუძვლიანი იმედიც მაქვს.
- 2009 წლის შემოდგომაზე დონეცკის “დონბას არენას” თვალცრემლიანი ტოვებდით. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში საბერძნეთის ბარიერი ვერ გადალახეთ. შვედებთან დაპირისპირებისას იმ მატჩში განცდილი სიმწრის კომპენსირება მოახერხეთ?
- როდესაც ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ, კომპენსაციაზე მაშინ ვისაუბროთ. ჯერჯერობით კი, მართალია, ისტორიული, მაგრამ ერთი შეხვედრა მოვიგეთ. ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნით. წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, წინ 2 ურთულესი ასპარეზობა რომ გველის. ჩვენი ამჟამინდელი ამოცანა საფრანგეთთან და ინგლისთან დასაპირისპირებლად მაღალ დონეზე მომზადებაა. მომგებიანი სტარის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა, თუმცა, იოტისოდენა მოდუნება ყოვლად დაუშვებელია. კარგად გვესმის, როგორი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწევს საბოლოო მიზნის აღსასრულებლად.
- ფეხბურთის სპეციალისტები განსაკუთრებით თქვენმა მეორე გოლმა აღაფრთოვანა. ბურთის ჩაწოდებისას თავური დარტყმა მეტად ეფექტური გამოგივიდათ...
- თავდამსხმელი, რომელიც მუდმივად მოძარაობაშია, ყოველთვის პოულობს თავისუფალ ადგილებს მოწინააღმდეგის დაცვაში. ვცდილობ, ამგვარ მანერაში ვითამაშო. პირველი გოლი იარმოლენკოს გადაცემის შემდეგ გავიტანე, რისთვისაც მას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ამ ეპიზოდში მეტოქეს წამის მეათედით დავასწარი. მეორე გოლს რაც შეეხება, ეს კომბინაცია ვარჯიშებზე კარგად გვაქვს დამუშავებული. რამდენჯერმე ვნახე ამ ეპიზოდის ჩანაწერი. ბურთი იმ ერთადერთ ნაპრალში გაძვრა, რომელიც მცველებს გამოეპარათ. სწორედ ამითაა ბრწყინვალე ფეხბურთი – სათანადოდ უნდა გამოიყენო შანსი, რომელიც გეძლევა. ვინც ამას ახერხებს, ბევრს მიაღწევს. 
- 2006 წელს გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გახვედით. ამჯერად რა ამოცანის გადაჭრას ისახავს მიზმად უკრაინის ნაკრები?
- მოდით ნუ გაგავლებთ პარალელს 6 წლის წინანდელ და დღევანდელ ტურნირებთან. გერმანიის მუნდიალზე ქვეჯგუფში ესპანეთის სახით ერთადერთი ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. “ფურია როხასთან” სადებიუტო მატჩი ჩავაგდეთ, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ და საბოლოოდ ჩვენი ქვეყანა უპირველეს საფეხბურთო ფორუმზე ღირსეულად წარმოვადგინეთ. ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, უფრო რთულ ჯგუფში მოვხვდით. გუნდები დაახლოებით თანაბარი ძალისანი ვართ. ძალიან კარგია, პირველი შეხვედრა რომ მოვიგეთ. ეს ფაქტორი შემდგომ მატჩებში ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოგვანიჭებს. განსაკუთრებით ისაა მნიშვნელოვანი, მოგება პირველი გოლის გაშვების შემდეგ რომ მოვახერხეთ. ახლა მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები არ გადავაფასოთ, კიდევ უფრო მეტად შევკავშირდეთ და მომავალი ურთულესი და უპრინციპულესი ორთაბრძოლებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. ფრანგები და ინგლისელები მცირედ შეცდომასაც არ გვაპატიებენ.
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.109637