ობიექტური და მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ ქართული კლუბები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. ჩვენთვის ეს ჯერ ადრეა, რადგან ფეხბურთი ლოგიკური სპორტია და მიუხედავად იმისა, რომ “ბურთი მრგვალია” - იმარჯვებს უფრო ძლიერი. ძლიერი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. გრაცის “შტურმი” - საშუალო სიძლიერის ევროპული კოლექტივით, გამართული, აწყობილი ინფრასტრუქტურით და მენეჯმენტით. ჩვენ კი - კლუბი ამბიციებით რომელიც საკუთარ მოედანზე მხოლოდ იმიტომ ვერ თამაშობს, რომ არ ჰყავს უსაფრთხოების ყურადღებიანი თანამშრომლები, ან საერთოდ არ ჰყავს ისინი და არის პოლიციის იმედად, რომელთა კომპეტენცია მზესუმზირის კნატუნს არ სცდება! გრაცის “შტურმი” არის კლუბი, რომელიც თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც იცის, მერე რა, რომ ვერაფერი საცქერია, ჩვენ ვთამაშობთ იმას, რაც შეგვიძლია და რაც ყველაზე სამწუხაროა, რის საშუალებასაც მოწინააღმდეგე გვაძლევს. არადა გრაცელები რამდენჯერმე უნდა დაგვესაჯა იმისთვის, რომ სწორედ ასეთ ფეხბურთს თამაშობდნენ. “შტურმს” ევროპაში იცნობენ და აღმოსავლეთ ევროპის საშუალო დონის ფეხბურთელის ამ გუნდში მოხვედრა ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ კი, უნდა გაგვიცნონ. საინტერესო ფაქტია, “ზესტაფონიდან” წასული ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე ორი მატჩის ჯამში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოწინააღმდეგე გუნდში. როგორც აღმოჩნდა, ავსტრიელები გაცილებით “ცივსისხლიანები” არიან და საჭირო მომენტში შესაშური აუღელვებლობით შეასრულეს ორივე გოლი, ჩვენ (ეს უფრო გამხნევებაა, ვიდრე კრიტიკა) ჯერ ვფიქრობთ და შემდეგ ვურტყამთ, ინსტინქტის დონეზე არაა დასული მომენტის რეალიზაცია. ის, რაც პირველ მატჩში მარჯვენა ფეხით გააკეთა გელაშვილმა, ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობა იყო და ამ გოლზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი მოაწერდა ხელს, თუმცა, იყო ეპიზოდიც, როდესაც ნიკოლოზი, ასე ვთქვათ, უხერხული ფეხით ურტყამდა და სწორედ ბევრი ფიქრის გამო გააცუდა ის ეპიზოდი. თუმცა, მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე რაიმეს გადაბრალება დიდი უსინდისობა იქნება ჩვენი მხრიდან. ცნობილი ფაქტია, იგებს და აგებს გუნდი, ასევე ცნობილია, ამ თეზისის კიდევ ერთი ფორმულირება - იგებს გუნდი, აგებს მწვრთნელი. ვერავინ დამაჯერებს, რომ ფოდა გეგუჩაძეზე უფრო განსწავლული თავკაცია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მან სრულად გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, ჩვენ კი - ვერა. მესამოცე წუთისთვის, ორივე მატჩში დაუშვილის შეცვლის არგუმენტირებულობა მხოლოდ გეგუჩაძისთვის არის ალბათ ნათელი. თუმცა დაკარგული არაფერი არაა, თუ ჩემპიონთა ლიგა ადრეა, დროულია ევროპის ლიგა, იმიტომ რომ (თუ კენჭისყრაში გაგვიმართლა, აქაც - “თუ”) ჩვენს ბიჭებს დაუგროვდათ გამოცდილება, იმიტომ რომ საკუთარ ტყავზე გამოსცადეს წამის მნიშვნელობა და ერთი კონკრეტული მომენტის ფასი. სხვა მხრივ, მხოლოდ ბრავო! გადაუჭარბებლად, მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის, იმისთვის რომ ჩვენ, ზედმეტად მომთხოვნ აუდიტორიას, იმედი ჩაგვისახეს იმისა, რომ გასვლა შეგვიძლია, ეს აზრი არაა შორს რეალობისგან, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ორი სათამაშო ეპიზოდის გამო ვერ გასცდა “ზესტაფონი” “შტურმს”. სხვის ომში ყველა ბრძენიაო, ნათქვამია და ახლა, ნამატჩევს, ჩვენი სიტყვებიც ალბათ საწყენია გუნდისთვის, მაგრამ გვენდეთ, ჩვენც მაგ ომში გახლდით, ბიჭებო! თქვენი ტკივილი თუ სიხარული ჩვენც იდენტურად გავიზიარეთ. ახლა მხოლოდ წინ ცქერის დროა, დავივიწყოთ “შტურმი” და ვიფიქროთ მომავალზე. ქართველებს ორი გუნდი გვყავს უეფას ლიგის პლეი ოფში და თავად ეს ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთბაშად არც რომი აშენებულა და მოთმინებით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე სიჩქარით და იმ მოჩქარესი არ იყოს, ჩვენც რომ არ დაგვიგვიანდეს, ამიტომ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ. ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების, არც ისე შორია ჩემპიონთა ლიგამდე.









