სტატიები

13:42 | 27.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

არსად ისე არ უხარიათ მოგება, როგორც ურუგვაიში...

“ჩვენ მოვხვდით ზეიმზე, სადაც არავის დავუპატიჟებივართ”, – ეს, ურუგვაის ნაკრების მწვრთნელ ოსკარ ტაბარესის სიტყვებია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის მეოთხედფინალის შემდეგ თქვა. მართლაც, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მოულოდნელად მოხვდა ოთხ საუკეთესო გუნდში, სადაც ვერ გამოიძებნა არგენტინის, ბრაზილიის, ინგლისის და სხვა ბობოლების ადგილი.
ურუგვაი ბოლოს 1970 წელს იყო ნახევარფინალში და იქიდან მოყოლებული, სანამ ვუვუზელების ქვეყანაში წავიდოდა, მუნდიალზე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული. უმეტესად, ვერც კი გადიოდა დიდ ფორუმზე და ბევრმა იფიქრა, რომ ფეხბურთის გარდა არაფრით გამორჩეულ ქვეყანაში, ფეხბურთის მზეც საბოლოოდ ჩაესვენა.  
სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე დიდია, მაგრამ მოსახლეობა 3,5 მილიონს არ აღემატება. ურუგვაი ჰოლანდიის “ოპონენტია” ამ კუთხით, იქ ხშირია დაუსახლებელი ადგილები, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებს, ტყეებს და მდინარეებს უკავიათ. მრავალგზის ნაომარი, ხშირად დაბეჩავებული, ღარიბი, მაგრამ მაინც ამაყი ხალხის ქვეყანაა. არადა, სულ ასე კი არ იყო – შემთხვევით არ ყოფილა, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ურუგვაის არგუნეს: გასული საუკუნის დასაწყისში, ურუგვაის “ლათინური ამერიკის შვეიცარიას” უწოდებდნენ, რადგან ქვეყანა მდიდარი იყო მეცხოველეობით (ყველაზე განვითარებული დარგია ფეხბურთის შემდეგ) და შესაბამისად, მატყლის ექსპორტით დიდ ფულს შოულობდა. ეკონომიკის ფეხზე მყარად დგომის “ბრალიც” იყო, რომ სანამ ურუგვაი მუნდიალს მოიგებდა, მანამდე ზედიზედ ორჯერ (1924, 1928) გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
“არსად არ უხარიათ ფეხბურთში მოგება ისე, როგორც ურუგვაიში”, – თქვა 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ენცო სკიაფინომ, რომელმაც “მარაკანაზე” დაუვიწყარ ფინალში გოლი გაიტანა, შემდეგ კი მას ხიგიამ “მიბაძა” და მთელი ბრაზილია დაშოკა.
ცნობილია ის მეთოდებიც, რასაც იმ ფინალამდე და ფინალის დროსაც ურუგვაელთა დიდი კაპიტანი ობდულიო  ვარელა მიმართავდა. მატჩის წინა დღეს, ვარელამ თანაგუნდელებს შიში და ბრაზილიასთან წინასწარ წაგებაზე შეგუება შეატყო. მართლაც, 200 000 ბრაზილიელი “მარაკანაზე” და პლუს, მეტოქემ წინა შეხვედრებში გოლების ფოიერვერკს აწყობს, შენ კი ფინალურ ჯგუფში ერთი ფრე და ერთი ძლივს მოგებული მატჩი მოიტოვე. ვარელამ, ჯერ თამაშის წინა ღამეს ყველა ფეხბურთელის ოთახში და მათ საპირფარეშოებშიც გამოფინა ბრაზილიური გაზეთის წინა გვერდი, სადაც დიდი ასოებით ეწერა: “ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ!”. ეს, იმისთვის, რათა ფეხბურთელებს ბრაზი მოსვლოდათ და ლაჩრებად არ ეგრძნოთ თავი. მან საბრძოლო განწყობა ასწია – “ხომ ხედავთ, არაფრად არ გვთვლიან. გავიდეთ და დავამტკიცოთ, ვინ ვართ!”.
თამაშის დროსაც დაუოკებელი იყო დიდი კაპიტანი, მსაჯზე ზემოქმედებდა, ხელებს შლიდა, ტანზე მაისურს იხევდა და საბოლოოდ, მსაჯმა საფინალო სასტვენი რომ მისცა, გასუსულ “მარაკანაზე” მისი არაადამიანური ყვირილი ისმოდა.
“ვარელა წარმოუდგენელს აკეთებდა. როდესაც ბრაზილიამ ანგარიში გახსნა, ლამის გული წამივიდა. ის ჩემთან მოვიდა, ზიზინიოსთან ახლოს მიმიყვანა და მის გასაგონად მითხრა: “შეხედე, რით გჯობია ეს საწყალი შენ?!”. იმ დროს ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩვენ წაგება არ შეგვეძლო”,  – თქვა მოგვიანებით ფინალის მონაწილე ფეხბურთელმა მორანმა.  
ვარელას ქვეყანა ინერციით აგრძელებდა მოგებებს, 1954 წელს დიდი ბრძოლა გაუმართა უნგრეთის “დიდ გუნდს” და კინაღამ დაამარცხა კიდეც (2:4 წააგო დამატებით დროში), შემდეგ იყო 1970 წელს აღებული მეოთხე ადგილი და მას შემდეგ, არაფერი ამასთან მიახლოებულიც კი. რატომ “ეძინა” ურუგვაულ ფეხბურთს?
“ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვება იყო. ბევრმა 16-17 წლის ნიჭიერმა ბიჭმა უფულობის გამო ვერ გააგრძელა კარიერა, რადგან მათ არ ჰქონდათ გზა. ურუგვაის კლუბებში იმდენად დაბალი ანაზღაურება იყო, სჯობდა, სხვა საქმისთვის მოგეკიდა ხელი”, – თქვა ერთხელ ურუგვაის ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ენცო ფრანჩესკოლიმ, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი გამონათება იყო 70-იანი წლების შემდგომი ურუგვაის ნაკრებისა. ფრანჩესკოლი თავისი გამორჩეულად ტექნიკური თამაშის მანერის გამო უყვარდათ, ის არგენტინული “რივერ პლეიტის” ლეგენდა და ზინედინ ზიდანის იდეალია. ვინც არ იცის: ზიდანმა თავის ვაჟს ფრანჩესკოლის პატივისცემად დაარქვა ენცო...
სამხრეთ აფრიკაში კი, ურუგვაი დაბრუნდა. სხვა საქმეა, დროებით თუ კარგა ხნით? ურუგვაული ფეხბურთი ტექნიკით, ფიცხი შეტევებით, აფექტურობით და ზოგჯერ ზღვარგადასული უხეშობითაც გამოირჩევა. ამჯერად ასე არ იყო – ტაბარესმა კარგად ორგანიზებული გუნდი ჩაიყვანა “ვუვუზელეთში”, რომელსაც ჰყავდა ძლიერი დაცვა და ვარსკვლავთავდასხმა დიეგო ფორლანის მეთაურობით. ფორლანმა მატჩების უმეტესობა უკანდახეულ ფორვარდად ჩაატარა, რაც ნამდვილად არაა მისი სტიქია, მაგრამ ტაბარესი იძულებული იყო ასეთი ნაბიჯი გადაედგა: მას არ ჰყავდა მაღალი კლასის შემქმნელი ნახევარმცველი ცენტრში. ფრანჩესკოლიზე არაფერს ვამბობთ, ალვარო რეკობა მაინც რომ ჰყოლოდა, ფორლანი უფრო ფეხგახსნილი იქნებოდა და უფრო სახიფათოც.
მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და ურუგვაის თამაში, სწორედ ფორლანის გამო იყო თვალმისაზიდი. ვეჭვობთ, მას მხოლოდ საჯარიმოში რომ ეტრიალა და მოედნის დიდ მონაკვეთზე გავლენა არ მოეხდინა, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდებოდა.
“ეს დიდებული თვე იყო. მთელ ქვეყანას დიდი სიხარული ვაჩუქეთ. ურუგვაის ფსიქოლოგია  ახლა უკვე შეიცვლება, ჩვენი ნაკრები მენტალურად წაგებული აღარაა”, – თქვა ფორლანმა, რომელსაც შეტევაში ორი ახალგაზრდა უბამდა მხარს: ლუის სუარესი და ედისონ კავანი, ევროკლუბებში უკვე სახელდაგდებული ფორვარდები არიან.
და როდესაც ტაბარესის ფორმაციის ნაკრებზე ვსაუბრობთ, ამ გუნდის კაპიტანზეც უნდა ითქვას. დიეგო ლუგანოზე კარგი “დამქოქავი” იშვიათია, ის მინდორზე სულ ჩანს, სულ იბრძვის, თვალ-ყური გაფაციცებული აქვს.
“თქვენ მას მინდორს მიღმა უნდა იცნობდეთ. წყნარი და ტკბილად მოსაუბრე ადამიანია, მაგრამ თამაში რომ იწყება, ვეფხვს ემსგავსება. მის გვერდით ვერ მოდუნდები”, – ამბობს ურუგვაის ნაკრების დაუღალავი მარჯვენაფლანგელი მაქსი პერეირა, რომელმაც ასევე მაღალ დონეზე ითამაშა გასულ მუნდიალზე.
ტაბარესი ცნობილი ტაქტიკოსია და დაამტკიცა, რომ ურუგვაული ფეხბურთი დინებას არ ჩამორჩენია, მოდერნიზებული ფეხბურთი ათამაშა. და გაუმართლაო? რა ტაბარესის ბრალია, რომ საფრანგეთი ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩასულა მანდელას ქვეყანაში, რომ “ბაფანა-ბაფანა” სუსტი მასპინძელი გამოდგა, რომ სამხრეთ კორეას მეტი არ შეუძლია, რომ განელ ასამოა გიანს, პენალტის დარტყმისას ფეხი აუკანკალდა... პირიქით, უიღბლობაზე უფრო უნდა ჩიოდნენ ურუგვაელები, რადგან ნახევარფინალში ჰოლანდიასთან სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ და ამის მიუხედავადაც, ტოლ-სწორად ეთამაშნენ “ნარინჯისფერებს”.
ურუგვაის ფეხბურთელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ტაბარესს შეუძლია მშვიდად იყოს, თანაც ძალიან ყოჩაღი ბიჭები ელის ახალგაზრდული ნაკრებიდან – იტალიური “პალერმოს” აბელ ერნანდესი, “მილანის” ხორხე ვიუდესი, არგენტინული “ესტუდიანტესის” სებასტიან ხარკერო და სხვები.
“ჩადით აფრიკაში და ფეხბურთით ისიამოვნეთ. გახსოვდეთ, ეს ომი არაა”, – ასეთი სიტყვებით გაუცილებია ნაკრები ურუგვაის პრეზიდენტ ხორხე მუსიკას.
ისიამოვნეს კიდეც. ურუგვაიმ თავი გაგვახსენა, შემდეგი მუნდიალი კი, მათთვის იღბლიან ქვეყანაშია...

ილია ნანობაშვილი
       
       
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095538