25-27 მაისს ანკარაში ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ტრადიციულად, ხვავრიელად იჭიდავეს. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ნუგზარ სხირელმა და ვლადიმერ ადეიშვილმა თურქეთში გაფართოებული შემადგენლობები იახლეს, რითაც ნაკრების კანდიდატებს შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობის დამტკიცების საშუალებაც მისცეს.
"თავისუფლები" თბილისში 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ბრუნდებიან. ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს ლაშა ტალახაძემ (55 კგ), ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) და ომარ გუსოშვილმა (96 კგ). ლევან ქელეხსაშვილი (66 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (120 კგ) ფინალამდე მივიდნენ და ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებები დააკლდათ. ლაშა ბითარაშვილი (60 კგ) და ზურაბ იაკობაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.
კლასიკოსთა ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაოა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იაკობ ქაჯაია (96 კგ) და ლევან არაბული (120 კგ) ავიდნენ, ამ უკანასკნელმა ფინალში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე დაამარცხა და სავარაუდოდ, ევროშემადგენლობის მიღმაც დატოვა. ხოლო ბექა ბალანჩივაძემ (50 კგ), რამაზ სურმანიძემ (55 კგ), ფირუზ წულუკიძემ (60 კგ), ლაშა გობაძემ (74 კგ), რობერტ კობლიაშვილმა (84 კგ) და კუკური კირცხალიამ (96 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.
თურქული ტურნირი ქართველი ახალგაზრდებისთვის ბოლო რეპეტიცია იყო 19-24 ივნისს ხორვატიაში ჩასატარებელი ევროპირველობის წინ. ანკარიდან დაბრუნებული გუნდები უახლოეს დღეებში დასკვნით შეკრებაზე გადავლენ და სწორედ ამ შეკრებაზე გამოაცხადებენ მთავარი მწვრთნელები შემადგენლობებს.
ოთარ მაღლაკელიძე







