ლონდონის ოლიმპიადის ბოლო დღეებში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრების პარალელურად, ბერლინში ახალგაზრდა ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი - ევროპის თასი გაიმართა. მისადმი ინტერესი, ცხადია, ოლიმპიურმა ციებ-ცხელებამ გადასძალა, მაგრამ ქართველი ახალგაზრდების წარმატებული ჭიდაობის აღნიშვნა თუნდაც რამდენიმედღიანი დაგვიანების მიუხედავად, აუცილებლად ღირს.
გია გუგავას გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები გერმანიიდან 7 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაბრუნდა. 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო - ასეთია მონაგარი.
ვაჟა მარგველაშვილმა (60 კგ), ლევან გუგავამ (73 კგ) და გურამ თუშიშვილმა (100 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი შედგა – თუშიშვილმა გიორგი ქავთარაძეს აჯობა. ამ უკანასკნელის მსგავსად, ვერცხლის მედალი რევაზ წულუკიძემაც (90 კგ) მოიპოვა, ხოლო ლაშა ტაველურმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.
ოთარ მაღლაკელიძე







