ინტერვიუები

17:45 | 2.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კალენდო: “ბაჯო იტალიელი მარადონაა”

ანტონიო კალენდო ის ადამიანია, რომელსაც სერია A-ს არაერთი ცნობილი ფეხბურთელის სატრანსფერო საქმე მიყავს. სააგენტო ბიზნესში კალენდო დიდი ხანია მოღვაწეობს და სერიოზული მიღწევებითაც შეუძლია დაიკვეხნოს - მათ შორის იმით, რომ წლების წინ აღმოაჩინა ისეთი ვარსკვლავი, რომელიც დღესაც ითვლება იტალიის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად: საუბარია რობერტო ბაჯოზე.
დოსიე: ანტონიო კალენდო დაიბადა 1944 წელს ნეაპოლში. კარიერაში თავისი პირველი ნაბიჯები ახალგაზრდა კალენდომ საგამომცემლო სახლ აგოსტინის წარმომადგენლად გადადგა. რამდენიმე წლის შემდეგ, მან საკუთარი გამომცემლობა (I.N.E.I.) შექმნა, რომელიც სკოლებისთვის სპორტულ ჟურნალებს უშვებდა, ასევე, აქვეყნებდა ინფორმაციას 70-იანი წლების ჩემპიონების შესახებ, რომელთა შორისაც ფიგურირებდა ლეგენდარული ჩოგბურთელი ადრიანო პანამა. 1977 წლის 16 დეკემბერს, კალენდომ გააფორმა კონტრაქტი იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ფიორენტინას” ნახევარმცველ ჯანკარლო ანტონიონისთან. საფეხბურთო მენეჯერად ანტონიომ მუშაობა 1979 წლიდან დაიწყო და 80-იანი წლების ბოლოს, მის სიაში უკვე ირიცხებოდა დაახლოებით 140 ცნობილი ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, გერმანიისა და არგენტინის ნაკრებების ძირითად შემადგენლობებში, მოედანზე ერთბაშად 12 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც კალენდოს კლიენტები იყვნენ.
თავის დროზე კალენდო ალდაირის, რობერტო ბაჯოს, კარლოს დუნგას, რამონ დიასის, დანიელ პასარელას, ტოტო სკილაჩის ინტერესებს იცავდა. მისი ამჟამინდელი კლინეტებიდან აღსანიშნავია დავიდ ტრეზეგე, კლებერსონი და მაიკონი. მოცემული მომენტისთვის კალენდო ფიფა-ს აგენტია და ევროპულ კლუბებს აუცილებელ დახმარებას უწევს სატრანსფერო ბაზარზე არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს საუკეთესო საფეხბურთო სააგენტო საფრანგეთში World Champions Club-ი.
- ბატონო კალენდო, მიმდინარე წელს ბაჯოს 45 წელი შეუსრულდა, არადა, თითქოს მან თამაშს თავი გუშინ დაანება...
- დიახ, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. საინტერესო ამბავი გამახსენდა და სიცილის შეკავება მიჭირს. მსურს, ის თქვენც გაგიზიაროთ და მერე გავაგრძელოთ...
- რა თქმა უნდა.
- რობერტო 17 წლის იყო და სერიოზული დაზიანება მიიღო. ამ დროს მან განაცხადა: “როდესაც 100 მილიონს გამოვიმუშავებ, მხოლოდ მას შემდეგ წავალ ფეხბურთიდან”! წარმოიდგინეთ, ამას ამბობს პატარა ბიჭი, რომელსაც არაფრისთვის მიუღწევია და ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. მახსენდება ისტორია, როდესაც ის საფრანგეთში ოპერაციას იკეთებდა. ბაჯო ძალიან განიცდიდა, მაგრამ მას “ფიორენტინას” პრეზიდენტი დაუკავშირდა და ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. რობერტო თითქოს ახლიდან დაიბადა - “ისინი მზად არიან, ჩემთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმონ, საუცხოო ხალხია...” მე მას მხარი ავუბი: “რობერტო, შენი ყველას ეიმედება. ექიმები ამბობენ, რომ ოპერაციის შემდეგ უფრო მაგრად ითამაშებ”. მან გამიღიმა, მხოლოდ ერთი შემოხედვა ყველაფრისთვის საკმარისი იყო. თუმცა, ისეთი მომენტებიც იყო, რომლებიც საშინლად მახსენდება.
- მაგალითად?
- პრესკონფერენცია, რომელიც ბაჯოს “ფიორენტინადან” “იუვენტუსში” გადასვლას მიეძღვნა. ვიღაცამ მას მხარზე “იუვეს” ემბლემა მოაცვა, რობერტომ კი, ის შორს, მაგიდის ქვეშ მოისროლა. დავიბენი, საჭირო იყო სიტუაციის გაკონტროლება და ჟურნალისტებისთვის მისი ჟესტის ახსნა. ბაჯო მეგობრობას მუდამ პირველ პლანზე აყენებდა და არ სურდა, ფლორენციელი ახლობლებისთვის იმედი გაეცრუებინა.
- როგორ აღმოაჩინეთ რობერტო ბაჯოს ტალანტი?
- ცოტა მოვლენებს დავასწრებ და ჩემი წიგნიდან, რომელიც აპრილში გამოვა, ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. ერთხელ რომის აეროპორტში მწვრთნელ ჯანი დი მარციოს შევხვდი, რომელმაც პრიმავერის “ვიჩენცადან” ნიჭიერი ახალგაზრდისთვის ყურადღების მიქცევა მირჩია. მისი გვარი იყო ბაჯო. ჯანის ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენის ნიჭი ჰქონდა და მე მის სიტყვებს 100 პროცენტით მივენდე. სამი დღის შედეგ, მე უკვე რობერტოს აგენტი ვიყავი.
- “ფიორენტინა”, “იუვენტუსი”, “მილანი”, “ინტერი”. ბაჯოს რომელიმე კლუბის სიმბოლოს ვერ უწოდებ, მაგრამ ის ყველგან უყვარდათ...
- რობერტომ ძალიან ბევრი კლუბი გამოიცვალა, მაგრამ ყველგან მაქსიმალურად იხარჯებოდა, აჩვენებდა თავის ფეხბურთს, წარმოუდგენელი სარგებელი მოჰქონდა. სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან კომპლიმენტებით ავსებდნენ, აქებდნენ და აღმერთებდნენ. სწორედ ამის გამო, მას ყველა მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა.
- დიახ, მწვრთნელები... ეს მისი სისუსტე იყო.
- არა მგონია, ეს ბაჯოს ბრალი იყოს, უბრალოდ, ასე მოხდა. შესაძლოა, ტიფიზებთან ძალიან ახლო ურთიერთობის გამო, მათთან სრული ურთიერთგაგებისა. რობერტო ყოველთვის აკონტროლებდა საკუთარ თავს და ასეა ახლაც. ის ჩვენი, იტალიელი მარადონაა. შემთხვევითი არაა, რომ 2003 წელს დიეგომ ბაჯოს Golden Foot-ის პრიზი გადასცა და განაცხადა, ვაღმერთებ მას როგორც ფეხბურთელსო.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, რომ შესაძლოა, რობერტო “ინტერის” მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ...
- მას ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ დიდი მწვრთნელი გახდეს. რობერტოს მსგავსი სურვილი არასდროს ჰქონია, მას უბრალოდ დასვენება სურდა. მაგრამ გავიდა დრო, ბაჯომ რაღაც მომენტებს გადახედა და როგორც ჩანს, მზადაა, სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყოს. ის ძლიერ მაგონებს გვარდიოლას.
- როგორ მოგწონთ ეს იდეა - გვარდიოლა-ბაჯოს დუეტი “ინტერის” სათავეში?
- საინტერესოა, მაგრამ მე არ ვურჩევდი ასეთ რამეს რობერტოს. გვარდიოლას გაუმართლა, რადგანაც ის მწვრთნელად მშობლიურ კლუბში ჩამოყალიბდა. მის განკარგულებაში იყვნენ ბრწყინვალე ფეხბურთელები, რომლებიც მუდამ აჩვენებდნენ შედეგს და გარკვეულწილად ეხმარებოდნენ პეპეს. ბაჯომაც იგივე გზა უნდა გაიაროს, იმუშაოს მშვიდ გარემოში და ჩამოაყალიბოს თავისი სამწვრთნელო შტაბი.
- თქვენს ამჟამინდელ კლიენტებზე ვისაუბროთ, მაგალითად, მაიკონზე.
- მე მასზე ძლიერ შემტკივა გული. ის არასტაბილურ სეზონს ატარებს. ერთ თამაშს ჩაატარებს, მერე სამი კვირით ლაზარეთში ხვდება, თუმცა, ის ძალიან კარგ მწვრთნელთან - კლაუდიო რანიერისთან მუშაობს. ვიმედოვნებ, ყველაფერი დალაგდება. არაფრის დამალვა არ მიყვარს და თუკი რამე ხდება, ყველაფერს ღიად ვამბობ.
- მისი მომავალი “ინტერშია”?
- მორატი მნიშვნელოვან ფეხბურთელს იაფად არასდროს ელევა. ახლა ფეხბურთი კომერციაა. ყველა შეიძლება იყიდო, ან გაყიდო...
- და ბოლოს. როგორ მიდის დავიდ ტრეზეგეს საქმე?
- მას მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ “რივერ პლეიტში” თამაში ისე დაიწყო, როგორც სჩვევია. დავიდი მებრძოლია, ის არასდროს ნებდება და მუდამ სარგებლის მომტანი ფეხბურთელია.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177239