ინტერვიუები

17:05 | 4.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: “ფეხბურთის თამაში არ მწყინდება”

“არასოდეს მითქვამს, თითქოს ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე წავალ ფეხბურთიდან”, – განაცხადა უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ ფიფას ოფიციალურ საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“შევა” სექტემბერში 35 წლის ხდება, მისი ვარსკვლავური წლები ჩავლილია, მაგრამ უკრაინის ნაკრები მის გარეშე ჯერ წარმოუდგენელია. თანაც, ევრო-2012 უკრაინა-პოლონეთში ტარდება და ოლეგ ბლოხინის გუნდში შევჩენკომ არ ითამაშოს, როგორია?!
2004 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი მშობლიურ კლუბში, კიევის “დინამოში” თამაშობს და ინტერვიუში იმ პერიოდს ახსენებენ, როცა “ჩელსიში” და განსაკუთრებით, “მილანში” ბრწყინავდა.
- კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
- თავს კარგად ვგრძნობ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მოტივაცია არ დამიკარგავს და მჯერა, უახლოეს წლებში არც დავკარგავ. მესმის, რომ როდესმე ჩამოვკიდებ ბუცებს კედელზე, მაგრამ არ ვიცი, როდის. საკმარისი რაოდენობის გოლები ახლაც გამაქვს და ჩემი მთავარი მიზანი ევრო-2012-ზე თამაშია. მოკლედ, ფეხბურთის თამაში არ მწყინდება.
- კიევის “დინამო” კვლავ ჩამორჩა დონეცკის “შახტარს” და ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. გაწბილებული იქნებით...
- არც ისე. მთავარია, ერთიანი გუნდი გავხდით. “შახტარი” უფრო შინაარსიან ფეხბურთს თამაშობდა, განსაკუთრებით კი პირველ წრეში, თუმცა მთლიანობაში, ჩვენც ბლომად ქულები დავაგროვეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ უკრაინის პრემიერლიგის დონეც შესამჩნევად ამაღლდა.
- მსოფლიო ფეხბურთის ბოლოდროინდელ თავისებურებებს როგორ აღიქვამთ? თუნდაც იმას, რომ დაბალი ფეხბურთელები არიან წინა პლანზე...
- ეს სიმართლეა. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოძრაობს ფეხბურთელი და როგორ გრძნობს თამაშს. ტექნიკა პირველ პლანზეა. “ბარსელონას” თითოელი ფეხბურთელი საოცრად ტექნიკურია და დაბალი ფეხბურთელები უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, შესაბამისად, უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. ხოსეპ გვარდიოლამ დიდი სამუშაო ჩაატარა.
- ასეთივე ფილოსოფია ჰქონდა თქვენს ყოფილ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკისაც – ის ტექნიკასა და სწრაფ მოძრაობას ფეხბურთელის უპირველეს მოთხოვნად აყენებდა.
- მართალი ხართ. თუმცა, ლობანოვსკი არა მარტო სირბილს, არამედ თამაშის ანალიზის სწრაფ უნარსა და შეტევის გაგრძელების უეფექტურეს სვლას მოითხოვდა. აუცილებელია, გუნდმა იცოდეს შეტევიდან დაცვაში სწრაფად გადასვლა და პირიქით. თუ გუნდს დიდი გამარჯვებები სურს, მაშინ ისეთი ფეხბურთელები უნდა ჰყავდეს, როგორებიც ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან – მათ მთელი თამაშის ხელში აღება შეუძლიათ. ეს იმ სტილის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც გუნდური თამაში არ ეშლებათ, მაგრამ თუ საჭიროა, ინდივიდუალურადაც თავისუფლად გაიბრწყინებენ.
- თქვენს კარიერაში ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი რომელი იყო? როგორც დადებითი, ისე უარყოფითიც...
- უკრაინის ნაკრები ოთხჯერ იყო მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მიჯნაზე, მაგრამ ფლეი ოფებში ვაგებდით – გერმანიასთან, სლოვენიათან, ხორვატიასთან, საბერძნეთთან... მაგრამ არ დამავიწყდება, როგორ ამიხდა ოცნება, როცა 2006 წლის მუნდიალზე გავედით. იქ მეოთხედფინალში გავაღწიეთ და მომავალ ჩემპიონ იტალიასთან წავაგეთ. მარცხი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო ძლიერს გხდის და სწავლის საბაბს გაძლევს.
- თანამედროვე ფორვარდებიდან ყველაზე მეტად ვინ გგავთ?
- პირადად მე, არასოდეს მიმიბაძავს სხვებისთვის. დღესდღეობით ყველაზე მეტად უეინ რუნი მომწონს, ის არასოდეს ჩერდება, იბრძვის გუნდისთვის და გააქვს მნიშვნელოვანი გოლები.
- ეროვნულ ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარეთ, ხოლო ანდრეი ტიმოშჩუკს 104 აქვს ჩატარებული. როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში ვის უფრო მეტი მოუგროვდება?
- 100-ს ორივემ გადავაბიჯეთ, რაც უკრაინელი ფეხბურთელებისთვის რეკორდია. ალბათ, ტიმოშჩუკს მეტი შანსი აქვს, რადგან ჯერ ერთი, 3 მატჩით მეტი ჩაუტარებია და ჩემზე ახალგაზრდაცაა. თუმცა, ვიმეორებ, ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ.
- უკრაინა ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელია. რა მიზანი გექნებათ?
- ვფიქრობ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ფავორიტებს ვებრძოლოთ და ჩემპიონობაზე ვიფიქროთ. უკრაინული ფეხბურთი პროგრესირებს და ამის ნათელი მაგალითია, რომ ევროჩემპიონატის თანამასპინძლობა გვარგუნეს. ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე კარგად თამაშობენ, დიდი ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის განვითარებას. და თუ გაგვიმართლებს, ჩემპიონობაც შეგვიძლია. ტიმოშჩუკი, ანდრეი ვორონინი, ალექსანდრ შოვკოვსკი – ამ ფეხბურთელებს ახალგაზრებისთვის კარგი მაგალითის მიცემა, წინ გაძღოლა შეუძლიათ. ტალანტები კი ნამდვილად გვყავს.
- ...და ვინ არიან ყველაზე პერსპექტიული უკრაინელი ფეხბურთელები?
- “შახტარის” ტარას სტეპანენკო, “დნიპროს” ევგენი კონოპლიაკა, ჩემი თანაგუნდელი ანდრეი იარმოლენკო. ისინი უკრაინული ფეხბურთის მომავალს წარმოადგენენ და დარწმუნებული ვარ, იმედებს გაამართლებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის.
- ისე ხდებოდა, რომ თქვენი ბავშვების დაბადებას გოლის გატანით აღნიშნავდით. როცა ჯორდანი დაიბადა, “მილანმა” “სამპდორიას” 1:0 მოუგო და თქვენ გაიტანეთ. ასევე, დაიბადა კრისტიანი, “ჩელსიმ” “უოტფორდს” 4:0 სძლია და ისევ შეაგდეთ. ხომ არ ფიქრობთ ტრადიციის გაგრძელებაზე და ევროპის ჩემპიონატის დროს მესამე ბავშვისთვის გოლის მიძღვნაზე?
- ოო, ჯერ არა. თუმცა, კარგი იდეაა...
 

 

მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164399