ჭიდაობა

12:38 | 21.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულ ევროპას თავისუფლები ხსნიან

დღეს სერბეთის ქალაქი ზრენიანინში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება და კვირამდე გასტანს. ტურნირის პირველი ორი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეთმობა, მესამე-მეოთხე დღეს ჩემპიონ-პრიზიორებს გოგონები გამოავლენენ, წერტილს კი შაბათ-კვირას ბერძენ-რომაელები დასვამენ.
ნუგზარ სხირელის გუნდიდან, დღეს ხალიჩაზე ლაშა ტალახაძე (50 კგ), თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ), ბექა პეტრიაშვილი (74 კგ) და თედორე ებანოიძე (96 კგ) გავლენ. ევროპირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.juniorwrestling2011.com) ამ ოთხი წონითი კატეგორიის კენჭისყრის შედეგებიც უკვე გამოაქვეყნეს და ოთხივე ქართველს მეტოქედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენელი ერგო. ამასთან, შეჯიბრებას ოთხივე მერვედფინალით დაიწყებს.
ტალახაძე სომეხ არტაკ ჰოვანესიანს დაუპირისპირდება, ჩოჩიშვილი - მოლდოველ მაქსიმ პეპელიცას, პეტრიაშვილი – უკრაინელ ვიტალი ჟუკოვს, ხოლო ებანოიძე – ლატვიელ ნიკიტა პეტროვსს.
შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე და თენგიზ ჩოჩიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში შარშანაც გამოდიოდნენ და საკმაოდ შედეგიანადაც. ტალახაძემ ევროპირველობაზე მოპოვებულ ბრინჯაოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი დაუმატა. ხოლო ჩოჩიშვილმა პირიქით, ევროპაზე ვერცხლი ირგუნა და მსოფლიოზე - ბრინჯაო. ბექა პეტრიაშვილსა და თედო ებანოიძეს კი ამ რანგის ახალგაზრდულ ტურნირზე აქამდე არასოდეს უჭიდავიათ.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალთა დარჩენილ ოთხ წონაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით, ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გავლენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50 კგ), თორნიკე ტოტიკაშვილი (55 კგ), გოგიტა გოგიბერაშვილი (60 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), დავით ჩაკვეტაძე (84 კგ), სანდრო დიხამინჯია (96 კგ), სერგო გოგისვანიძე (120 კგ).
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.094046