ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ამბები ხდება თურქულ ფეხბურთში. თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თურქულ ფეხბურთში არსებული მანკიერებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება, შესაძლებელია, განსაკუთრებით ძვირად თურქული ფეხბურთის სამ გიგანტს – ”ტრაბზონსფორს”, ”ბეშიქთაშსა” და “ფენერბახჩეს” დაუჯდეს. თურქეთის სპორტულ და პოლიტიკურ წრეებში უკვე მუსირებს აზრი, რომ ზემოთხსენებული სამი კლუბი, კლუბების ხელმძღვანელების კორუფციაში გარევის გამო, შესაძლებელია, თურქეთის რანგით მესამე ლიგაში გაისროლონ. ეს ყველაფერი სათქმელად ძალიან ადვილია, მაგრამ თუკი ”შესანიშნავი სამეული” მართლაც დააქვეითეს, აღმოჩნდება, რომ თურქული ფეხბურთი როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე ერთადერთი სუპერკლუბის – ”გალათასარაის” იმედად იქნება. იმ ”გალათასარაისა”, რომელსაც თურქეთის ფინანსურმა პოლიციამ ვერც ერთი დარღვევა ვერ აღმოუჩინა. რაკი ”გალათასარაი” ვახსენეთ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბევრისდა გასაკვირად, ამ სტამბოლური გუნდის ხელმძღვანელებს სულაც არ გახარებიათ მათი მუდმივი კონკურენტების ქვედა ლიგაში დაქვეითების შესაძლებლობა. ”გალას” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ორი დღის წინ ისიც კი თქვა, რომ თუკი ”ფენერბახჩე”, ”ტრაბზონსფორი” და ”ბეშიქთაში” დაბალ ლიგაში გაუშვეს, დიდი შანსია, რომ ”გალათასარაიმ” ამ გუნდების სოლიდარობის ნიშნად მომავალ საფეხბურთო სეზონში საერთოდ უარი თქვას თურქეთის ჩემპიონატში გამოსვლაზე. თუკი ეს დანაქადნები ასრულდა, მერე უკვე თამამად შეგვიძლია თურქეთის ჩემპიონატის ჩამოშლაზეც ვილაპარაკოთ.
თურქულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესები უფრო გასაგები რომ გახდეს, მოდით, თანამიმდევრობით მივყვეთ და განვმარტოთ, თუ კონკრეტულად რა ხდება და შემდეგში რა შეიძლება მოხდეს... როგორც უკვე ვთქვით, თურქეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფეხბურთში არსებული დარღვევების აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უგულოდ, მეტიც, მტრულად შეხვდა თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაციის ზოგიერთი ჩინოსანი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი დაემუქრა: ”თუ ჩვენს საქმეში ჩაერევით, ფიფა-უეფაში ვიჩივლებთ და ამის გამო, შეიძლება, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციებიდანაც კი გაგვაძევონო”. მოკლედ, აშკარაა, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ბევრმა თანამშრომელმა კარგად იცოდა, მათ კანტორაში ყველაფერი რიგზე არ იყო და ფიფაში ჩივილი მათთვის ერთგვარი დამცავი ფარი უნდა გამხდარიყო. ამის მიუხედავად, თურქეთის პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება მაინც დაიწყო და მერე ისეთი ამბავი ატყდა, ”დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში”. როგორც გაირკვა, თურქულ ფეხბურთში არა მარტო მსაჯის მოსყიდვა და გარიგებული თამაშებია ჩვეული მოვლენა, არამედ გამოიკვეთნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტული თამაშების ჩაწყობას საკუთარ თავზე იღებდნენ და ერთგვარ ”შეკვეთებს ასრულებდნენ”. თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს შეეხო პროკურატურის მსახვრალი ხელი. თურქეთში ბევრს ეგონა, რომ ხელისუფლება მხოლოდ შედარებით მოკრძალებული და პატარა კლუბების ხელმძღვანელობას ”გაწირავდა” და ბობოლა გუნდებს ვერ შეეხებოდა. მაგრამ, ეს ხალხი ძალიან მწარედ შეცდა. პროკურატურამ დარღვევები უპირველესად სწორედ დიდ კლუბებში აღმოაჩინა და ახლა უკვე ნახსენები სამი თურქული კლუბის ხელმძღვანელთა დიდ ნაწილს, გამოძიებისა და შემდეგ სასამართლოს დასრულებამდე, შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. კორუფციაში ასევე ამხილეს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ზოგიერთი ჩინოსანიც. ძიება ახლაც გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ სამართალდამცავებმა კიდევ არაერთი დიდი ”ღლავი” დაიჭირონ. თურქულ ფეხბურთში მოფუსფუსე და აწ უკვე ეჭვმიტანილი ჩინოსნები, რასაკვირველია, ამბობენ, რომ უდანაშაულოები არიან და მათი ეჭვმიტანილად ცნობა უკანონოდ მოხდა. ერთადერთი კაცი, რომელსაც კაცობა ეყო და თავს უდანაშაულოდ არ მიიჩნევს, ”ფენერბახჩეს” ვიცე-პრეზიდენტი, სიქან ქემერი გახლავთ. სიქანს პიროვნულად არავინ აბრალებს კორუფციას, მაგრამ რაკი მისი მმართველობის ქვეშ მყოფი კლუბი ასეთ სამარცხვინო სიტუაციაში ჩავარდა, ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი მზადაა, ყოველგვარი პასუხისმგებლობა გაიზიაროს და ყველას მაგივრად უხდის ბოდიშს თურქ ქომაგებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ ამბების შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
იმედი ვიქონიოთ, რომ თურქები ავად თუ კარგად, ფეხბურთსა და საკუთარ პრობლემებს მიხედავენ. თურქეთი ის ქვეყანა არაა, სადაც დანაშაული დამნაშავეებს მარტივად და უპრობლემოდ შერჩებათ. მე მხოლოდ ერთი რამ მიკვირს და ჩემი გაკვირვების ობიექტი თურქეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური წერილი იუწყებოდა: ”დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭეშმარიტად სპორტულ პრინციპებზე დამყარებული შეჯიბრებაა და არა გაურკვეველი წარმომავლობისა და ინტერესების მქონე კრიმინალებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქცეული ტურნირი”. მოკლედ, რა ინგლისელები და რის თურქები?…რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ! ეგრე არაა თუ?
ლევან სეფისკვერაძე









