ინტერვიუები

11:53 | 13.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ასამოა გიანი: “სუარესს უკვე დიდი ხანია ვაპატიე”

განის ნაკრების კაპიტანს ასამოა გიანს, მთელი ცხოვრება ემახსოვრება სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაისთან მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთზე ვერგატანილი პენალტი, რომელმაც აფრიკულ ნაკრებს მუნდიალების  ისტორიაში 1/2-ნახევარფინალში პირველად გასვლის შანსი გადაუწურა. თუმცა, 24 წლის ფეხბურთელისთვის განვლილი ტურნირი მხოლოდ ნეგატიური მოვლენებით არ ყოფილა სავსე და მისმა კარგმა თამაშმა პრემიერლიგის “სანდერლენდის” მესვეურთა ყურადღება მიიქცია. საბოლოოდ, ინგლისელებმა მის სანაცვლოდ ფრანგულ “რენს” 13 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 15 მილიონ ევრო) გადაუხადეს, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში სარეკორდო თანხაა. ასამოას მასზე გაცემული ავანსები გასამართლებელი აქვს და ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი გამოწვევისთვის მზადაა.
- გიხარიათ, რომ ძალების ნისლიან ალბიონზე მოსინჯვის საშუალება მოგეცათ?
- ინგლისში თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა და პრემიერლიგაში გადასვლით ბედნიერი ვარ. ჩემს კარიერაში ეს წინგადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გაცნობიერებული მაქვს, რომ ინგლისში დამკვიდრება იოლი არაა. გაორმაგებული ძალით ვიმუშავებ, რომ გოლები გავიტანო და გუნდს სარგებლობა მოვუტანო.
- ახალი ქვეყანა უკვე დაათვალიერეთ – სად იცხოვრებთ და ითამაშებთ?
- ახალ გარემოს ახლა ვეცნობი. კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განის ნაკრებთან ერთად მატჩის ჩასატარებლად სვაზილენდში გავემართე. ამიტომ, საცხოვრებელ და სათამაშო პირობებთან შეგუება მოგვიანებით მიწევს.  
- ბევრი თვლის, რომ “სანდერლენდის” მიერ თქვენს სანაცვლოდ გადახდილი დიდი ფული, ფეხბურთელისთვის პასუხისმგებლობის დიდი ტვირთია...
- მესმის, რომ “სანდერლენდი” ლონდონის “ჩელსი” არაა, რომლისთვისაც ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონის გადახდა ჩვეულებრივი მოვლენაა. კლუბი როდესაც ასეთ თანხას იხდის, ე.ი. მთავარ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას ჩემი დიდი იმედი აქვთ.
- კარგად გესმით ახალ კლუბში თქვენგან რას ელიან?
- რა თქმა უნდა, გოლებს. გულშემატკივრები ჩემგან რაღაც ექსტრაორდინალურს ელიან. როდესაც “სანდერლენდში” გადასვლას დავთანხმდი, ამისთვის მზად ვიყავი.
- ამავე დროს თქვენ ბომბარდირს ვერ გიწოდებთ, რადგან გოლები კი გაგაქვთ, მაგრამ არცთუ ბევრი...
- ნებისმიერი თავდამსხმელის მსგავსად, რაც შეიძლება მეტი ბურთის გატანა მინდა. ჩემს შედეგიანობაზე ვმუშაობ და მისი ამაღლება მსურს. ამავე დროს, გუნდური მოთამაშე ვარ და ამიტომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია “სანდერლენდის” სათამაშო სქემაში ჩავჯდე.  
- ყველაფერთან ერთად, ინგლისში მსოფლიოში ყველაზე მკაცრი საფეხბურთო კრიტიკა გელით, რადგან ადგილობრივი ფეხბურთისა და პრესის თავისებურებები ასეთია...
- ეს ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გარკვეული დოზით კრიტიკა ნორმალურია. მე მთლიანად ჩემს საქმეზე ვიქნები კონცენტრირებული და შევეცდები, ჟურნალისტებს ნეგატიური პუბლიკაციებისთვის ნაკლები მიზეზი მივცე.
-”სანდერლენდის” წინა ხაზში ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდი დარენ ბენტი თამაშობს. როგორ ფიქრობთ, სამწვრთნელო შტაბი მოედანზე ადგილს ორივეს მოგიძებნით თუ ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა მოგიწევთ?
- ის საუცხოო ფორვარდია – ძალიან სწრაფი. თუმცა, სისწრაფის მხრივ მეც ყველაფერი წესრიგში მაქვს. ამასთანავე, ბურთის “დაჭერა” და შეტევის ორგანიზებაც შემიძლია. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგ ტანდემს შევქმნით და პრემიერლიგის ბევრი გუნდის დაცვას თავსატეხს გავუჩენთ.
- როგორ ფიქრობთ, ინგლისის პრემიერლიგის კლუბში თქვენს ტრანსფერს ხელი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატმა შეუწყო?
- არა მხოლოდ ჩემს, არამედ, განის ნაკრებში ბევრი ჩემი თანაგუნდელისას. ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ითამაშა, სრულად დაიხარჯა და ხალხმა ეს აღნიშნა. ვფიქრობ, გავაკვირვეთ ისინი, ვისაც განის ნაკრების პერსპექტივის არ სჯეროდა. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის ყველაფერი ასე სამწუხაროდ დასრულდა. ერთის მხრივ, საკუთარი გამოსვლით ამაყები ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცით, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.   
- დამატებითი დროის მიწურულს ურუგვაელთა კარში ვერგატანილი საბედისწერო პენალტი...
- ამაზე ყოველ ინტერვიუში მეკითხებიან. ეს ის მომენტია, რომლის გახსენებაც ნაკლებად მსურს. მანამდე, ტურნირში ყველა პენალტი გავიტანე და ურუგვაელებთან მატჩშიც, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. როდესაც ბურთი ძელს მოხვდა, ვიგრძენი, რომ მილიონობით გულშემატკივარი დავამწუხრე. თუმცა, ეს ფეხბურთია და მსგავსი რამ ხდება. რა თქმა უნდა, ჩემთვის მომხდარი დიდი დარტყმა იყო და მწვრთნელებს და თანაგუნდელებს რაც არ უნდა დავეწყნარებინე, მაინც უდიდეს იმედგაცრუებას ვგრძნობდი.
- ლუის სუარესზე ნაწყენი არ ხართ, რომელმაც თქვენს ნაკრებს ხელით თამაშის წყალობით უეჭველი გოლი წაართვა?
- მას უკვე დიდი ხანია ვაპატიე. მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, იგივეს გავაკეთებდი. მან პატარა გმირობა ჩაიდინა, რადგან საკუთარი ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. მართალი არ ვიქნებით, ის რომ დავადანაშაულოთ.   
- სამხრეთაფრიკულმა განცდებმა უკვე გაგიარათ?
- ცხადია, გარკვეული იმედგაცრუება სულის სიღრმეში კიდევ დამრჩა. თუმცა, ეს ცხოვრებაა და საჭიროა წინსვლა. ახლა, მხოლოდ “სანდერლენდში” დამკვიდრებასა და კარგ თამაშზე ვფიქრობ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092946