საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე ექვს მონაწილე გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
მოსკოვში ჩატარებულ გუნდურ შეჯიბრზე ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებულმა ქართულმა შვიდეულმა, ქვეჯგუფში, თურქეთთან და ბელარუსთან ბრძოლაში მე-2 ადგილი დაიკავა და დღეს, მეორე ქვეჯგუფის მეორეადგილოსან უკრაინას ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად დაუპირისპირდა.
რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ეს შეხვედრა უკრაინელებმა 5:2 მოიგეს. ამავე ქვეყნის ნაკრებმა ირგუნა ბრინჯაო ბერძნულ-რომაულ სტილშიც. ჩემპიონი კი, ორივე სტილში, მასპინძელთა ნაკრები გახდა. თავისუფალში მასპინძლებმა ფინალში თურქებს აჯობეს, ხოლო ბერძნულ-რომაულში – აზერბაიჯანს.
ოთარ მაღლაკელიძე







