ჭიდაობა

9:58 | 12.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეები თურქეთის ავტობუსში ავიდნენ

გუშინ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები თურქეთში გაემგზავრნენ. 14-16 მაისს ნუგზარ სხირელისა და ვლადიმერ ადეიშვილის გუნდები ანკარას საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. მწვრთნელებმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით სათურქეთოდ გაფართოებული შემადგენლობები ჩამოწერეს და დაახლოებით 40-კაციანი ქართული დელეგაცია ანკარას გზას ავტობუსით დაადგა.
წინასწარი გეგმის მიხედვით, ანკარას ტურნირზე ქართველები გაცილებით მცირერიცხოვანი შემადგენლობით უნდა ჩასულიყვნენ. ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ციკლის დაწყებისას მწვრთნელები აცხადებდნენ, რომ სავარაუდოდ თურქულ შეჯიბრს წონის ლიდერობის უმთავრეს კანდიდატებს დაუთმობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც აპრილში, აზერბაიჯანულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებების გამოსვლა გამოირიცხა, თურქული განაცხადის გაფართოება გადაწყდა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ჭაბუკებთან მიმართებაშიც. ამ ასაკობრივი ჯგუფის ნაკრებებისთვის ბაქოს ტურნირი კუშადასში 4-6 ივნისს ჩასატარებელი შეჯიბრით ჩაანაცვლეს.
ანკარაში გამგზავრებამდე ახალგაზრდულმა გუნდებმა ორკვირიანი შეკრებების გავლა მოასწრეს. ნუგზარ სხირელმა კანდიდატები ვარიანის სპორტულ ბაზაზე ავარჯიშა, ხოლო ვლადიმერ ადეიშვილმა დუშეთში.
თურქეთში საქართველოს დროშით სულ 35 ახალგაზრდა იჭიდავებს (17 თავისუფალი და 18 ბერძენ-რომაელი). თავისუფლებს სხირელის გარდა ჯონი ლორია უხელმძღვანელებს, ხოლო ადეიშვილს ასისტენტობას ზაზა სილაგაძე გაუწევს. შეჯიბრს ქართველი მსაჯი ედნარ ლომანაძეც მოემსახურება.
2010 წლის ახალგაზრდული ევროპირველობა 29 ივნისიდან 4 ივლისამდე ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს 20-25 ივლისს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.
აქვე შემადგენლობებიც:

თავისუფალი
50 კგ – ლაშა ტალახაძე
55 კგ – ლაშა ლომთაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
60 კგ – თენგიზ ჩოჩიშვილი და ვასილ მამულაშვილი
66 კგ – დავით ტლაშაძე და კონსტანტინე ხაბალაშვილი
74 კგ – დავით ხუციშვილი და ვანო ახალმოსულიშვილი
84 კგ – დავით მარსაგიშვილი და მამუკა კორძაია
96 კგ - თორნიკე ხიდეშელი, ომარ გუსოშვილი და შოთა მეტრეველი
120 კგ – ლევან ბერიანიძე, ვალერი გზირიშვილი და გიორგი საკანდელიძე

ბერძნულ-რომაული

50 კგ – თორნიკე მახარაძე
55 კგ – მინდია წულუკიძე და გოგა გოგიბერაშვილი
60 კგ – გოგიტა გოგიბერაშვილი და ქემალ ხარაბაძე
66 კგ – საჩინო დავითაია, თორნიკე ნაჭყებია, დავით ტაკაშვილი და გიორგი დავითაია
74 კგ – უშანგი ჩიტიაშვილი, ზურაბ დათუნაშვილი და რევაზ ნადარეიშვილი
84 კგ - არსენ კახაბრიშვილი და დავით ჩაკვეტაძე
96 კგ – ბექა ჩოფლიანი და ირაკლი ქაჯაია
120 კგ – სერგო გოგისვანიძე და შოთა გოგისვანიძე

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.095504