ლონდონის “არსენალში” დაბრუნებულმა ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ “ლიდსთან” ინგლისის თასის მატჩში (1:0) გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, კარგად მოგეხსენებათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 34 წლის ფრანგმა ჟურნალისტებისთვის ვრცელი კომენტარი გააკეთა, რომელსაც ნაწილ-ნაწილ გთავაზობთ.
თავისი თამაშის შესახებ...
“დიახ, მე გავიტანე, მაგრამ ეს ყოველთვის არ მოხდება. არ ვიცი, დაეხმარა თუ არა გუნდს ჩემი თამაში, მაგრამ ეს ჩემი სტილია. ვაპირებ, ამ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. შესაძლოა, მომავალ თამაშებში ჩემი ასეთი გარჯა გუნდს ვერ დაეხმაროს, მაგრამ მე მცდელობას არ დავაკლებ. ყველაფერი სწრაფად მოხდა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი: “როდესაც მინდორზე გავალ, ვეცდები, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო”. “არსენალს” გოლი ვერ გაჰქონდა და მე გულში ვამბობდი, რომ მინდორზე უნდა შევსულიყავი და თამაში ჩვენს სასარგებლოდ დამესრულებინა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ალექს სონგის თამაში, რომელმაც ბრწყინვალე პასი გამიკეთა. ბევრი არ მიფიქრია – ვეცადე, შანსი გამომეყენებინა”.
გოლის აღნიშვნა...
“გოლის შემდეგ, არ ვიცოდი, საით გავქცეულიყავი. პირველად არ მომხდარა, როცა გოლის შემდეგ არსენ ვენგერთან მივირბინე. ეს წარსულშიც არაერთხელ მომხდარა. ეს კლუბი ძალიან მიყვარს და ეს არასდროს დამიმალავს. არ მინდა, ლამაზი ისტორიის მოყოლასავით გამომივიდეს, უბრალოდ, ნამდვილად ძალიან, ძალიან მიყვარს “არსენალი”. თუკი ვენგერი გადაწყვეტს, რომ მინდორზე მხოლოდ 30 წამი უნდა გავატარო, გაგებით მოვეკიდები. სათადარიგოთა სკამზე თუ დამტოვებს, ამასაც მისაღებად ჩავთვლი. ყოველთვის გუნდთან ერთად ვიქნები – მოედანზეც და გასახდელშიც”.
ვის უძღვნის გამარჯვებას...
“საოცარი განცდა იყო, როდესაც ბურთი “ლიდსის” კარში აღმოჩნდა, მაგრამ მოდით, ჩემზე საუბარს მოვრჩეთ. მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებას პოლ ჯონსონის (“არსენალის” სამწვრთნელო შტაბის წევრი. –რედ.) აწ გარდაცვლილ დედას ვუძღვნი. იგი “მეთოფეთა” დიდი ქომაგი გახლდათ. ის ძალიან ცუდად იყო, როცა ვაგებდით. სამაგიეროდ, უბედნიერესი იყო, როცა “არსენალი” იმარჯვებდა. გამარჯვებას თავად ჯონსონსაც ვუძღვნი. ის ვარჯიშებზე მაშინაც კი მოდიოდა, როცა სახლში გარდაცვლილი დედა ეწვინა. პოლი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ “არსენალი” უყვარდა მასსაც და დედამისსაც. მინდა აღვინშნო ერთი ქალბატონი – ლინ ანი, რომელიც მე ტელევიზორით მხედავდა და მგულშემატკივრობდა. ეს გამარჯვება მათ ეძღვნებათ, ვისაც წარსულში ხშირად ვხედავდით, დღეს კი, ჩვენს გვერდით აღარ არიან”.
დაუჯერებელი გოლი...
“იმედია, ჩემთან არავინ მოვა და მეტყვის, რომ ეს სიზმარი იყო. პირველ თამაშზე დაბრუნების დღიდან ვფიქრობდი. გასახდელიდან სტადიონზე შესვლა ამიტომაც დავაგვიანე. ამ გრძნობას ვერ აღგიწერთ. ახალგაზრდა აღარ ვარ, ამიტომ, ვცდილობ, ცხოვრების თითოეული მომენტით დავტკბე”.
ფიზიკურ ფორმაზე...
“წესით, ხვალ ვისვენებთ, მაგრამ მინდა, ეს დრო საწვრთნელ მინდორზე გავატარო. სწორედ ეს მხდის ისეთს, როგორიც ვიყავი და ვარ – თავდაუზოგავი შრომა. ფიზმომზადების მწვრთნელი ტონი კოლბერტი უდიდეს სამუშაოს ასრულებს. ბოლო დროს, მასთან ბევრს ვვარჯიშობ. მისი დამსახურებაა, რომ მინდორზე 20 წუთის გატარება და იმის გაკეთება შევძელი, რაც უკვე ნახეთ. ის ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგანია, რომელიც კონკრეტულ ფეხბურთელებს უდიდეს დროს უთმობენ. მისი სამუშაო ურთულესია, რადგან ერთი ან რამდენიმე ტრავმირებული და უთამაშებელი ფეხბურთელის წვრთნა უწევს. რაც არ უნდა იყოს, კოლბერტი სამუშაოს ბრწყინვალედ ართმევს თავს”.
“ლიდსთან” მატჩზე...
“ინგლისის თასზე არაერთი მატჩი ჩამიტარებია და შემიძლია გითხრათ, რომ “ლიდსი” საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. მათი ფეხბურთელები დაცვის ხაზში კარგად ასპარეზობენ. გასულ წელს, მათ “არსენალის” სტადიონზე ფრე ითამაშეს. გემახსოვრებათ, მაშინ ანგარიში მატჩის მიწურულს, სესკ ფაბრეგასმა გაათანაბრა თერთმეტმეტრიანი დარტყმით. მათ თავდამსხმელებს მომენტები რომ გამოეყენებინათ, სულ სხვა თამაში წარიმართებოდა. მესმის, რომ გულშემატკივრები უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ ეს ძალზე რთული იყო. მოვიგეთ, მაგრამ საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ. ინგლისის თასზე მთავარია შენი საქმე გააკეთო. ჩვენ ეს გამოგვივიდა”.
გოლი საყვარელი გუნდისთვის...
“ეს დაუჯერებელია. ვფიქრობ, ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გადამხდა თავს. პირველად გავედი იმ კლუბის მაისურით მოედანზე, რომლის გულშემატკივარიც ვარ. “მეთოფეთა” ქომაგი მას შემდეგ გავხდი, რაც აქედან წასვლა მომიწია. ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს გაიტანო გოლი იმ გუნდისთვის, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. ბრწყინვალე გრძნობაა. ორი კვირის წინათ, მექსიკის პლიაჟზე ვისვენებდი, ახლა კი, საყვარელ კლუბს გოლით დავეხმარე. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მცველების კარგი თამაში, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში შეუცდომლად ირჯებოდნენ. გამარჯვების გოლი მე გავიტანე, მაგრამ საბოლოო შედეგი გუნდის დამსახურებაა. ერთად ვმოქმედებდით, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩემს თავს მაშინაც კი მეტს ვთხოვ, როდესაც გოლს ვიტან ან საგოლე გადაცემას ვასრულებ. უკვე გითხარით, რომ აქ გმირობისთვის არ მოვსულვარ. ჩემი მიზანია ვიყო “არსენალის” ნაწილი და მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს. აქ დაბრუნებას და გოლების გატანას არ ვგეგმავდი, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვფიქრობდი. ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ახლა აქ ვიქნებოდი და გამარჯვების გოლს განვიხილავდი. თითქოს, ჯერ კიდევ მძინავს. კიდევ გიმეორებთ, პირველად ვთამაშობ “არსენალის” მაისურით ამ კლუბის გულშემატკივრის სტატუსით. წარსულში, მზად ვიყავი “მეთოფეთათვის” თავი გამეწირა, მაგრამ ახლა კლუბის ნამდვილი ფანი ვარ. ეს სულ სხვა ემოცია და გრძნობაა. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, არარეალურია”.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ









