უელსის “სუონსისთან” საკუთარ მინდორზე წაგებული მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონურმა “არსენალმა” სატურნირო მდგომარეობა გაირთულა. ემირეიტსელები მეათე პოზიციამდე დაეშვნენ და ლიდერ “მანჩესტერ იუნაიტედს” 15 ქულით ჩამორჩებიან. ამის მიუხედავად, “არსენალის” ფრანგი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფარხმალს არ ყრის და უახლოეს მატჩებში მდგომარების გამოსწორების იმედიც აქვს.
- “სუონსისთან” მოულოდნელი მარცხის შემდეგ თქვენი გუნდი პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში მეათე საფეხურამდე დაეშვა და 2 ლიდერს, მანჩესტერის “იუნაიტედსა” და “სიტის” ქულათა სოლიდური სხვაობით ჩამორჩება. “არსენალი” ლიდერთა შორის დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს?
- რასაკვირველია, ვაპირებთ. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეკემბრის ბოლომდე ჩასატარებელ შეხვედრებს. ახალ წლამდე 5 შეხვედრა დაგვრჩა, რომელთაგან სამს საკუთარ მინდორზე გავმართავთ და ყოველმხრივ შევეცდებით შეძლებისდაგვარად ქულათა მაქსიმალური რაოდენობა ავიღოთ. ამ ეტაპზე ქულათა დეფიციტის შემცირებას ვგეგმავთ, შემდეგ კი ვნახოთ.
- “იუნაიტედი” და “სიტი” სხვა გუნდებთან შედარებით ხარისხობრივად უკეთეს თამაშს უჩვენებენ მაყურებელს?
- მათ გარკვეულწილად უმართლებთ – ასაღებ ქულებს იპოვებენ. თამაშს რაც შეეხება, მათ გამოსვლას გულშემატკივრისთვის მიმზიდველ ასპარეზობას ვერ ვუწოდებდი, სამაგიეროდ ეფექტურისგან განსხვავებით, ეფექტიანად პაექრობენ. სამაგიეროდ, “სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა, მატჩიც არ მოუგია და შესაძლოა, ჯგუფში ბოლო ადგილზეც კი გავიდეს.
- სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გუნდის გაძლიერებას თუ აპირებთ?
- ამ ზამთარს სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურებთ. კლუბის ხელმძღვანელობამ თანხა გამოგვიყო, რომელსაც 2 ფეხბურთელის შეძენაზე დავხარჯავთ. მათი გვარების დაკონკრეტებას ჯერჯერობით ნუ მომთხოვთ.
- ტიერი ანრის “ემირეიტსზე” დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- ტიერის მხოლოდ იჯარით თუ ავიყვანთ. გეხსომებათ, 2012 წლის დასაწყისში ანრი ჩვენთან უკვე თამაშობდა, ჩვენ რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. იმედია, 35 წლის ფორვარდი ამჯერადაც დაგვეხმარება.
- გაზეთებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საკუთარ პრინციპს უღალატეთ და შესაძლოა, ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების ნაცვლად, ვეტერანები მიიწვიოთ. საუბრობენ ფრენკ ლამპარდის კანდიდატურაზე...
- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ლამპარდს “ჩელსისთან” საკონტრაქტო ვადა მომავალი წლის მაისში ეწურება. “არისტოკრატები” მიმდინარე პრემიერლიგაში მას ნაკლებად ენდობიან (ლამპარდმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა-რედ) და სავარაუდოდ ლამპარდის გასხვისებას დააპირებენ. ფრენკისადმი ინტერესს “მონაკო”, “რომა” და სხვა კლუბებიც უკვე ღიად ადასტურებენ. ჩვენ მის გადაბირებაზე ჯერ არ გვიფიქრია.
- “არსენალის” გულშემატკივრები თქვენი მისამართით კრიტიკის გამოთქმას არ ერიდებიან...
- ამის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. 30 წელია, რაც პროფესიონალი მწვრთნელი ვარ, საქმეს უნარიანად ვუძღვები და დასამტკიცებელიც არაფერი მაქვს.
გოჩა კაჭარავა









