ინტერვიუები

17:31 | 1.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “იუვენტუსის” კაპიტალური განახლების აუცილებლობას ვერ ვხედავ”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველის, ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერა მშვენივრად დაიწყო. მან “ბარი” რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ  უძლიერესთა რიგებში დააბრუნა, რისთვისაც შარშანწინ სერია B-ს საუკეთესო დამრიგებლად დაასახელეს. ამის შემდეგ კონტემ ბერგამოს “ატალანტაში” ისურვა სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ გუნდის მესაჭის პოსტზე ანტონიოს მუშაობა ნაკლებად წარმატებული გამოდგა და 2010 წლის ექვს იანვარს, “ნაპოლისთან” 0:2 წაგების შემდეგ, კონტეს თანამდებობის დატოვება მოუწია. ანტონიოს გამოცდილებისა და ავტორიტეტის (ძირითადად სამოთამაშეო) გათვალისწინებით, მას დიდხანს უმუშევრად დარჩენა არ ეწერა. ასეც მოხდა. გასული სეზონის დასაწყისში იგი “სიენას” დამრიგებლად დაინიშნა და გუნდი სერია A-ში აღაზევა. სიენელთა წარმატებული ასპარეზობის ფონზე, საფეხბურთო მიმომხილველები მას “იუვენტუსის” დამრიგებლობას უწინასწარმეტყველებდნენ და მათი პროგნოზი ახდა – 2011 წლის ოცდათერთმეტ მაისს, ანტონიო კონტემ ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა ტურინულ კლუბთან. ხელშეკრულების ძალით, ანტონიო კონტე “ბებერ ქალბატონს” 2013 წლის ოცდაათ ივნისამდე უთავკაცებს.

- როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ?
- სიხარულის გრძნობა დამეუფლა და პირველი რაც გავიფიქრე ისაა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. “ბებერ ქალბატონში” არაერთი სეზონი გამიტარებია და მასთან ერთად ბევრი ტიტულიც მომიხვეჭავს. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები მუშაობას. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო სინიორ მაროტას და მთლიანად კლუბის მთელ ხელმძღვანელობას. მწვრთნელობის დაწყების მომენტიდან “იუვენტუსის” დამრიგებლობაზე ვოცნებობდი და ეს სურვილი ამიხდა.
- ტურინის “იუვენტუსი” როგორი სათამაშო სქემით იასპარეზებს? გაზეთებში უკვე გაიჟღერა თვალსაზრისმა, რომ კვლავინდებურად “ამბიციური” 4-2-4 განლაგებით თამაშს მიანიჭებთ უპირატესობას...
- მშრალი ციფრები ბევრს არაფერს ამბობენ. მთავარი პრინციპების და იდეების ერთგულებაა, რომლებიც გამოცდილებითა და ფეხბურთელებთან ყოველდღიური კონტაქტით მყარდება. ჩემი უპირველესი მიზანი და სურვილი ისაა, რომ მატჩის მსვლელობისას “იუვენტუსი” ბურთს შეძლებისდაგვარად დიდხანს აკონტროლებდეს. მოწინააღმდეგეს მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ, რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ დაკარგული ბურთი. ჩემი უპირველესი ამოცანა ტურინის “იუვენტუსის” კონკურენტუნარიანობის დაბრუნებაა. ეს ეხება როგორც იტალიას, ასევე საერთაშორისო ასპარეზს. ამას კლუბის უმდიდრესი ისტორია გვავალდებულებს. “იუვე” მოწინავეთა რიგებში ყოფნას იმსახურებს.
- “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკაზე რას გვეტყვით? მომავალ სავარაუდო შენაძენებზე საუბრამდე ანდრეა პირლოს ყიდვაზეც გააკეთეთ კომენტარი...
- მაღალი კლასის ფეხბურთელს ჩემ გუნდში ადგილი ყოველთვის მოეძებნება. მითუმეტეს, პირლო ნაკრების მოთამაშეა, ქარიზმა, კლასი და გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს. სატრანსფერო მიზნებს რაც შეეხება, მოკლე ხანში მაროტას, პარატიჩისა და ნედვევდს შევხვდები, მათთან საფუძვლიანი საუბარი მექნება კლუბის შემდგომ პერსპექტივასთან დაკავშირებით და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მაშინ მივიღებთ. მთავარია, კლუბის ფინანსური რესურსი საჭირო მიმართულებით და ეკონომიურად დავხარჯოთ. ტრანსფერები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ “იუვენტუსის” სადღეისო შემადგენლობა სოლიდურია და სეზონის ჩავარდნა სხვა გარემოებებს უნდა დავაბრალოთ. გუნდის კაპიტალური განახლების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ფეხბურთელებთან მიზანმიმართული სამუშაოს ჩატარებაა აუცილებელი და სათანადო შედეგი არ დაახანებს.
- მოთამაშის რანგში “იუვენტუსის” ღირსების დაცვისას ალესანდრო დელ პიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონის პარტნიორი იყავით. მათ დამრიგებლად მუშაობისას ეს მომენტი რაიმე უხერხულობის გრძნობას ხომ არ შეგიქმნით?
- არა. მათთან ერთობლივი მუშაობა მწვრთნელის რანგშიც სასიამოვნო იქნება. ისინი “იუვეს” სიმბოლოები არიან, იციან გამარჯვების ფასი და რაც მთავარია, როგორ მიაღწიონ ტრიუმფს.
- რა შეიცვალა კლუბში იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც “იუვენტუსის” ფეხბურთელი იყავით?
- სადღეისოდ მწვრთნელს მუშაობის უკეთესი პირობები აქვს. რამდენიმე ახალი მინდორი და სპორტდარბაზი გაკეთდა. ჩემი აზრით, ამჟამად კლუბში გაუმჯობესებული სტრუქტურაა და საორგანიზაციო მხარეც ამაღლდა. ტურინში უდიდესი ენთუზიაზმით და მონდომებით აღჭურვილი დავბრუნდი, ყველასგან დიდ მხარდაჭერას და ნდობას ვგრძნობ, ჩემი მხრიდან კი, “იუვეს” საკეთილდღეოდ არაფერს დავიშურებ.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095373