საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვასილ იმერლიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ევროპირველობას კლასიკოსები ასრულებენ. ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში დღეს გამოვლინდნენ, 4-ში კი, ხვალ გათამაშდება მედლები.
იმერლიშვილი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა, შემდეგ კი, ხორვატ ტომისლავ ლავრიჩს გადაჰყარა. ქართველმა უპრობლემოდ, ორ სეტში იმარჯვა. ასევე სეტისწაუგებლად ჩამოიშორა ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, რუსი ზელიმხან ბელხოროევი და ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენიც, რის შედეგად ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ვასილ იმერლიშვილი გერმანელ კოსკუნ ეფეს დაუპირისპირდა და მოსაგებად მე-3 სეტი დასჭირდა. შეგახსენებთ, 96 კილოგრამში შარშანაც საქართველოს ნაკრების წევრი ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. თბილისის სპორტის სასახლეში ვლადიმერ ქარჩავა გაჩემპიონდა.
50 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე მახარაძეს ევროპის ჩემპიონობამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. იმერლიშვილის მსგავსად, მასაც დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდულ ნაკრებში. ფინალის გზაზე, მახარაძემ ნორვეგიელი პალ ეირიკ გუნდერსენი, პოლონელი პატრიკ ადრიან რუძკი და ბულგარელი ნიკოლაი ივანოვ ვიჩევი დაჩაგრა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი, აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის ვერაფერი მოუხერხა.
დღესვე მედლები 60 და 74 კილოგრამებშიც გათამაშდა. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან ხალიჩაზე ქემალ ხარაბაძე (60 კგ) და უშანგი ჩიტიაშვილი (74 კგ) გავიდნენ. ხარაბაძემ იტალიელი ლორენცო ჯენტილეს ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუს ილდუშ იამაკოვთან წააგო. ჩიტიაშვილისთვის კი, დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი ნიამადინ იბრაგიმოვი აღმოჩნდა.
პირველი დღის შედეგების დაჯამების შედეგად, გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებები ლიდერობენ, 21-21 ქულით. უკრაინელებმა 17 ქულა დააგროვეს, რუსებმა და თურქებმა 16-16.
ხვალ ევროპის ჩემპიონატში მინდია წულუკიძე (55 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, წულუკიძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ოღონდ 50 კილოგრამში.
ევროპის ჩემპიონატი
სამოკოვი. 3 ივლისი
1. ელდანიზ აზიზი (აზერბაიჯანი)
2. თორნიკე მახარაძე (საქართველო)
3. ნიკოლაი ივანოვ ვიჩევი (ბულგარეთი)
3. ტოლგაჰან კარატაში (თურქეთი)
1. კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2. ლენურ ტემიროვი (უკრაინა)
3. ჰასან ტაშინ ოზკული (თურქეთი)
3. ილდუშ იამუკოვი (რუსეთი)
1. ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
2. იან ალექსანდერ იერსგრინი (შვედეთი)
3. მატეუშ ლუკაშ ვოლნი (პოლონეთი)
3. ბილან ნალგიევი (რუსეთი)
1. ვასილ იმერლიშვილი (საქართველო)
2. კოსკუნ ეფე (გერმანია)
3. გეორგი რიჟმაიერი (ბულგარეთი)
3. ზელიმხან ბელხაროევი (რუსეთი)







