ევროპის სამდღიანი ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი წაგებული ფინალით ჩაამთავრა. ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ ექვსმა ძიუდოისტმა იჭიდავა. მათგან კვარცხლბეკზე ორი ავიდა. ერთს კი საპრიზო სამეულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა.
ლერი ჭელიძე (55 კგ) წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში – მერვედფინალში მოახვედრა და ფინალში გასასვლელად სამი შეხვედრის მოგება ეყო. უნგრელ აკოშ ბარტას იუკოთი აჯობა. გაცილებით ძლიერ მეტოქეს, ახალგაზრდებს შორის ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, სომეხ გარიკ ჰარუთინიანს მაშინდელ ფინალში განცდილი მარცხის გამო იპონით აუღო რევანში. ფრანგ ვინსენტ მანკეს კი ბარტას მსგავსად, უმცირესქულიანი ილეთით მოუგო და ფინალში გავიდა. საჩემპიონო ბრძოლის ბედიც ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა – უმსუბუქეს წონით კატეგორიაში ევროპის უძლიერესი ახალგაზრდა ძიუდოისტის ტიტული ბელგიელმა ადრიენ ქერტინმონტმა მოიპოვა, ხოლო ლერი ჭელიძე ზედიზედ მეორედ, ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ვაჟა მარგველაშვილმა (60 კგ) ებრაელი იუვალ კალიფას იუკოთი ძლევის შემდეგ ფინალამდე იპონ-იპონ ჩამოიცილა ფრანგი კევინ აზემა, ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი და იტალიელი კარმინ მარია დი ლორეტო. ხოლო შემდეგ რუსეთის სახელით მოჭიდავე ზაურ კალაშოვთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ბექა ვიბლიანმა (66 კგ) ევროპირველობა მეხუთე ადგილით დაასრულა. ძირითად ბადეს ჰოლანდიელ ხორდი ბაკესთან მეოთხედფინალში წაგებით გამოეთიშა. იქამდე ესტონელი ოსკარ პერტელსონი და ლატვიელი მიხალის შტეინბუკსი ჩამოიშორა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი სერბი ილია ციგანოვიჩის ძლევის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ჯუნიორ დეგინს გადაეყარა და ვერც მასთან გახდა რამეს.
დღესვე საქმეში მინდია ღოლიჯაშვილი (55 კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ბექა ტუღუშიც (66 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამივე მერვედფინალში დამარცხდა და შესაბამისად, ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.
ღოლიჯაშვილი იტალიელ ლუკა კავალოს ორი იუკოთი უგებდა, მაგრამ ჯერ გაფრთხილებებით ერთი იუკო დაკარგა, საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე კი ფეხში შესვლის წესის დარღვევის გამო მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ჩხვიმიანისთვის დაუძლეველი ბარიერი ავსტრიელი ანდრეას ტიფგრაბერი აღმოჩნდა. ამ შეხვედრის ბედი მსაჯებმა ჰანტეითი გადაწყვიტეს. ტუღუში კი იტალიელ მატეო პირასს ვერ გასცდა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ბექა დონღვანი (ორივე 81 კგ) იჭიდავებენ. გუგავა და დონღვანი ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორები არიან ჭაბუკებს შორის. ღვინიაშვილი სულაც ორივე ამ შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა და შარშანვე, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
პორეჩი. ხორვატია
55 კგ
1 ადრიენ ქერტინმონტი (ბელგია)
2 ლერი ჭელიძე (საქართველო)
3 აურელიან კლო (საფრანგეთი)
3 გარიკ ჰარუთინიანი (სომხეთი)
60 კგ
1 ზაურ კალაშოვი (რუსეთი)
2 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3 კამინ მარია დი ლორეტო (იტალია)
3 აჰმეთ საჰინ კაბა (თურქეთი)
66 კგ
1 გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი)
2 ხორდი ბაკესი (ჰოლანდია)
3 ჯუნიორ დეგენი (ჰოლანდია)
3 ნიკოლა გუსიჩი (მონტენეგრო)
5 ბექა ვიბლიანი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







