დღეს, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის “სამეფო თასის” პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში “რეალი” “ვალენსიას” დაუპირისპირდება. ამ პაექრობის წინ ესპანელი ჟურნალისტები “სამეფო კლუბის” არგენტინელ ფორვარდს ანხელ დი მარიას შეხვდნენ და წინასამტჩო ინტერვიუ ჩამოართვეს.
- გარდა 2 სათასო ბატალიისა, 20 იანვარს “ვალენსიას” პრიმერა დივიზიონის მატჩშიც შეხვდებით. რას ფიქრობთ “ღამურებთან” 3 დაპირისპირებაზე?
- სამივე შეხვედრა განსხვავებული იქნება. სათასო დაპირისპირებებს თავისებური სპეციფიკა აქვთ. თანაც, საშიანაო და საგარეო პაექრობები სხვადასხვა სცენარით მიმდინარეობს ხოლმე. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგანაც ამას მეტოქე მძიმედ დაგვისვამს.
- კონკრეტულად სამშაბათს ჩასატარებელ მატჩზე რას გვეტყოდით?
- ვალენსიელები მადრიდში მოსაგებად ჩამოვლენ. მესტალიელებს კონკურეტუნარიანი გუნდი ჰყავთ და ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება ძალუძთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა შევხვდეთ პირველ სამეოთხედფინალო შეხვედრას. მით უმეტეს, როცა ლა ლიგის მოგების შანსი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, “სამეფო თასი” და ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის პრიორიტეტული ტურნირებია.
- ბოლოხანს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სათანადო სპორტულ ფორმაში არ ხართ...
- პირადად მე ასე არ ვფიქრობ. ბევრს ვშრომობ, რათა ნებისმიერი მატჩის წინ 100 პროცენტით ვიყო მზად. არაფერს დავიშურებ საიმისოდ, ძირიტად შემადგენლობაში ადგილი მყარად რომ დავიბრუნო. როდესაც არ თამაშობ, საასპარეზო რიტმიდან ამოვარდნილი ხარ. სულ სხვაა, როცა მწვრთნელი 20 წუთით გიშვებს მინდორზე და როდესაც მატჩისთვის განკუთვნილ დროს სრულად ატარებ მინდორზე.
- ჟოზე მოურინიოსთან თუ გქონდათ ამაზე საუბარი?
- არა. პორტუგალიელთან არც მაშინ ვსაუბრობდი განცალკევებით, როცა სასტარტო შემადგენლობაში მაყენებდა და არც ახლა მაქვს დიალოგი. დამრიგებლის გადასაწყვეტია, ვინ როდის უნდა ათამაშოს. ვცდილობ, მზადყოფნით დავარწმუნო მოურინიო და არა საუბრით.
- ბოლო პერიოდში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ “რეალმა” მოტივაცია ხომ არ დაკარგა?
- ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. პრიმერაში პირველობის შანსი აღარ დაგვრჩა, მაგრამ ამ სეზონში დანარჩენი 2 ტურნირის მოგებას შევეცდებით.
- “ოსასუნასთან” მატჩში კაკას მინდვრიდან გაძევებას რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ?
- “რეალის” ბოლო შეხვედრებში არბიტრები სამწუხაროდ ხშირად ცდებიან და არამართებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. გითხრათ სიმართლე, არ მინახავს ის ეპიზოდი, როდესაც კაკამ პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე შემთხვევაში კი მოწინნაღმდეგის ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა, რათა უმცირესობაში დავრჩენილიყავით. საუბედუროდ, არბიტრთა მიერ ჩვენი გუნდისადმი განსაკუთრებული მიდგომა მოგონილი ამბავი არაა. აქ მხოლოდ შეცდომებზე არ მაქვს საუბარი. ხშირად მსაჯები “რეალის” მოთამაშეებს უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უდგებიან, ვიდრე მეტოქეებს. არ მგონია, ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევათა ჯაჭვი იყოს.
- ბევრს საუბრობენ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე...
- ეს მისი პირადი საქმეა. კრიშტიანუ ჭკვიანი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი მხრიდან კი მოგახსენებთ, რომ რონალდუ “რეალისთვის” განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც მარტოსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. პამპლონაში მისი არყოფნა გუნდს ძლიერ დაეტყო.
- ზემოთ ახსენეთ, რომ პრიორიტეტს ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგას ანიჭებთ. პრიმერა დივიზიონის შეხვედრებს ნაკლები მოტივაციით ჩაატარებთ?
- პირველ ადგილს დიდი დისტანციით დავშორდით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლა ლიგის მატჩებს ნაკლები პასუხისმგებლობით მივუდგებით. დარჩენილ მატჩებში ყოველმხრივ შევეცდებით მაქსიმალური ქულების რაოდენობის დაგროვებას. თუმცა, ვაღიარებ, “ბარსელონასთან” ესოდენ დიდი ჩამორჩენა ცუდ ხასიათზე გვამყოფებს.
- ჩვენი მეშვეობით “რეალის” გულშემატკივრებს შეგიძლიათ მიმართოთ...
- მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. მეოთხედფინალის პირველი მატჩი სასურველი შედეგით უნდა დავასრულოთ, რათა განმეორებითი შეხვედრის წინ ვალენსიას იმედიანად ვესტუმროთ. ქომაგებს ვთხოვ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოვიდეს და მოგების მიღწევაში დაგვეხმაროს.
გოჩა კაჭარავა









