ჭიდაობა

10:43 | 12.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა კლასიკოსები მსოფლიომდე გლდანში ვარჯიშობენ

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები უმალ მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ადეიშვილმა შეგირდები გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში შეკრიბა. ვარჯიშები 18 ივლისამდე გასტანს, 19-ში კი, ქართული გუნდი უკვე ბუდაპეშტში იქნება, სადაც 20-25 ივლისს გაიშლება ხალიჩა და პირველი-ორი დღე ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. ევროპირ-ველობას 3-4 ივლისს ბულგარეთის ქალაქმა სამოკოვმა უმასპინძლა და ქართველმა კლასიკოსებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას აჯობეს. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვასილ იმერლიშვილი ჩემპიონი გახდა, ხოლო თორნიკე მახარაძე (50 კგ) და საჩინო დავითაია (66 კგ) გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ვლადიმერ ადეიშვილი “მსოფლიო სპორტს” ჩავლილი და მომავალი შეჯიბრების შესახებ ესაუბრა
- საერთო შედეგით, ცხადია, კმაყოფილი იქნებით. კონკრეტულად მოჭიდავეების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- გუნდურ ჩათვლაში ყველას ვაჯობეთ და ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და შედეგი პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ერთსულოვნებამ განაპირობა. მინდა მადლობა ვუთხრა მწვრთნელებს - ზაზა სილაგაძესა და ვილიამინ ხარაზოვს, რომლებსაც ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ყველას ჭიდაობით ერთნაირად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მათთვის რომ დამატებითი პრობლემა მსაჯებს არ შეექმნათ, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა.
- კონკრეტულად ვინ დაიჩაგრა?
- მახარაძეს და დავითაიას ოქროები აშკარად წაართვეს. მინდია წულუკიძე (55 კგ) და არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში დაიჩაგრნენ.
- იმერლიშვილისგან ელოდით ოქროს მედალს?
- ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. იგი გამოცდილი მოჭიდავეა. ჯერ კიდევ შარშანწინ ირიცხებოდა ახალგაზრდულ ნაკრებში, შარშან კი, ტრავმიანობის გამო ამოვარდა და მის ნაცვლად შემადგენლობაში შეყვანილი ვლადიმერ ქარჩავა ევროპის ჩემპიონი გახდა. დაგვიბრუნდა იმერლიშვილი და 96 კილოგრამში ოქრო საქართველოს დარჩა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის¬თვის ევროპირველობაზე ნაჭიდავები შემადგენლობის შეცვლას გეგმავთ?
- ამ ორ ჩემპიონატს შორის ისეთი პატარა დროის შუალედია, თანაბარი შიდა კონკურენციის შემთხვევაში, ბულგარეთში ნამყოფ ბიჭებს ამჯერად დატვირთვას ავარიდებდი და უნგრეთში სულ სხვა მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ გუნდს წავიყვანდი. ამ პირობებში კი მხოლოდ ორ ცვლილებას განვახორციელებთ. 60 კილოგრამში ხარაბაძის მაგივრად გოგა გოგიბერაშვილს დავაყენებთ, ხოლო მძიმე წონაში, შოთა გოგისვანიძეს, ძმა სერგო შეცვლის, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია. 50 კილოგრამში კი სულაც, მონაწილე არ გვეყოლება. მახარაძეს ასე სწრაფად, ზედიზედ ორჯერ წონას ვერ დავაკლებინებ. მის სრულფასოვან კონკურენტს კი ვერ ვხედავ.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის როგორ ემზადებით?
- გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში გაფართოებული შემადგენლობა შევკრიბეთ. ბიჭებს ძალების აღსადგენად სულ რაღაც ერთი კვირა რჩებათ და ვეცდებით, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.090635