სტატიები

10:24 | 21.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

არის ფეხბურთში კადრები, უკადრებელის მკადრები!

დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინოა, ზედმეტ დაკვირვებას ან ლოდინს აღარ საჭიროებს. ზესტაფონური და რუსთავული კლუბების მესვეურები ერთმანეთს წაეკიდნენ და საქმე არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე შემდგარ უთანხმოებას ეხება, არამედ, მოწინააღმდეგის საქმიდან და ფეხბურთიდან საერთოდ ჩამოცილებას.
კანონი ის ქოთანია, რომელსაც ნებისმიერი მხრიდან გამოაბამ ყურს და სწორედ ამიტომაა, ათასი ყური და თვალი სჭირდება მის შემდგენელს, რათა მერე მისთვის გვერდის ავლა არ მოხერხდეს.
როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაციას ან ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ქართული კლუბების იურიდიულ სამსახურებზე, ანაც თავად მოეკიდა ზერელედ თათარიახნად შედგენილ დებულებას. ფაქტებიდან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის სახლში გვიან მიხვდნენ შეცდომას და ამის დასტურია დებულებისთვის მიდევნებული ის წერილიც, რომელსაც თითქოს „პირი უნდა მოეწმინდა“ კანონისთვის, მაგრამ...
აღმოჩნდა, რომ „ზესტაფონში“ არ ძინავთ, ერკვევიან, ესმით საკითხი და თუკი ალალად ვიტყვით, თავისებურად მართლებიც არიან: რასაც კანონი არ კრძალავს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება და ყველაფერი კანონიერად ითვლება.
მეორეს მხრივ, „მეტალურგიც“ ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც თავად აწყობს: ახალი დებულება და მასზე მიდევნებული წერილი სააღლუმო განწყობილებას რუსთაველებს ჰპირდება და რატომ გაირთულებენ მდგომარეობას ქვემოქართლელები? იმერული კანონიერი პრეტენზიის საპასუხოდ, ისინი კანონიერ საბუთს ააფრიალებენ, სფფ-ისა თუ სფფ-ის სატელიტი ორგანიზაციების მხარდაჭერასაც „დესერტად“ მოაყოლებენ და მშვიდად შეირგებენ ჩემპიონობას.
მოკლედ, ორივე მხარეს ექნება საფუძველი, წლევანდელი დაბურდული გათამაშების გამარჯვებულად ჩათვალოს თავი!
სამაგიეროდ, არანაირი გამართლება არა აქვს ფედერაციას - იქ დაბადებულმა ლაფსუსმა ქართული საკლუბო ფეხბურთი მორიგ დაპირისპირებამდე მიიყვანა.
შესაბამისად, პასუხიც მან უნდა აგოს, გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს და მერე, როცა წლევანდელი ჩემპიონატი ქართული ფეხბურთის სირცხვილის წიგნში მორიგ ფაქტად ჩაიწერება...
ყველა გაიგებს, ყველას ეცოდინება, რომ ამ კონკრეტულ აბრაკადაბრაში შესცოდეს ჩინოსნებმა და არა კლუბებმა.
ფეხბურთს არაფერი უკვირს. დაწყებული ორგანიზებული დანაშაულებიდან, დამთავრებული მინდორზე ძვლების ჭახა-ჭუხით, მაგრამ ის ისეთი ჯანმრთელი ბიჭუნაა, ყველაფერს აუდის.
ერთადერთი ავადმყოფობა, რომლის მიმართაც ფეხბურთს თავდასაცავი საშუალება არ გააჩნია - არაპროფესიონალიზმია და ის ქაფი, რაც ახლა ტრიალებს ქართული ფეხბურთის სადუღარაში, სხვა არაფერია, თუ არა არაპროფესიონალიზმი.
არადა, ვერც იმას იტყვი კაცი, რომ ქართული ფეხბურთის სახლში მხოლოდ ტყემალზე მსხდომი და ბლის კურკების მსროლელი ხალხი მუშაობდეს. საბედნიეროდ, იქ ჯერაც ირჯებიან კაცები, რომელთაც არც გამოცდილება აკლიათ და ჭკუასაც ხშირად და ბევრი ეკითხებათ. სხვა საკითხია, რამდენად აფასებენ მათ გამოცდილებასა და გონებრივ შესაძლებლობებს.
მომავალს რაც შეეხება, ცოტათი ბუნდოვანი ნამდვილადაა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მთავარი ისაა, რომ რაც გინდა გამოსავალი მონახოს ფედერაციამ, რაც გნებავთ გადაწყვეტილება მიიღოს, მინიმუმ, ერთი უკმაყოფილო მაინც დარჩება. მინიმუმ, ერთი კლუბი, ერთი ქალაქი და ერთი კლუბის გულშემატკივარი მაინც სინანულით გაიხსენებს წლევანდელი გათამაშების პერიპეტიებს და...
იტყვის, რომ უგვირგვინო ჩემპიონია - პირველობა ეკუთვნოდა და წაართვეს.
ამ პრობლემას ვერც გადათამაშება თუ „ოქროს მატჩი“ მოხსნის - ისე, როგორც ვერ მოხსნა გადათამაშებამ 1953 წელს თბილისის „დინამოს“ პრობლემა და ქართველებს დღემდე მიგვაჩნია - იმ წელს სსრკ-ის ჩემპიონობა უსამართლოდ აგვართვეს.
გამოდის, გადათამაშება მხოლოდ გამოსავალია ფედერაციისათვის - ჩინოსნები სინდისს დაიმშვიდებენ და ის იქნება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცევა წაგებული კლუბი?!
დამეთანხმებით, ფედერაციის მესვეურების მშვიდი სინდისი ვერაფერი საპირწონეა დაკარგული ჩემპიონობისა...
და კიდევ უფრო მთავარი: „ზესტაფონისა“ და „მეტალურგის“ მმართველები გარიგებულ მატჩებზე ალაპარაკდნენ, „მარტვილიდან“ მწვავე პასუხი მოვიდა, გორში შედარებით „ლაითად“ აღიქვეს მათი კლუბის ამ კონტექსტში ხსენება...
ჩაძიებაზე კი რატომღაც არავინ ფიქრობს - პირველყოფილი სიჩუმე და სიმშვიდეა პირდაპირ.
ძალაუნებურად, ახალკაცის პერიოდის ფედერაციის ის სხდომა გახსენდება კაცს, როცა ახლანდელი სკანდალის მონაწილეები მაშინაც ავანსცენაზე იდგნენ და არც  ქართული ფეხბურთის სახლის მაშინდელი ჩინოსნები გახლდნენ სტატისტები.
სიმართლე რომ ვერ დაუმტკიცეს ერთმანეთს, ადგნენ და დაიგინეს. ამის მერე კრება კი მხიარული დარჩა, ხალხმა და ქომაგმა კი ეგრეც ვერაფერი გაიგო.
ახლაც დაგინებით არ მორჩეს ყველაფერი: ან ფაქტია, რომ მავანი კლუბები გარიგებებში მონაწილეობენ; ან ცილისწამებაა, რომლის საშუალებითაც მავან კლუბებს გარიგებებში მონაწილეობას „უგორებენ“.
პირადად, ჩემი, როგორც ავტორის პოზიცია სათაურშივე გამოვხატე - კარგა ხანია, ჩვენს შიდა ფეხბურთს ვუყურებ და მართლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარი სარგებელის გამო, ძალიან ცუდ რაღაცებს ჩადის ხოლმე.
მათი და ბინძური სიტუაციების წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. მარტო ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია არ არის საკმარისი - ფეხბურთში მოტრიალე რამდენიმე კაცსაც სჭირდება მგლის ბილეთი.
გასაგებია, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის და არც რამდენიმე კაცის მოკვეთით ეშველება ქართულ ფეხბურთს, მაგრამ...
ისიც ხომ მართალია, რომ „მეორედ ამოსულ სარეველას ის ძალა აღარ ექნება“.

 

კონსტანტინე გოგიშვილი
 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09751