ანდალუსიის “სევილიის” 38 წლის მეკარე და კაპიტან ანდრეს პალოპი კვლავინდებურად ოსტატურად თამაშობს და Sevillistas მორიგ წარმატებებზე ფიქრობს. ჟურნალისტთან საუბრისას მან სამომავლო გეგმებთან ერთად საკუთარი კარიერის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდიც გაიხსენა.
- უკვე 38 წლისა ხართ, მაგრამ “სევილიის” კაპიტნის რანგით კვლავ გადიხართ სათამაშოდ მინდორზე. როგორ ახერხებთ ამ ხნის განმავლობაში საბრძოლო სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
- არა მარტო ნებისმიერმა სპორტსმენმა, ყოველმა ადამიანმა საკუთარ ორგანიზმს უნდა მიხედოს. ეს დიეტის დაცვასა და დროულად დასვენებაში გამოიხატება. ფეხბურთელი კი ასკეტურად დღეში 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს. ყოველთვის ენთუზიაზმით ვუდგები მინდობილ საქმეს, ბევრს ვვარჯიშობ, ასაკის მიუხედავად, ვცდილობ პროგრესს მივაღწიო და გუნდის სრულუფლებიან წევრად ამჟამადაც ვთვლი თავს. ყოველთვის ახალ-მიზნებს ვისახავ, რაც მაღალი მოტივაციის შენარჩუნებაში მეხმარება.
- თქვენი კარიერის საუკეთესო მატჩები უეფას თასის 2006 და 2007 წლების ფინალებია. როგორ გაიხსენებთ ამ შეხვედრებს?
- ოო, ამ შეხვედრების დავიწყება შეუძლებელია. “სევილია” დიდი ხნის განმავლობაში ევროთასებზე წარმატებული ასპარეზობით ვერ დაიკვეხნიდა, თქვენ მიერ ნახსენებ წლებში კი ანდალუსიელი გულშემატკივარი უზომოდ გავახარეთ. უეფას თასს პირველად “მიდლსბროს” 4:0 განადგურების შემდეგ დავეუფლეთ. მართლაც კარგად ვითამაშეთ, ეინდჰოვენიდან სევილიაში დაბრუნების შემდეგ ქუჩებში უამრავი ადამიანი დაგვხვდა და ერთგულ ქომაგებთან ერთად გამარჯვება დილამდე ვიზეიმეთ. მომდევნო წელს გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” მატჩისშემდგომი პენალტების სერიის შემდეგ მოვახერხეთ ბარსელონას “ესპანიოლის” ძლევა. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო და გოლები დამატებით დროშიც “გავცვალეთ”. საერთოდ, ის პერიოდი “სევილიის” ისტორიაში “ოქროს ასოებით” ჩაეწერა. უეფას თასის გარდა, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები, აგრეთვე, “სამეფო თასიც” მოვიგეთ. დანი ალვეში, ლუიშ ფაბიანუ, ფრედერიკ კანუტე და სხვა ჩვენი პარტნიორები ბრწყინავდნენ. სინანულით მსურს გავიხსენო ანტონიო პუერტაც, რომელსაც სრული შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ტრაგიკულმა გარემოებამ არ მისცა.
- ევრო2008-ზე “ფურია როხას” განაცხადში მოხვდით, თუმცა, ავსტრია-შვეიცარიის სტადიონებზე თამაშის საშუალება არ მოგეცათ. დარწმუნებულები ვართ, კონტინენტის წლევანდელ ჩემპიონატსაც ყურადღებით ადევნებდით თავს. რა შეფასებას მისცემთ ესპანეთის ეროვნული ნაკრების წლევანდელ ტრიუმფს?
- ვერცკი წარმოიდგენთ, როგორ გამახარა “ფურია როხას” კიდევ ერთმა წარმატებამ. წინა და წლევანდელ ევროპის ჩემპიონატებზე “ფურია როხამ” ბრწყინვალედ იასპარეზა. ლუის არაგონესისა და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდების თამაში ერთმანეთს ძალიან წააგავდა. ურთულესი საქმეა მიჯრით ასეთი უნიშვნელოვანესი შეჯიბრებების მოგება და ბედნიერი ვარ, ესპანეთმა ეს რომ მოახერხა. რასაკვირველია, გული მწყდება, “ფურია როხას” შემადგენლობაში თამაშმა რომ არ მომიწია, თუმცა, ღმერთსა და ლუის არაგონესს მადლობას ვწირავ, ევრო2008-ზე ნაკრებთან ერთად რომ გახლდით.
- მიმდინარე სეზონში “სევილიას” რა მიზანი აქვს დასახული?
- უპირველესად, ევროთასის საგზური უნდა მოვიპოვოთ. ვოცნებობ, ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაზე. იმედია, თანაგუნდელებთან ერთად ამას მოვახერხებ.
- მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში არაერთი უმაღლესი რანგის ფეხბურთელის წინააღმდეგ გითამაშიათ. რომელს მიიჩნევთ საუკეთესოდ?
- დარწმუნებული ვარ, არავის გაუკვირდება, თუკი ლეო მესის დავასახელებ. როდესაც იგი კარს უტევს, შეუძლებელია ლეოს მომდევნო მანევრი გამოიცნო. ამას აზრი არ აქვს – რაც არ უნდა იფიქრო, მესი მაინც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის წინასწარ ამოცნობა ნებისმიერი მეკარის ფანტაზიას აღემატება.არგენტინელი ყოველი დაპირისპირებისას თავისი ოსტატობითა და აზროვნების სისწრაფით მაოცებს.
გოჩა კაჭარავა









