გუშინ ტურინის “იუვენტუსმა” ფლორენციაში იქაურ “ფიორენტინას” გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 მოუგო და რა გასაკვირია, “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ნამატჩევს კარგ გუნებ-განწყობაზე მყოფი რომ გაესაუბრა ჟურნალისტებს.
- მატჩის დაწყებამდე და პირველი გოლის გატანამდე თუ ელოდით, “იუვენტუსი” საბოლოოდ ესოდენ დამაჯერებელ და იოლ გამარჯვებას რომ მიაღწევდა?
- როდესაც ასპარეზობის დასაწყისში ვუჩინიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა გავიფიქრე, დღეს, ალბათ, ბედი არ გაგვიღიმებს, თანაც ფლორენციის “ფიორენტინა” ტრადიციულად ჩვენ წინააღმდეგ გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. თანდათან “იუვეს” უპირატესობა გამოიკვეთა, 5 უპასუხო გოლი გავიტანეთ და ჯერჯერობით მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე ჩავატარეთ.
- რა დარიგებებს აძლევდით ფეხბურთელებს მინდორზე გასვლის წინ?
- ბიჭებს ვუთხარი, რომ ურთულესი მატჩი გველოდა, მაგრამ ყოველმხრივ უნდა გვეცადა, წარუმატებელი სერია სწორედ ფლორენციაში მოგებით შეგვეწყვიტა. სკუდეტოსთვის ბრძოლის რეალურად გასაგრძელებლად 3 ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა. “იუვეს” ფესბურთელებმა ფსიქოლოგიური წონასწორობა, ოსტატობა და გამარჯვებისადმი სწრაფვა გამოამჟღავნეს.
- ფლორენციელ გულშემატკივართა ჟესტს რა შეფასებას მისცემთ?
- “ფიორენტინას” ფანები ჩემი გამოსახულების იისფერი პარიკით შეიარაღებულები რომ იყვნენ, ამას გულისხმობთ? ერთ-ერთი პარიკი მეც წამოვიღე და როდესაც თავზე თმა გამცვივდება, “ფიორენტინას” ქომაგების საჩუქარს გამოვიყენებ. დღეს კი, ფლორენციელთა საქციელს არ გავუბრაზებივარ, პირიქით, მათ იუმორს ვუწონებ.
- ტურინის “იუვენტუსში” ალესანდრო დელ პიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად თამაშობდით, სადღეისოდ კი მათი მწვრთნელი ხართ. ეს მომენტი რაიმე უხერხულობის გრძნობას ხომ არ გიქმნით?
- არა. მათთან მწვრთნელის რანგშიც ერთობლივი მუშაობა სასიამოვნოა. ჯიჯიცა და ალექსიც “იუვეს” სიმბოლოები არიან, მათ მშვენივრად იციან გამარჯვების ფასი და რაც მთავარია, კარგადაც უწყიან, როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს.
- თქვენი აზრით და დაკვირვებით, რა შეიცვალა კლუბში იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც “იუვენტუსის” ფეხბურთელი იყავით?
- სადღეისოდ კლუბში მწვრთნელს მუშაობის უკეთესი პირობები აქვს. ჩვენ საწვრთნელ ბაზაზე ბოლოხანს რამდენიმე ახალი მინდორი და სპორტდარბაზი გაკეთდა. საერთო აღიარებით, კლუბში გაუმჯობესებული სტრუქტურაა და საორგანიზაციო მხარეც ამაღლდა. საამსეზონო მიზანს რაც შეეხება, სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









