პოლონურ ლეგნიცაში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, 5 ტურის შემდეგ ორხელისუფლიანობა დამყარდა. ავსტრიის სახელით მოასპარეზე დავით შენგელიამ უკრაინელ ალესანდრ არეშჩენკოს სძლია და 4,5 ქულით გაუთანაბრდა ასევე უკრაინელ ალექსანდრ მოისეენკოს. მეექვსე ტურში სწორედ ეს ორი მოჭადრაკე დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი მეხუთე ტურში უნგრელ ზოლთან ალმაზის დაუზავდა. ბაადურ ჯობავამ და მერაბ გაგუნაშვილმა ყაიმით დაასრულეს თავიანთი პარტიები შესაბამისად მათეუზ ბარტელთან (პოლონეთი) და სერგეი ჟიგალკოსთან. ორივე ქართველ მოჭადრაკეს 3,5-3,5 ქულა აქვთ. სამწუხაროდ თავის პარტია დათმო თორნიკე სანიკიძემ (სერბ ივან ივანიშევიჩთან) და კვლავ 2,5 ქულა აქვს. რაც შეეხება დავით ლომსაძეს, მან ნახევარი ქულა მოიპოვა ჩეხ იან მაჩანთან პარტიაში და ქულანახევარი გაუხდა.
მეექვსე ტურში ჯობავას მეტოქე სომეხი ზავენ ანდრიასიანია, გაგუნაშვილისა - ავსტრიელი მარკუს რაგერი, სანიკიძისა - რუსი ედუარდ კანტერი, ხოლო ლომსაძისა - პოლონელი პაველ მუსიალკიევიჩი. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, ხოლო საუკეთესო 23 მოჭადრაკე მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.







