საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. დღეს უნგრულ ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან საღამოს პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 84 კილოგრამში მოჭიდავე არსენ კახაბრიშვილი მიიღებს. იგი რეპეშაჟის ფინალში ბერძენ გეორგიოს დალარასს დაუპირისპირდება.
მინდია წულუკიძემ (55 კგ), საჩინო დავითაიამ (66 კგ) და სერგო გოგისვანიძემ (120 კგ) ძირითად ბადეში მომავალ ფინალისტებთან წააგეს და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთნენ, მაგრამ ვერც იქ იყოჩაღეს.
ოთარ მაღლაკელიძე







