2010 წლის 30 ოქტომბერს ტურინის “იუვენტუსმა” მილანის “სან სიროზე” ქალაქის თანამოსახელე კლუბს სძლია, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ (გუშინ) “ბებერი ქალბატონი” კვლავ ეწვია ამავე სტადიონს და ამჯერად მისი მსხვერპლი “ინტერი” შეიქნა. ამ მოგების შემდეგ იტალიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სერია A-ს ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა, წმინდა პრაქტიკულ მნიშვნელობაზე არანაკლები დანიშნულება ფსიქოლოგიურ ასპექტსაც აქვს – “ნერაძურის” მისსავე მინდორზე დამარცხება “იუვეს” საბრძოლველ სტიმულს გაუძლიერებს.
ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენთარი გააკეთა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინდელი მოგება გუნდის ფეხბურთელებმა გაწეული დიდი შრომის ფასად დაიმსახურეს. “ბიჭები ყოველდღიურად თავს არ ზოგავენ, წვრთნისა და თამაშის დროს მეტად მონდომებულები არიან და შედეგმაც არ დაახანა”, - ამბობს “ბიანკონერის” თავკაცი. მიღწეულის მიუხედავად, კონტე მაინც ფრთხილობს და აცხადებს, რომ წინ ლამის მთელი ჩემპიონატია გასავლელი და დასკვნების გაკეთებაც ნაადრევია: “უმნიშვნელოვანესი მოგება ვიზეიმეთ, სატურნირო ცხრილის სათავეშიც ვართ, მაგრამ ჯერჯერობით გუნდის ჩამოყალიბების საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა. ჯერ კიდევ გვაკლია თავდაჯერებულობა, სიმძლავრე. ამის გამო სასურველი შედეგის მიღწევა გვიჭირს, რაც ჩვენს და გულშემატკივრებს ნერვების ფასად უჯდება. უფრო მშვიდად და საკუთარი ძალისადმი მეტი რწმენით თამაში გვმართებს. დარწმუნებული ვარ, თანდათან ამასაც მოვახერხებთ. ჩვენ ხომ ახალი გუნდის მშენებლობას ჩავუყარეთ საფუძველი, კოლექტივს მენტალიტეტი და სათამაშო სტილი შევუცვალეთ”, - აცხადებს ანტონიო კონტე.
კონკრეტულად “ინტერთან” დაპირისპირებას რაც შეეხება, ტურინელთა თავკაცი განსაკუთრებით კმაყოფილი მისი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით დარჩა: “როდესაც მოწინააღმდეგის ზეწოლისთვის უნდა გაგვეძლო, ბიჭებმა ამოცანა წარმატებით გადაჭრეს. ისინი ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე აუღელვებლად იგერიებდნენ იერიშებს. ძალიან ინტენსიური დატვირთვის მატჩი გამოვიდა. ჩვენ ისიც გვირთულებდა სიტუაციას, რომ ბოლო 8 დღის განმავლობაში მესამე შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი ტაიმის მიწურულს გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მივმართე, ნახევარმცველები მინდვრის მთელ პერიმეტრზე გადავანაწილე, რითაც “ინტერის” შუახაზელების ფლანგებზე მოქმედება მაქსიმალურად შევზღუდეთ”.
მსაჯის საფინალო სასტვენს ანტონიო კონტე ისეთი ემოციით შეხვდა, თითქოს გუნდის დამრიგებელი კი არა, ფეხბურთელი იყო. “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ეს მოზღვავებული ბედნიერების გრძნობით ახსნა: “სან სიროზე” მოგება ძალიან სასიხარულოა, მით უმეტეს, კვალიფიცირებული თამაშის ფონზე. ჩვენ ხომ ბევრი საგოლე მომენტის შექმნა მოვახერხეთ. ჩემპიონატი გადამწყვეტ სტადიაში თანდათან შედის და სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება. მომდევნო შეხვედრა კვლავ გასვლაზე გვაქვს და ამჯერადაც ჩემპიონობის კიდევ ერთ კანდიდატს, “ნაპოლის” შევხვდებით. შევეცდებით, ნეაპოლშიც მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ”.
გოჩა კაჭარავა









