ინტერვიუები

16:29 | 14.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ხურციძე: “ახლა ქუთაისში ჩასვლისა და დასვენების დროა”

“რინგი არ დამანახოთ, მისკენ გახედვაც არ მინდა!” – იხუმრა ავთანდილ ხურციძემ, საჩემპიონო ბრძოლის დასრულებიდან ორიოდ საათში, დოპინგ-ტესტის გავლის შემდეგ. საერთაშორისო კრივის ორგანიზაციის - IBO-ს ვერსიით მსოფლიოს უძლიერესი საშუალოწონოსანი, გვიანი ღამის და საშინელი გადაღლილობის მიუხედავად, ისევ დარბაზში შემობრუნდა, რათა უყურადღებოდ არც მასთან სურათის გადაღების მსურველები დაეტოვებინა და არც ოფიციალური კომენტარის მომლოდინე ჟურნალისტები.
ავთანდილ ხურციძე: ახლა ერთადერთი რამ მინდა – რაც შეიძლება მალე მივიდე სასტუმროში. ძალიან დავიღალე.
- მომდევნო შეხვედრისთვის ისევ შესვენების გარეშე გააგრძელებთ ვარჯიშს?
- არა. ამჯერად, დაახლოებით თვის ბოლომდე პაუზას ავიღებ. ძალებს აღვიდგენ და სამზადის მერეღა შევუდგები.
- სად აპირებთ დასვენებას?
- ორი კვირით ჩემს ქალაქში, ქუთაისში ჩავალ. ძალიან მომენატრა.
- დაახლოებით მაინც თუ იცით, შემდეგ შეხვედრას როდის და სად ჩაატარებთ?
- ჯერ ძნელია ამაზე ლაპარაკი. სავარაუდოდ, დღეს მოგებულ ქამარს დავიცავ. წესით, ამისთვის 6 თვე მაქვს ვადა, მაგრამ ალბათ, სამ თვეში ვიჩხუბებ. შეიძლება შემდეგი ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავატარო.
- თქვენმა დღევანდელმა მეტოქემ, მარიუშ სენდროვსკიმ გვითხრა, რომ პოლონური მატჩ-რევანშის შემოთავაზებას აპირებს...
- მისი მესმის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და კიდევ უნდა ჩემთან ჩხუბი, მაგრამ აბა, მე მკითხოს. ისევ სენდროვსკისთან დაპირისპირებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. წინ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს. ისე კი, სენდროვსკი მართლა ძლიერი მოკრივეა. ჭკვიანურად აირჩია ტაქტიკა. ჩემზე მაღალია, გრძელი ხელები აქვს და ცდილობდა შორიდან ეჩხუბა, ახლოს არ მივეშვი. საბედნიეროდ, ბოლომდე ვერ შეასრულა ამოცანა.
- თქვენი გამოსვლით კმაყოფილი ხართ?
- აბსოლუტურად. ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულე და დამაჯერებლად მოვიგე. შეიძლება საქმე ნოკაუტამდე არ მივიდა, მაგრამ ეს სანერვიულო ნამდვილად არაა. მთავარია, ქამარი ჩემია. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს გავცივდი, რაღაც ვირუსი შემეყარა და ამ პრობლემამ ერთი კვირის განმავლობაში ცოტა შეგვაფერხა, მაგრამ ბრძოლას მაინც საუკეთესო ფორმაში შევხვდი.
- საქართველოში პირველი ბრძოლა ჩაატარეთ. ძნელი ხომ არ იყო?
- რა თქმა უნდა, დამატებით პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ სამაგიეროდ, ტრიბუნებიდან ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ვეცდები, ჩემი გულშემატკივრები კიდევ ბევრჯერ გავახარო.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091472