თურქეთის ქალაქ ანკარაში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირზე ორ დღეში ექვს წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები შეჯიბრზე გაფართოებული შემადგენლობით გამოდიან და ეს შედეგებზეც აისახა. განსაკუთრებით თავისუფალი სტილის მიმდევრები ყოჩაღობენ. ნუგზარ სხირელის გუნდმა უკვე 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ადეიშვილის მიერ დარიგებულ ბერძენ-რომაელთაგან კი, ნაკრების 3 კანდიდატი ავიდა კვარცხლბეკზე და სამივე მე-3 საფეხურზე.
სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 15 მაისს, ორივე სტილის სამ-სამ წონით კატეგორიაში – 50, 66 და 96 კილოგრამებში გათამაშდა მედლები. სხირელის შეგირდებიდან შედეგიანად მხოლოდ თორნიკე ხიდეშელმა (96 კგ) იჭიდავა. მან შეჯიბრი წაუგებლად ჩაამთავრა და ოქროს დაეუფლა. ვინაიდან ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხოლოდ ჩემპიონ-პრიზიორთა სიაა განთავსებული, უმედლოდ დარჩენილთა გამოსვლის შესახებ ვერაფერი შევიტყვეთ. გუშინწინ, ხიდეშელის გარდა, ხალიჩაზე ლაშა ტალახაძე (50 კგ), დავით ტლაშაძე, კონსტანტინე ხაბალაშვილი (ორივე 66 კგ), ომარ გუსოშვილი და შოთა მეტრეველი (96 კგ) უნდა გასულიყვნენ.
ვლადიმერ ადეიშვილის გუნდმა 15 მაისს 2 ბრინჯაო მოიპოვა. სამეულში თორნიკე მახარაძე (50 კგ) და ბექა ჩოფლიანი (96 კგ) შევიდნენ. უმედლოდ კი, ფედერაციის მიერ მოწოდებული შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, საჩინო დავითაია, გიორგი დავითაია, თორნიკე ნაჭყებია, დავით ტაკაშვილი (ყველა 66 კგ) და ირაკლი ქაჯაია (96 კგ) დარჩნენ.
16 მაისს, ხალიჩაზე 55, 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები გავიდნენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის სამივე წონაში ქართველები გახდნენ ჩემპიონები. 55-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იპირველა, 74-ში – დავით ხუციშვილმა, ხოლო მძიმე წონაში – ლევან ბერიანიძემ. 120 კილოგრამში სულაც ქართული ფინალი შედგა და ვერცხლს გიორგი საკანდელიძე დაეუფლა. კვარცხლბეკს მიღმა ლაშა ლომთაძე (55 კგ), ვანო ახალმოსულიშვილი (74 კგ) და ვალერი გზირიშვილი (120 კგ) დარჩნენ.
კლასიკოსთაგან საპრიზო სამეულში მარტო 74 კილოგრამში მოჭიდავე უშანგი ჩიტიაშვილი შევიდა, მე-3 პოზიციით. მის გარდა, შეჯიბრში მონაწილეობა მინდია წულუკიძეს, გოგა გოგიბერაშვილს (ორივე 55 კგ), ზურაბ დათუნაშვილს, რევაზ ნადარეიშვილსა (74 კგ) და სერგო და შოთა გოგისვანიძეებს (120 კგ) უნდა მიეღოთ.
დღეს საქმეში 60 და 84-კილოგრამიანი მოჭიდავეები ჩაერთვებიან. ნუგზარ სხირელს განაცხადში თენგიზ ჩოჩიშვილი, ვასილ მამულაშვილი (60 კგ), დავით მარსაგიშვილი და მამუკა კორძაია (84 კგ) ჰყავს შეყვანილი, ხოლო ვლადიმერ ადეიშვილს – ქემალ ხარაბაძე, გოგიტა გოგიბერაშვილი (60 კგ), არსენ კახაბრიშვილი და დავით ჩაკვეტაძე (84 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე







