ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, გუშინ მოპოვებულ 2 ვერცხლს, დღეს კიდევ 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მიამატეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი ხელიდან ფრიდონ გიგანმა (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (81 კგ) გაუშვეს. გიგანი ფინალში პოლონელ დამიან ზვარნოვიცკისთან დამარცხდა, ხოლო ღვინიაშვილი კი, საბერძნეთის ნაკრების წევრ ალექსიოს ნტანაციდისთან. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ლევან გუგავა ავიდა. რეპეშაჟის ფინალში, მან სლოვენიელ იგორ პოტპარიჩს აჯობა.
დღესვე, ხორვატიულ ტატამზე ბექა დონღვანმაც იჭიდავა, მაგრამ ტურნირს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ხვალ კი, საქმეში ბოლო სამ წონაში მოჭიდავე ქართველები ჩაერთვებიან. 90 კილოგრამში ლაშა ტაველური და რეზო წულუკიძე იჭიდავებენ, 100-ში, გურამ თუშიშვილი და გიორგი ქავთარაძე, ხოლო მძიმე წონაში კი, ლევან მატიაშვილი და როსტომ ხახალეიშვილი.
ოთარ მაღლაკელიძე







