24 მარტს რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის „GASA“-ს თასის მოსაპოვებლად წრიული რბოლა რუს მრბოლელებზე ქართველების გამარჯვებით და რევანშით დასრულდა.
„GASA“-ს თასი ტრადიციულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ თამაშდება და ამჯერად მის მოსაპოვებლად ქართველ მრბოლელებთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული კარტინგებისა და ფორმულას კლასის ჩემპიონები ასპარეზობდნენ. მათ შორის იყო ვიქტორ შაიტარი, რომელმაც გასულ წელს საქართველოში არაერთ შეჯიბრში მოიპოვა პირველობა.
ამჯერად წრიული რბოლა „GASA“-ს თასის მოსაპოვებლად სამ კლასში ჩატარდა. „ფორმულა ალფაში“ დაძაბული ასპარეზობის შედეგად, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
- იკო ჩხეიძე
- დავით რამიშვილი
- შოთა აფხაზავა
„ლეგენდსის“ კლასი:
- შოთა აფხაზავა
- ვიქტორ შაიტარი
- დათა ქაჯაია
ძარიანი ავტომობილების კლასი:
- GT Unlimited -სანდრო ცხადაძე
- GT Unlimited -გიორგი ფირცხალაიშვილი
- GT Unlimited - შაკო ციხელაშვილი
- Mono კლასი დავით მენთეშაშვილი
- Mono კლასი დავით ჩხიკვიშვილი
- Mono კლასი სანდრო ლომაძე
„დღევანდელი შეჯიბრი იყო ერთგვარი გახურება ოფიციალური ჩემპიონატის და ზოგადად საავტომობილო შეჯიბრებების სეზონის დაქოქვამდე. მიხარია, რომ ამ დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შედეგი ქართველი მრბოლელებისთვის ასეთი წარმატებით დასრულდა და პრესტიჟული ჯილდო ქართველებმა არ დავთმეთ. ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებული ვართ. წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე აზარტული და საინტერესო, რადგანაც ვგეგმავთ 3 ავტომობილის გათამაშებას და ეს ამბიციური განაცხადი საკმაოდ წამახალისებელი გარემოება იქნება ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის“ - აცხადებს ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
უამინდობის მიუხედავად, რბოლას უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა და დაძაბული ასპარეზობის ნებისმიერ მონაკვეთს ავტოდრომზე დამონტაჟებული გრანდიოზული ეკრანის და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით თვალყურს ონ-ლაინ რეჟიმში ადევნებდა.
საავტომობილო სპორტის სეზონი წლეულს ყველაზე დატვირთული იქნება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში 11 აპრილს ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება და 2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის გამოქვეყნება იგეგმება.







