ინტერვიუები

14:54 | 15.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა: “გოლის მომენტში თამაშგარეში მეგონა თავი”

ანდრეს ინიესტა იმ ტიპის ნახევარმცველი არაა, გოლეადორის თვისებებით რომ გამოირჩევიან. მართლაც, ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” 25 წლის ვარსკვლავს სხვა საქმე უფრო დიდებულად შეუძლია, კარში კი იშვიათად ურტყამს, მაგრამ... გავიხსენოთ ბოლოსწინა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე”, როცა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ “მოკლა” “ჩელსი”, რამდენიმე დღის წინ კი, მუნდიალის ფინალის 117-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი, რითაც ჰოლანდია დაამწუხრა, ესპანეთის ნაკრებს კი მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.
ესპანური as –ი “ფურია როხას” 6 ნომერს ესაუბრა:
- როგორ მოხდა, რომ ასეთი რთული საკლუბო სეზონის შემდეგ, მუნდიალზე გაიბრწყინეთ?
- მართლაც, ტრავმები მაწუხებდა და სეზონი ძნელი გამოდგა, მაგრამ როგორც კი მუნდიალი დაიწყო, აღარაფერი მახსოვდა. ახალი ამბიციები დამიტრიალდა გონებაში და დიდი სურვილი მქონდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კარგად ჩამეტარებინა.
- რა იგრძენით, როცა პირველივე მატჩი წააგეთ შვეიცარიასთან?
- გავიფიქრე, რომ უიღბლობა ისევ თან დამდევს. ტრავმები ცალკე და “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წააგო, ნაკრებში კი მშვენიერი ატმოსფერო იყო და ყველანი ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო მიგვეღწია დიდი წარმატებისთვის.
- ამ მუნდიალიდან, ყველაზე საამაყო, რა დაგრჩებათ?
- ვფიქრობ, მილიონობით ადამიანს სიამოვნება მივანიჭეთ და მგონი, ეს ბევრს ნიშნავს.
- ნუთუ, პროფესიონალი და მითუმეტეს, ვარსკვლავი ფეხბურთელისთვის, ეს ამდენად მნიშვნელოვანია?
- რა თქმა უნდა. სიმართლე ვთქვა, პირველ რიგში ის მეამაყება, რომ ჩემი თამაში ხალხს სიამოვნებს და ოდნავ უფრო ბედნიერნი ხდებიან. ამის ფასი არაფერია.  
- რა იგრძენით იმ წამს, როცა მსაჯმა მუნდიალის ფინალში ბოლოჯერ ჩასტვინა?
- სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ბედნიერება – უცებ, ეს ვიგრძენი. უცებ გავიაზრე, რომ მოხდა ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი და დაკავებული ვარ იმ საქმით, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. და უცებ გამახსენდა, რომ სწორედ მე გავიტანე გამარჯვების გოლი. სიხარულისგან თავბრუ დამეხვა.
- ფინალზე მოკლედ რომ ვთქვათ: როგორი თამაში გამოვიდა?
- დაძაბული, უშეღავათო... ნებიმიერი ამგვარი ეპითეტი მოუხდება.
- გოლის მომენტში, სანამ კარში დაარტყამდით, რაზე ფიქრობდით?
- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, სესკის პასს ველოდებოდი და ვფიქრობდი, დავამუშავებ და დავარტყამ-მეთქი.
- ასეც მოხდა...
- დიახ, მაგრამ რატომღაც დამეუფლა შეგრძნება, რომ თამაშგარეში ვიყავი. და მერე ვიდეოფირი რომ ვნახე, დავრწმუნდი, რომ თამაშგარის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. რაც უნდა იყოს, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გავიტანდი – ჩემმა თავდაჯერებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
    
მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090803