გულშემატკივრის სვეტი

12:23 | 21.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

არაღიარებული სიხარული

როგორც ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხშირად ამბობს ხოლმე, ”მოდით პირდაპირ ვთქვათ” – საბერძნეთის ნაკრები დიდი ვერაფერიშვილი გუნდია. ბრძოლა და მოწინააღმდეგეებისათვის წვივების აწითლება ბერძნებს აქამდეც კარგად გამოსდიოდათ და ამ მხრივ არც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენიათ თავი. ყისმათიც ძველებურად მოსდგამთ და მათ მწვრთნელსაც თავში სულ კაი-კაი აზრები დაუდის, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებთ იმას, რომ ელადელები რაღაცნაირ, გულმიუვალ, ჩუმჩუმელურ ფეხბურთს თამაშობენ. მიიღებს რომელიმე ბერძენი მცველი ბურთს, ზედმეტი ფიქრის გარეშე მიაწოდებს წინ მდგომ თანაგუნდელს, ისიც ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე მდგომ ბერძენს გადააწოდებს და ასე, მთქნარება-მთქნარებაში გადიან ბოლომდე. ახლა თავდამსხმელებს არ იკითხავთ?! ბარის მდინარესავით ათასში ერთხელ თუ აბობოქრდებიან და შეიბერტყავენ წელს. სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს რუსეთის ნაკრები. განსაკუთრებულად დიდ ”კოცონს” არც რუსები ანთებენ მინდორზე, მაგრამ მათ ხომ არშავინი ჰყავთ? მათ ხომ ძაგოევი ჰყავთ? ის ძაგოევი, ბედის უკუღმართობის გამო რომ თამაშობს რუსეთის ნაკრებში, თორემ ვინ იცის, ახალ ვლადიმერ გუცაევადაც გამოსდგომოდა ჩვენს დაჩიავებულ ნაკრებს. იქ ჟირკოვი და შიროკოვია – სწრაფი, ბევრისშემძლე ბიჭები. დიკ ადვოკაატის თავის ქალის ქვეშ მდებარე მასაზე ხომ ბევრი და ბევრი რამის თქმა და დაწერა შეგვიძლია. მოკლედ, მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელს მსოფლიოში ყველა გულშემატკივარს, ვინც კი ევრო 2012-ს უყურებს, საბერძნეთი-რუსეთის შეხვედრაში წესით რუსეთის მხარე უნდა დაეჭირა. მაგრამ, სკანდინავიიდან აპენინებამდე, ქომაგთა უმეტესობა გულში მაინც ბერძნებს გულშემატკივრობდნენ. კი ბატონო, ტოტალიზატორებში ფსონები რუსებზე უფრო მეტი დაიდო. საუბრებში ყველა ამბობდა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთია და პოლიტიკასთან არ ვაკავშირებთო, მაგრამ იმას, რასაც არ ვამხელდით, ანდა ვერ ვამხელდით რუსეთის გავარდნის შემდეგ, ვულკანივით ერთიანად ამოგვსკდა გულიდან.
 ახლა, ამ წუთშიც მტკიცედ მჯერა და ალბათ ბევრი თქვენთაგანიც მეთანხმება, რომ გულშემატკივრები პოლიტიკის სპორტთან დაკავშირების მომხრე არ უნდა ვიყოთ. ისიც კარგად ვიცით, რომ საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ნახევარფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება. მოკლედ, ჩვენი პირი სწორედ იმ სიტყებს ამბობს, რასაც უნდა ამბობდეს, მაგრამ ამ ოხერ ემოციებს რა ვუყოთ, რაც რუსეთის მარცხის შემდეგ ვერავინ დავმალეთ?! რომელიმე გავრცელებული ენის თუნდაც დაბალ დონეზე ცოდნა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები გულშემატკივრების განწყობები თუნდაც ინტერნეტის საშუალებით გაიგო. რუსეთისა და რასისტი რუსი გულშემატკივრების ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენა უხაროდათ: ჩეხ, პოლონელ, ფრანგ, ინგლისელ, იტალიელ, აზერბაიჯანელ, თურქ, ამერიკელ, კანადელ და ისეთ ქვეყნებში მცხოვრებ ქომაგებსაც კი, როგორიც ანდორა და სამხრეთ აფრიკაა. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, ფინეთზე და თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთთან დღემდე რთულ პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფებიან.
 თუკი ქართველისა და ესტონელის მხრიდან, ბერძენთა გულშემატკივრობა გასაგებია, რამ გადარია სამხრეთ აფრიკელი ვინმე ჯონ კოლჰემი, რომელიც ერთ-ერთ ინგლისურენოვან ინტერნეტ-ფორუმზე წერს: ”ჩემთვის ევროპის ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ დაიწყო. მათი გულშემატკივრების შოვინიზმი და რასიზმი გულისამრევია და ყოველთვის მოხარული ვიქნები, თუკი რუსები ჩემპიონატზე საერთოდ ვეღარ გავლენ”... ინგლისელი 32 წლის ენდრიუ კი წერს: ”გილოცავ ევროპავ! რუსების მოშორებით შენ ყველაზე დიდი ჭირი მოიშორე!.” გათენდება ხვალინდელი დღე და ჩვენ რასაკვირველია ძველებურად ვიტყვით იმას, რასაც პრინციპში მთელი ცხოვრება ვამბობდით. ”ჩვენ არ მოგვწონს რუსეთის ხელისუფლება, არ მოგვწონს მათი ჯარისკაცები ჩვენ მიწაზე რომ დგანან, მაგრამ ფეხბურთი არაფერ შუაში არაა პოლიტიკასთან”. ამას ვიტყვით და ალბათ ყოველთვისაც გავიმეორებთ, მაგრამ დადგება რუსეთის ნაკრების მატჩის დღე და ჩვენი სახეები ავტომატურად გაიბადრება, როდესაც რუსეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს დავინახავთ. მე არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ და რანაირად იხსნება ფსიქოლოგიაში თუ ეთნოფსიქოლოგიაში, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ლამის მთელი მსოფლიო სპორტშიც კი რუსეთის წინააღმდეგია, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაიმეს ვასკვნი: შეუძლებელია ყველა მტყუანი იყოს და შენ მართალი. მით უმეტეს, თუ ყველა შეცდომებზე მიგითითებს და შეცდომების აღიარება მაინც არ შეგიძლია!
 ფეხბურთი კი რა თქმა უნდა ყოველთვის ისეთივე დიდებული სანახაობა იქნება, როგორიც აქამდე იყო. ისევ იტირებენ დამარცხებული გუნდის გულშემატკივები. გამარჯვებულები კი სიხარულის ყიჟინას დასცემენ. მაგრამ რუსი ქომაგების გარდა, ყველას ეცოდინება, რომ შავკანიანი ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანია და კანის ფერის გამო მისი დაცინვა საზიზღრობა და უსინდისობაა!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092245