ძიუდო

19:43 | 15.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინულ ტატამზე 5 ქართველი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხვალ-ზეგ, ბუენოს აირესში ჩასატარებელ “მსოფლიოს თასზე” 5-კაციანი შემადგენლობით გამოვა. რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემზე” (9-10 ივნისი) ნაჭიდავებ განაცხადს ორი წევრი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ტურნირის დასრულებისთანავე გამოეყვნენ და თბილისში დაბრუნდნენ. დანარჩენები კი ხუთდღიან ბრაზილიურ შეკრებაში ჩაერთნენ.
დღეს ნაკრები არგენტინაში ჩავიდა. ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) კი საქართველოში დაბრუნდნენ. ლიპარტელიანის შემთხვევაში ნაკრების დამრიგებლის პოზიცია წინასწარვე ცნობილი იყო - პეტერ ზაიზენბახერმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტურნირით დატვირთვა საჭიროდ აღარ მიიჩნია. ცირეკიძე კი “მსოფლიო თასს” ბრაზილიურ შეკრებაზე მიღებულმა კოჭის ტრავმამ გამოთიშა. წინასწარი ინფორმაციით საგანგაშო არაფერია და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადებას სულ მალე ჩვეულ რიტმში გააგრძელებს.
ბუენოს აირესის ტატამზე კი ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავლენ.
ნატურნირევს ზაიზენბახერი და ქართული ხუთეული თბილისში ჩამოვლენ და ერთი კვირით საქართველოში ივარჯიშებენ. 25 ივნისიდან გეგმაში კიდევ ორი უცხოური შეკრებაა - ჩეხეთისა და ესპანეთის ტრენინგ-ცენტრებში. ოლიმპიური სამზადისის დასკვნითი აკორდი კი დუშეთის შეკრება იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონში სრული შემადგენლობით იჭიდავებს. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში: 66, 73, 81 და 90 კილოგრამებში ოლიმპიური ნორმატივი მხოლოდ თითო ქართველმა შეასრულა. შესაბამისად, ლაშა შავდათუაშვილს, ნუგზარ ტატალაშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს სალონდონე განაცხადში მოხვედრა აქედანვე გარანტირებული აქვთ. დარჩენილ სამ წონაში კი ზაიზენბახერმა არჩევანი ორ-ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანსა და ირაკლი ცირეკიძეს, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის.
ნაკრების თავკაცმა შესაძლოა ოლიმპიური შვიდეული მომავალ კვირაშივე გამოაცხადოს, ჩეხეთის შეკრებაზე გამგზავრებამდე.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156294