2004 წელს “ნაპოლი” უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა - 70 მილიონი ევრო ვალი დაუგროვდა და კლუბი ბანკროტად გამოცხადდა. გუნდი სერია C-მდე დაქვეითდა და დიეგო მარადონას ყოფილი კოლექტივის პერსპექტივა ერთობ მუქი ფერებით იყო დახატული. ამ დროს, კლუბი ცნობილმა კინოპროდიუსერმა აურელიო დე ლაურენტისმა შეიძინა და “ნაპოლის” აღორძინებაც დაიწყო. 2006 წელს ნეაპოლელები ერთი საფეხურით უფრო მაღალ დივიზიონში აღზევდნენ, სერია B-ში მხოლოდ ერთი წელი დაჰყვეს და წარმატებული ასპარეზობის შედეგად, ტურინის “იუვენტუსსა” და “ჯენოასთან” ერთად, უძლიერესთა რიგებში გამოსვლის უფლება დაიბევეს. გასული სეზონის მსვლელობისას “ნაპოლის” გაძღოლა ვალტერ მაცარის მიანდეს, რის შემდეგაც სამხრეთელებმა წარმატებული სერია "გამოაცხვეს" და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორეს. წლევანდელი სეზონი კი ნეაპოლელთა საყვარელი კლუბისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. გუნდმა სერია A-ში მესამე ადგილი ჩემპიონატის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა და ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, სან პაოლოელთა ამჟამინდელი პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის სახელი კი, კლუბის ისტორიაში უკვე ოქროს ასოებით ჩაეწერა.
-“ნაპოლის” ესოდენ დიდი წარმატება უპირველესად რომელმა ფაქტორმა განაპირობა?
- ძალიან დიდი მადლობა მსურს ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის. მას ლომის წვლილი მიუძღვის გუნდის გულშემატკივართა გახარებაში. სასიკეთო სიტყვებით მსურს მოვიხსენიო საკლუბო დირექტორატში ჩემთან ერთად მომუშავე ადამიანები. მათთან თანამშრომლობის გარეშე, საერთო წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. განსაკუთრებით ნეაპოლელი ქომაგები უნდა გამოვარჩიო. “ნაპოლის” ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. გაიხსენეთ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩვენი კლუბი როგორ ურთულეს მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ნეაპოლელმა ფეხბურთის მოყვარულებმა ზურგი არ შეგვაქციეს, გვერდით დაგვიდგნენ და ყოველმხრივ გვამხნევებდნენ. ჩვენი ქომაგები კარგად ერკვევიან საფეხბურთო ნიუანსებში და სათუთად უფრთხილდებიან “ნაპოლის” საკლუბო ტრადიციას.
- ჩემპიონთა ლიგაზე რას გეგმავთ? მაცარისთან გასაუბრება უკვე მოასწარით?
- სადღეისოდ იტალიური საკლუბო ფეხბურთს არ ულხინს. მალე ჩემპიონთა ლიგაში ოთხის ნაცვლად სამი წარმომადგენელი გვეყოლება. “ნაპოლი” ყველა ზომას მიმართავს, ჩვენი ქვეყნის საკლუბო კოეფიციენტი რომ გაუმჯობესდეს და როგორც უწინ, იტალია პირველ საფეხურს დაუბრუნდეს. საამისოდ დიდი მოცულობის სამუშაო გვექნება გასაწევი როგორც ჩვენ, ასევე სხვა აპენინურ კლუბებს. ვალტერ მაცარისთან ჯერ საფუძვლიანი საუბარი არ მქონია. მხოლოდ “ინტერთან” მატჩის შემდეგ გასახდელში შევხვდი, როცა ბიჭებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება მივულოცე. ცხადია, წინასასეზონოდ ტრანსფერებს განვახორციელებთ. მომავალ ზაფხულს იმ ფეხბურთელებს შევიძენთ, რომლებიც გუნდის ყველა რგოლს გააძლიერებენ. ისიც კარგად გვესმის, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავიდანვე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. საამისოდ ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირში მონაწილეობის გამოცდილებაც აუცილებელია. აქცენტს კი ყოველწლიურ ზრდაზე გავაკეთებთ. პრინციპში ამას უკვე 2004 წლიდან მოყოლებული მშვენივრად ვახერხებთ. გაგახსენებთ, შვიდი წლის განმავლობაში სერია C-დან ჩემპიონთა ლიგამდე ავღზევდით. მიღწეულს არ დავჯერდებით და “ნაპოლის” პროგრესი გაგრძელდება. მომხდარს კი ჯერაც ძნელად ვიჯერებ – ფანტასტიკურია, ჩემპიონთა ლიგაზე გახვიდე იმ ჩემპიონატიდან, რომელშიც ისეთი გუნდები ასპარეზობენ, როგორიც “რომა”, “იუვენტუსი”, “მილანი”, “ინტერი”, “პალერმოა”.
- მოდით, კონკრეტულ საკითხებზე გადავიდეთ. ვალტერ მაცარი “ნაპოლიში” დარჩება? რამდენადაც ცნობილი გახდა, მისი გადაბირება რამდენიმე გრანდს სურს...
- ბევრი რამ თავად მასზეა დამოკიდებული. პირადად მე, მოხარული ვიქნები ვალტერთან ხანგრძლივი პერიოდით თანამშრომლობაზე. მე მის გათავისუფლებას არ ვაპირებ, მაცარის კონტრაქტს კი, ვადა ორი წლის შემდეგ ეწურება.
- ამბობენ, “ნაპოლიმ” თვალი კლარენს ზეედორფს დაადგაო...
- ზეედორფს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ “სან პაოლოზე” მისი გამოსვლის პერსპექტივა არცთუ დიდია. კლარენსი რომ ვიყიდოთ, “ნაპოლიში” იგი დიდი ხნით არ დარჩება. არ მსურს ფეხბურთელის შეძენა, რომელიც გუნდში ექვსი თვით ან თუნდაც მხოლოდ ერთი მთლიანი სეზონი დარჩება.
- პაცინის ტრანსფერზე მართლა მუშაობთ?
- ჯერჯერობით, გადაჭრით ვერაფერს მოგახსენებთ. მას მილანის “ინტერთან” ოთხწლინახევრიანი ხელშეკრულება აკავშირებს და მისი გამოსყიდვა იოლი არ იქნება. ჯამპაოლო რომ ვიყიდოთ, რომელიმე ჩვენ ფეხბურთელს უნდა შეველიოთ. დასაფიქრებელი საკითხია და პასუხი ჯერ მზად არ მაქვს.
გოჩა კაჭარავა









